კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ პირებს სივრცის დაგეგმვისა და დიზაინის კურსს სთავაზობს. აღნიშნული სასწავლო ცენტრის მრავალფეროვან პროგრამებს შორის მსგავსი შინაარსის კურსი პირველია. სწორედ ამიტომ, დღეს Homeis.ge ტრენინგ ცენტრის გაყიდვების მენეჯერს, მაია მუშკუდიანს გაესაუბრა:
– ქალბატონო მაია, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი მსმენელებს ახალ კურსს სთავაზობს. ეს არის „სივრცის დაგეგმვა და დიზაინი“. რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულების დამატება?
– ჩვენ ვცხოვრობთ არაჩვეულებრივ დროში, როდესაც ჩვენს თვალწინ იბადება უამრავი ახალი იდეა და ვეძებთ მათი განხორციელების გზებს. დიზაინი დღეს ყველგან არის. ის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ამავე დროს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მსოფლიო ფენომენი. ქართულ ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა ინტერიერის დიზაინის შემსწავლელ კურსებზე. ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა დიზაინის შესწავლა დამოუკიდებლად, მხოლოდ ჟურნალების გადაფურცვლით? – რა თქმა უნდა, არა!
სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება და ინტენსიური კომუნიკაცია ამ სფეროში მომუშავე გამორჩეულ სპეციალისტებთან. ჩვენი სურვილი იყო ისეთი კურსი შეგვედგინა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნებოდა ბაზარზე აქამდე არსებულ კურსებთან შედარებით და ამავე დროს განსხვავებულიც.
– გვიამბეთ კურსის შესახებ. რა თემებზე იქნება გამახვილებული ყურადღება?
– ჩვენს კურსს ჰქვია „სივრცის დაგეგმვა და დიზაინი“, რომელიც მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ასევე საზოგადოებრივ შენობათა ინტერიერის დიზაინის მოწყობას, მათი შემადგენელი ელემენტების დიზაინსა და დეკორაციებს.
ამ პროგრამის მიზანია მსმენელს მისცეს ის ძირითადი, მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი და ამავდროულად საინტერესო ცოდნა, რომელიც საჭიროა ინტერიერის დიზაინერის პროფესიონალად და სრულყოფილად ჩამოყალიბებაში.
პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ სამუშაოებსაც, რომელიც მსმენელს დაეხმარება პროფესიის უკეთ ათვისებაში. კურსის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები.
ჩვენი სასერტიფიკატო პროგრამა 90 საათიანია და შედგება 6 მოდულისგან. კურსის მიმდინარეობისას განხილული იქნება შემდეგი თემები:
- არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლები
- ინტერიერის დიზაინის ძირითადი ასპექტები
- 3D მოდელირება
- Archicad
- ავეჯის დიზაინი
- ღონისძიებებისთვის სივრცის დაგეგმვა და დიზაინი
– როგორც ვიცით, ეს არ იქნება ონლაინ ტრენინგი. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, რომ კურსი რეალურ რეჟიმში წარმართულიყო?
– COVID-19 პანდემიის დასაწყისშივე, ჩვენთან არსებული ტრენინგების 100% გადავიყვანეთ ონლაინ და ჰიბრიდულ რეჟიმზე.
„სივრცითი დაგეგმა და დიზაინი“ ერთადერთი ტრენინგია, რომელიც მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებლად ითხოვდა პრაქტიკული სამუშაოების რეალურ სივრცეში ჩატარებას. კურსს ვიწყებთ 25 მაისს. კომენდანტის საათის გათვალისწინებით.
– გვიამბეთ ტრენერებზე. ვინ გაუძღვება ამ კურსს?
– პროგრამას უძღვებიან გამოცდილი არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელებს.
- მარიამ მენაბდე – არქიტექტურის დოქტორი. კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი. ინტერიერის დიზაინერი;
- სტუდიო ტრიკოლორი – ღონისძიებების დაგეგმვა -მენეჯმენტი, დიზაინი, ვიტრინების დიზაინი, სეტ დიზაინი – ირინა დიხამინჯია, ნინო ტყეშელაშვილი, ნინო კალანდაძე, დოდო ქურციკიძე;
- ტასო რაზმაძე – ავეჯის დიზაინერი.
- ნინო მანჯავიძე – არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი.
- იაგო აფციაური – კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის მოწვეული ლექტორი არქიტექტორი, 3d სპეციალისტი.
- ანი რატიანი – ინტერიერის დიზაინერი . Archicad სპეციალისტი.
– როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდება კავკასიის უნივერსიტეტის აღნიშნული კურსი სხვა მსგავსი ტრენინგებისგან?
– კურსი შედგენილია სივრცითი დიზაინის სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან, რომელთა თემებში ჰარმონიულად არის შერწყმული თეორიული და პრაქტიკული კურსის ნაწილები.
გარდა ინტერიერის დიზაინის ძირითადი მიმართულებების შესწავლისა, ჩვენთან, დამატებით, ბონუსად პროგრამის მსველობისას გათვალისწინებულია მსმენელების თანამონაწილეობა დიზაინერული ავეჯის შექმნაში, ღონისძიებების ორგანიზებაში, კერძო დამკვეთების მიერ მოწოდებული პროექტების დამუშავებასა და სხვა მრავალ აქტივობებში. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით არის ჩვენი კურსი განსხვავებული დღეს ბაზარზე არსებული კურსებისგან.
პროგრამის დასასრულს, თითოეული მონაწილე, მოწვეული ჟიურის თვალწინ, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში წარადგენს მის მიერ შემუშავებულ ინდივიდუალურ პროექტს.
– რა ტიპის აუდიტორიაზეა გათვლილი „სივრცის დაგეგმვისა და დიზაინის“ კურსი?
კურსი გათვლილია ნებისმიერი დაინტერესებულ ადამიანზე, რომელსაც სურს შეისწავლოს ინტერიერის დიზაინის საფუძვლები, განივითაროს არსებული დიზაინის უნარები, შეიძინოს ახალი ცოდნა, გაიფართოვოს ჰორიზონტი, მიაღწიოს ახალ დონეს და დამოუკიდებლად შეძლოს ნებისმიერი სივრცის ინტერიერის დიზაინის შექმნა იმ ძირითადი პრინციპების გამოყენებით, რომლებიც, საბოლოოდ, ჰარმონიული გარემოს ჩამოყალიბებაში ეხმარება.
დამატებითი ინფორმაცია კურსის შესახებ და რეგისტრაციის დეტალები ხელმისაწვდომია კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.