დენ აბრამსი ყველასთვის კარგად ცნობილი ტელე და რადიო წამყვანია და ახლა სწორედ მისი სახლის შესახებ უნდა გიამბოთ, რომელსაც საკმაოდ უცნაური ისტორია აქვს. სახლი ნიუ იორკში, ვესტ ვილიჯის უბანში მდებარეობს და ის 1830 წლით თარიღდება.
”2004 წლიდან 2006 წლამდე ვიქირავე ერთი [ორიგინალური] ბინა, შემდეგ ვიყიდე სხვა ბინა 2006 წელს, მომდევნო კი – 2009 წელს”, – ამბობს აბრამსი. ”მე დავამთავრე მათი გაერთიანება 2018 წელს და გადავედი ინტერიერის შექმნაზე, რომელიც 2020 წლამდე გაგრძელდა.”
გამოდის, რომ ეს სახლი იმ ბინების ნაზავია, რომლებშიც აბრამსი წლების განმავლობაში ცხოვრობდა. სახლზე მუშაობა აბრამსმა არქიტექტორ თეო სიგენცასთან და ინტერიერის დიზაინის კომპანიასთან, Hyphen & Co-სთან ერთად დაიწყო.
ახლა რაც შეეხება თავად სახლს: დენის მისაღები ოთახი საკმაოდ შთამბეჭდავია. აქ ვერ ვნახავთ წვრილ-წვრილ დეტალებს – თითქოს ზუსტად განისაზღვრა რა იყო საჭირო, და რა – არა. კედლის თეთრ ფერთან იდეალურად მოდის კონტრასტში ფერადი ხელოვნების ნიმუშები, ასევე მუქი ავეჯი და ფარდები.
მისაღები ოთახიდან გავდივართ პატარა აივანზე, რომელიც უკანა ეზოს გადაჰყურებს. აბრამსი ამბობს: ”შემიძლია გამოვიდე და ყავა დავლიო, როცა ამინდი კარგია, და ეს არ არის ისეთი ვალდებულება, როგორც ბაღში ჩასვლა.”
სამზარეულოს ნეიტრალური ფერები და Fireclay Tile-ს ცისფერი ფილები ასევე იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, რაც ამ ადგილს თანამედროვე იერს აძლევს.
აბრამსს სახლშივე აქვს ოფისი, საიდანაც ის მასპინძლობს საკუთარ რადიო გადაცემას.
აქვე არის აბრამსის ვაჟის, ევერეტის ოთახი, რომელშიც “ორბიტის სკამი” განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. ეს დენის და მისი შვილისთვის საუკეთესო დეტალია ოთახში.
სახლი “შექმნილია იმ ცხოვრებისთვის, რომლისკენაც მე ვისწრაფვი“, – ამბობს აბრამსი. ”სადაც სტუმრები ყოველთვის მოვლენ და წავლენ. რეალობა ის არის, რომ ეს ბოლო დროს თითქმის არასოდეს ხდება, მაგრამ COVID– ის შემდეგ, მე აუცილებლად გავაგრძელებ ამ რეჟიმით ცხოვრებას! ”
არქიტექტორი: Teo Siguenza
ინტერიერის დიზაინის სტუდია: Hyphen & Co
ფოტოგრაფი: Sean Litchfiel