in ,

ქართული სასურსათო პროდუქტის კონცეპტუალური მაღაზია „წერტი“ – Dadiani Architects-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

„წერტი“ ტრადიციული ქართული სასურსათო პროდუქციის ბრენდია, რომელიც უკვე ორი წელია მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ქართულ, ტრადიციულ ნაწარმს. ბრენდის კონცეპტუალური მაღაზია მდებარეობს თბილისში, ყაზბეგის ქუჩა #15-ში და მისი ინტერიერის დიზაინზე Dadiani Architects-მა იმუშავა.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით Homeis.ge დღეს სტუდიის დამფუძნებელს, თორნიკე დადიანს გაესაუბრა:

“ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო კონცეპტუალური მაღაზიის ინტერიერზე მუშაობა, მით უფრო, რომ დამკვეთის მხრიდან გვქონდა მაქსიმალური თავისუფლება, რაც მგონია, რომ საბოლოოდ აისახა მიღებულ შედეგზე.

ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი სასურსათო მაღაზიის კონცეფცია, როგორიც აქამდე თბილისში არ შეგვხვედრია. ასევე, თითოეული პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია მაღაზიაში, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად თანამედროვე სახით მიგვეწოდებინა. ვფიქრობ, ყველაფერი ეს ერთად – ინტერიერი, პროდუქცია და კონცეპტუალური კაფე, ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და მაღაზიის სტუმართათვის სასიამოვნო განწყობას ქმნის.

„წერტი“-ს მთავარი კონცეფცია არის წარმოების მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი, რაც პირდაპირ იკითხება მაღაზიის ინტერიერში მოხვედრისთანავე. მაღაზიის ყველა სტუმარს შესაძლებლობა აქვს, დააკვირდეს წარმოების სრულ ციკლს, რომელიც ინტერიერში მინის გამყოფ კედლებს მიღმა მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერი, ერთი შეხედვით, მსუბუქი და მინიმალისტურია, გამოყენებულია არაერთი განსხვავებული ფერისა და ფაქტურის მასალა. არსებული შენობის ინტერიერში რკინა-ბეტონის მასები დატოვებულია პირვანდელი სახით. ბეტონის მონაცრისფრო ტონი იდეალურად აბალანსებს სხვადასხვა დეტალში გამოყენებულ მრავალფეროვან პალიტრას.

ჩვენი მთავარი მიზანი მაღაზიის მომხმარებლებისათვის ტრადიციული პროდუქციის განსხვავებული ფორმით შეთავაზება იყო. სწორედ ამიტომ, დახლ-მაცივრების სტანდარტული ფასადები, რომლებიც მაღაზიის ინტერიერში ერთიან უწყვეტ მასას წარმოადგენს, დაფარულია გამჭვირვალე, განათებული მინაბლოკის სტრუქტურით. პროდუქტის განსათავსებლად საჭირო ყველა თარო დამზადებულია სამშენებლო არმატურისაგან და დაფერილია სხვადასხვა ფერისა და ტონის საღებავით.

პროექტზე მუშაობის პროცესში გადავწყვიტეთ არსებული მაღალჭერიანი სივრცის ორ ნაწილად დაყოფა და შევქმენით მაქსიმალურად ჰაეროვანი და მსუბუქი კონსტრუქცია, რომელზეც განთავსებულია „წერტი“-ს კონცეპტუალური კაფე. ეს ორი დამოუკიდებელი სართული ერთმანეთს უკავშირდება ლითონის მასიური სპირალური კიბით, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ინტერიერის ერთ-ერთ მთავარ დომინანტს.

ასევე, ჩვენ მიერაა შექმნილი „წერტი“-ს ლოგო, რომელიც გამომდინარეობს ბრენდის მთავარი იდეიდან – „ჯანსაღი წერტილი ქალაქში.”

არქიტექტურული სტუდია: Dadiani Architects / თორნიკე დადიანი

ფოტოები: NakaniMamasakhlisi Photo Lab

დიზაინში დაშვებული შეცდომები და “პინტერესტი” – ნატალია დავითაშვილის გიდი

PLEASE WAIT to be SEATED – ორიგინალური სტილის მქონე დიზაინის “თავაზიანი” ბრენდი