ანი პირველი ღონისძიების ორგანიზატორია. როგორც ის გვიამბობს, მას ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არასდროს ჰქონია. თუმცა, იყო პერიოდი, როდესაც M group-ში მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის საკითხები ეხებოდა, დიზაინის ნაწილშიც ყოველთვის ჩართული იყო. რაც შეეხება ჩვენი რესპონდენტის ამჟამინდელ საქმიანობას, ის პირდაპირ კავშირშია დიზაინის სფეროსთან. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ ანის სახლი განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა.
როგორც ჩვენი მასპინძელი გვიამბობს, მან ბურკიაშვილის ქუჩაზე მდებარე ეს სახლი სამი წლის წინ შეიძინა. ანის ბავშვობა მთაწმინდაზე, იტალიურ ეზოში აქვს გატარებული. შემდგომ იყო პერიოდი, როდესაც ის კორპუსის ბინაში გადავიდა, მაგრამ როგორც იხსენებს, ძალიან გაუჭირდა იქ ცხოვრება და ისევ საკუთარ სახლზე ოცნება დაიწყო.
“ამ სახლის ყიდვის ისტორია უცნაური იყო. ყიდვას არ ვჩქარობდი, უბრალოდ ამ მიმართულებით ვმოძრაობდი… ერთ დღეს კი მოგზაურობისას მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ საკუთარი სახლი იყიდებოდა და ნახვა შემომთავაზა. იმ დროს საქართველოში არ ვიყავი და ჩემს მაგივრად მისვლა და ჩემთვის ტელეფონით ჩვენება ვთხოვე. იმდენად მომეწონა ნანახი, რომ ვუთხარი – როცა ჩამოვალ, მაგ სახლს 90 პროცენტი ვიყიდი მეთქი. სახლმა, ადგილმა და პატარა ეზომ მომხიბლა. ასე ტელეფონით გადავწყვიტე სახლის ყიდვა, რამაც გაამართლა. საკუთარ სახლზე ვოცნებობდი და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მან თავისით მიპოვა.”
“ბავშვობაში მთაწმინდაზე, ჭავჭავაძის ქუჩის აღმართის ბოლოში ვცხოვრობდი და აქაც, ახალ სახლში, აღმართზე პატარა ქუჩა ამოდის – ზუსტად ჩემი ბავშვობის ქუჩის მსგავსად. მთაწმინდაზე ცხოვრებისას თბილისის გაშლილ ხედს ვიყავი მიჩვეული, კორპუსში გადასვლისას ცოტა “ჩავიხუთე”, ახალ სახლში კი წინ ზუსტად ისეთი გაშლილი სივრცეა თბილისზე, როგორიც მთაწმინდაზე იყო, ვინაიდან სახლი მაღალზე დგას და ქალაქს ზემოდან გადაჰყურებს. ძალიან მომწონს აქაურობა, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი.”
შეძენის მომენტში სახლი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო. თუმცა, როგორც ანი გვიამბობს, ეს ერთ-ერთი მიზეზთაგანია, თუ რატომაც მოეწონა ეს სივრცე მას – ის თავიდან ბოლომდე მის ნება-სურვილზე მორგების საშუალებას აძლევდა ახალ მეპატრონეს.
“თავდაპირველი წყობიდან არაფერი დარჩა. ფაქტობრივად, შავი კარკასიდან დავიწყე ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია ტექნიკურ საკითხებთან, რემონტთან, კონსტრუქციებთან და მათ აწყობასთან შეხებას მოითხოვს, ამან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. არც იმდენი ცოდნა ან გამოცდილება მქონდა და არც დრო, რომ ყველაფერი ნულიდან გამეკეთებინა: ძველი ტიხრების ნგრევა და ახლის აღმართვა, აშენება, წყობის შექმნა, ახლიდან დაგეგმარება და ა.შ. ჩემი გამოცდილება ამის კეთების საშუალებას არ მაძლევდა, არ მქონდა საკმარისი კომპეტენცია და ამიტომ ამის კარგი მცოდნე მეგობარი დამეხმარა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის ეს საკმაოდ მძიმე პროცესი აღმოჩნდა. სახლი სულ 120 კვადრატულია, მაგრამ რემონტს საკმაოდ დიდი დრო, წელიწადნახევარი დასჭირდა. ძირითადი გამოწვევა ის იყო, რომ ჩემი ბინის შეძენიდან რამდენიმე თვეში პანდემია დაიწყო და გარდა იმისა, რომ მთელ მსოფლიოში კორონა მძვინვარებდა, ჩემთან დასაქმებულ ხელოსნებს სამუშაოს „გაჯანჯლების“ კარგი მიზეზი მიეცათ. ყოველ ორ თვეში ან მათ, ან თავიანთ რომელიმე ოჯახის წევრს კორონა „ემართებოდა“. ყოველთვის ყველაფრის მიზეზი კორონა იყო. ერთი სიტყვით, ვინც ამ სახლზე მუშაობდა, ყველამ კორონა მოიხადა (იცინის).”
რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ანის რაიმე წინასწარ განსაზღვრული გეგმა არ ჰქონია. მას არც პროფესიონალი დიზაინერის მომსახურებით უსარგებლია, თუმცა, აქტიურად იღებდა რჩევებს იმ მეგობრებისგან, ვისაც ამ საკითხში ენდობა. საბოლოო ჯამში, ძირითადად ყველაფერი თავად შექმნა. მისი შთაგონების წყარო კი ის ადგილები გახდა, სადაც უმოგზაურია. ეს იყო მცდელობა, რომ ყველა საყვარელი დეტალი საკუთარ ინტერიერში გადმოეტანა. და ეს მცდელობა საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
“ინტერიერში არანაირი სტილით არ მიხელმძღვანელია. გავაკეთე ის და ისე, როგორც მომწონს. აქ არის ბევრი სარკე და ისეთი ნივთი, რომელსაც თავისი პატარა ისტორია აქვს და ძვირფასია ჩემთვის. თითქმის არცერთი სურათი არ მიყიდია და ეს ძალიან მახარებს. ყველა ჩემი მეგობრების ნაჩუქარია და თითოეულს კონკრეტული დატვირთვა აქვს. სახლი ისეთი რამაა, რომ ბოლომდე ვერასდროს შეავსებ. ყოველთვის დავდივარ მშრალ ხიდზე, ავეჯის მაღაზიებში და მოწონებული ნივთების დამატებას ვცდილობ.”
“ჩემთვის ეს სახლი ძალიან კარგი გამოვიდა. ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც აქ ვცხოვრობ, მაგრამ ყოველი დღით კმაყოფილი ვარ და ეს გრძნობა არ მტოვებს. სხვათა შორის, სტუმრებიც აღნიშნავენ, რომ ძალიან კომფორტულია აქაურობა. ჩემი სუბიექტური აზრით, ათ ქულიანი სისტემით, ამ სახლს ათივე ქულას მივანიჭებდი.”
“დღის განმავლობაში სახლიდან გასვლა და დაბრუნება ძალიან ხშირად მიწევს. აქ ჩემი სამუშაო სივრცეცაა. სწორედ ამიტომ, ესეც გავითვალისწინე და შესაბამისი კუთხეც მოვაწყვე. ძალიან მშვიდია ეს ადგილი, ამ ქუჩაზე დიდი კორპუსები არ არის, ორ სართულიანი პატარა სახლები დგას. შესაბამისად, აქ უბრალო გამვლელი იშვიათად მოდის, ძირითადად აქაური მაცხოვრებლები არიან, რომლებიც უკვე ათეულობით წელია აქ ცხოვრობენ და ყველა ერთმანეთს იცნობს. ასე რომ, დიდი ოჯახივით ვართ. სახლიდან რომ გადიხარ, ყველა გიღიმის, შენს ამბავს გულით კითხულობს. აქ ფაქტობრივად, ძველი „თბილისური“ ურთიერთობებია შენარჩუნებული. პირველ რიგში, ეს მომწონს და კიდევ ის, რომ ქალაქგარეთ ყოფნის განცდაა და ამავე დროს ცენტრთან ძალიან ახლოს ხარ. ზაფხულში აქ ჩიტების ჭიკჭიკი და ადამიანების საუბარი ისმის მხოლოდ. სამოთხის პატარა კუნძულია.
“ზოგადად, სახლი ჩემთვის ძალიან კომფორტული ადგილია, რომელიც ძალიან მიყვარს. სამუშაო სივრცეც კომფორტულად მოვაწყვე. ეს ყველანაირი სიტუაციისთვის გათვლილი ადგილია… სახლი ჩემთვის სამყაროს ცენტრია, სადაც ვიღვიძებ და მოქმედებას ვიწყებ. ეს არის ადგილი, სადაც დღის პირველი ემოცია იწყება. სახლი არის იქ, სადაც ბრუნდები,” – ანი პირველი
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე