დღეს ვისაუბრებთ საკმაოდ გავრცელებული პრობლემის შესახებ, რომელიც თქვენს ინტერიერს აფუჭებს და სახლში არასასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ეს არის კონდენსატი, რომელსაც, როგორც წესი, დათბუნების არარსებობა ან ძალიან თხელი კედლები გარე და შიდა ტემპერატურების საგრძნობი სხვაობის პირობებში იწვევს. შედეგად, კედლებზე ობი წარმოიქმნება.
პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური გზა გარე დათბუნების გაკეთებაა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ ვარიანტის განხორციელება არც ისე კომფორტულია, რადგან ფასადზე ასეთი ტიპის სამუშაოების ჩატარება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. არსებობს მეორე გამოსავალიც — შიდა დათბუნება. დღეს კი სწორედ ამ მეთოდს განვიხილავთ.
ამ პრობლემისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ საუკეთესო და შედარებით იაფ ვარიანტს წარმოადგენს შემდეგი: არსებული კედლის შიდა მხარეს უნდა შეიქმნას თაბაშირმუყაოს კონსტრუქცია, მასში უნდა მოთავსდეს არააალებადი თბოსაიზოლაციო მასალა — ქვაბამბა ან მინერალური ბამბა, შემდეგ კი ეს ყველაფერი თაბაშირმუყაოს ორი ფენით უნდა დაიფაროს. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ შიდა დათბუნებისას არ უნდა გამოიყენოთ ისეთი აალებადი მასალები, როგორიც არის, მაგალითად, პენოპლასტი. შიდა მხარეს ასეთი მასალების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მას ცეცხლგამძლე შრით ფარავთ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზემოთ აღწერილი მეთოდის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც ფასადის დათბუნება შეუძლებელია. ეს უკანასკნელი უფრო ძვირი ჯდება, თუმცა ის უფრო ეფექტურია, ვიდრე შიდა დათბუნება.