in

დალაგების 5 საშუალება, რომლებიც იმედებს არ ამართლებს

თუ თქვენ იატაკის თოკებიანი საწმენდის, სარეცხ საშუალებასთან კომბინირებული ჯაგრისის ან დამატენიანებლიანი იატაკის საწმენდი ჩვარის შეძენას ფიქრობთ, გირჩევთ ეს სტატია წაიკითხოთ და კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ.

1. იატაკის თოკებიანი საწმენდი

პირველი ნაკლი ისაა, რომ სითხეს ცუდად იწოვს და არ აკავებს, შესაბამისად, იატაკზეც ბევრ წყალს ტოვებს. მისი საშუალებით დარჩენილი გუბეების მოწმენდა რთულია, ხისა და ლამინატის საფარისთვის კი წყალი – დამღუპველი. გარდა ამისა, ასეთი ჩვარი მტვერს იატაკზე ზელს და გაშრობის შემდეგ უფრო რთულ მოსაწმენდს ხდის.

რით შევცვალოთ?

საუკეთესო ვარიანტია იატაკის საწმენდი მიკროფიბერითა და მექანიკური საწურით. ის შესაძლებელია გლუვი ან 3-5 სანტიმეტრიანი ბეწვით იყოს დაფარული. მიკროფიბრა საგრძნობლად უკეთესად იწოვს წყალს,  იატაკზე ზოლებს არ ტოვებს და ადვილად ირეცხება.

2. რობოტი მტვერსასრუტი სველი წმენდის ფუნქციით

რობოტი-მტვერსასრუტი დალაგების მოხერხებული და პრაქტიკული საშუალებაა. ზოგიერთი მოდელი სველი წმენდის ფუნქციას ფლობს. ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს მტვერსასრუტის ძირზე მიკრული მიკროფიბერის პატარა ტილოა. ის სწრაფად ისვრება და ჭუჭყს უფრო ზელს ვიდრე წმენდს.

რით შევცვალოთ?

შესაძლებელია სველი და მშრალი წმენდის დაყოფა. ამ შემთხვევაში მტვერსასრუტის ძირზე მიმაგრებული ტილოსთვის ზედმეტის გადახდა არ მოგვიწევს. თუ რობოტი ყოველდღე მშრალად ალაგებს, კვირაში ერთხელ ჩატარებული სველი წმენდა ბინისთვის სავსებით საკმარისი იქნება.

თუ თანხა არ გენანებათ, შესაძლებელია იატაკის სველი რეცხვის ფუნქციის მქონე მტვერსასრუტის შეძენა. როგორც წესი, ასეთ მოდელებს ორი რეზერვუარი აქვთ: სუფთა და ბინძური წყლისთვის. პირველი რეზერვუარიდან წყალი იატაკზე ხვდება, რაზეც მტვერსასრუტი გადაივლის და ჭუჭყს გადარეცხავს. საბოლოოდ, მორეცხილი წყალი მეორე რეზერვუარში გროვდება.

3. იატაკის საწმენდი დამატენიანებლით

მწარმოებლები მას ისე წარადგენენ, როგორც იატაკის ავტომატურ საწმენდს, რომელიც დალაგებას ამარტივებს. პრაქტიკაში რეზერვუარი არასდროსაა საკმარისი, რომ წყალი მთელ ბინას ეყოს. რის გამოც დალაგების პროცესში იძულებული გახდებით რეზერვუარი რამდენჯერმე აავსოთ. წყლის გასაწმენდად ის თქვენგან წინ უნდა ამოძრაოთ, რაც წმენდის დროს არც ისე მოსახერხებელია. ტილო ჭუჭყიანდება, ამიტომ წმენდისას მისი რამდენჯერმე მოხსნა და გარეცხვაა აუცილებელი.

რით შევცვალოთ?

დალაგების დროის შესამცირებლად, შესაძლებელია ვერტიკალური, მრეცხავი მტვერსასრუტის შეძენა. უფრო ბიუჯეტური ვარიანტი ზემოთხსენებული მიკროფიბრიანი იატაკის საწმენდია. დალაგების დროის შემცირებისთვის შესაძლებელია ჩვრების კომპლექტის შეძენა და დალაგების დროს მათი ცვლა, დასრულების შემდგომ კი ყველას ერთად გარეცხვა.

4. ჭურჭლის სარეცხი ჯაგრისი სარეცხი საშუალებით

ისიც არ ამართლებს მოლოდინს. თუ მასში ჭურჭლის სარეცხ საშუალებას ჩავასხამთ, ის ძალიან მალე გათავდება. ხოლო თუ მას წყლით გავაზავებთ, საკმარისად აღარ აქაფთება. თუ ჯაგრისის ბეწვი უხეშია, ის სპეციალური საფარით დაცული ქვაბების ყოველდღიური რეცხვისთვის არ გამოდგება. ამ საშუალების ხელში ჭერაც მოუხერხებელია.

რით შევცვალოთ?

ჯერ ჯერობით ღრუბელი ჭურჭლის რეცხვის საუკეთესო უნივერსალურ საშუალებად რჩება. შესაძლებელია სილიკონის ბრტყელი ჯაგრისების მოსინჯვა, ის ღრუბელზე გაცილებით გამძლეა. ჩვეულებრივი სახელურიანი ჯაგრისები უმჯობესია ძლიერი დაბინძურების ან ბოთლების რეცხვის დროს გამოვიყენოთ. ზედმეტი ფულის გადახდა წყლისა და საპნის რეზერვუარისთვის ნამდვილად არ ღირს.

5. პატარა ჯაგრისი

მას ძნელად მისაღწევი ზედაპირების გასაწმენდად იყენებენ, მაგალითად როგორიც კომპიუტერის კლავიატურა და დივანის გადასაკრავია. პრაქტიკაში კი მისი საშუალებით ფაქტიურად შეუძლებელია დიდი დივანის გაწმენდა. კლავიატურაში ჩარჩენილ ნაწილაკებს კი ის პირიიქით, უფრა ღრმად დევნის. რამდენიმე ცდის შემდეგ სახლში კიდევ ერთი უსარგებლო საწმენდი საშუალება გაჩნდება.

რით ჩავანაცვლოთ?

დივანისა და სხვა რბილი ავეჯისთვის მტვერსასრუტის დამატებითი თავები გამოიყენეთ. ეს გაცილებით ეფექტური და სწრაფია. თუ მტვერსასრუტი არ გაქვთ, მტვერის შესაგროვებელი სპეციალური გორგოლა დაიხმარეთ. კლავიატურის გაწმენდაში კი სპეციალური სილიკონის მასა დაგეხმარებათ. ის სწრაფად და მარტივად აგროვებს დაგროვილ ჭუჭყს. შესაძლებელია კლავიატურისთვის მინი მტვერსასრუტის შეძენა. ის მძლავრი არაა და კლავიშებს არ შეისრუტავს, სამაგიეროდ, კომპაქტურია და მისი შენახვა სამუშაო მაგიდის უჯრაშია შესაძლებელი.

ნიდერლანდური ესთეტიკა – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ბინა ნაცრისფერ-ცისფერი ელემენტებით თამარაშვილის ქუჩაზე – სტუდია SAMI-ის ნამუშევარი