in

დასაკიდი უნიტაზი – რატომ სარგებლობს ის ნაკლები პოპულარობით საქართველოში?

IPS
IPS

დასაკიდ უნიტაზს საქართველოში ნაკლებად იყენებენ, რისი მიზეზიც არასწორი წარმოდგენები და ინფორმაციის სიმწირეა.

დღეს შევეცდებით, ამ ტიპის უნიტაზის უპირატესობები გაგაცნოთ და მისი მონტაჟისას დაშვებულ შეცდომებზეც გესაუბროთ.

უპირატესობები 

დასაკიდი უნიტაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი წმენდის სიმარტივეა. პროცესს აადვილებს უნიტაზსა და იატაკს შორის არსებული სივრცე, რომელიც ადვილად მისაწვდომია ნებისმიერი მხრიდან.

მნიშვნელოვანი უპირატესობაა დახვეწილი, თანამედროვე დიზაინიც, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მაინც გემოვნების საკითხია.

კიდევ ერთი დადებითი მხარე სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობაა. თქვენთვის სასურველი სიმაღლე უნიტაზის მონტაჟამდე, წინასწარ უნდა განსაზღვროთ.

ნაკლოვანებები

რაც შეეხება ნაკლოვანებებს, ალბათ, უპირველესად, მაღალი ფასი უნდა დავასახელოთ. დასაკიდ უნიტაზს აქვს ჩასაშენებელი კონსტრუქცია, რომელიც საშუალებას იძლევა, მთელი მექანიზმი კედელში დაიმალოს და მხოლოდ ჩასარეცხი ღილაკები დარჩეს გარეთ. სწორედ ეს განაპირობებს მის მაღალ ღირებულებას.

აღსანიშნავია, რომ, სტანდარტულისგან განსხვავებით, დასაკიდი უნიტაზის მონტაჟი უფრო რთული და, შესაბამისად, ძვირია. ეს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები თავს არიდებენ ამ ტიპის უნიტაზის არჩევას.

რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეთ მონტაჟის დროს?

მთავარი პრობლემა, როგორც წესი, უნიტაზის ავზის მონტაჟია. კედლის ის ნაწილი, რომელშიც ჩასაშენებელი კონსტრუქცია უნდა მოთავსდეს, მთლიანად გალესილი უნდა იყოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უშუალოდ მონტაჟზე გადასვლა, რადგან კედლის მოპირკეთება კონსტრუქციის სიმყარეს უზრუნველყოფს.

ჩასაშენებელი უნიტაზის მონტაჟისას კედლებზე იკვრება თაბაშირმუყაოს პროფილები, რომლებსაც საკუთარი კონსტრუქცია აქვს. აუცილებელია, ეს უკანასკნელი უნიტაზის კონსტრუქციასთან იყოს დაკავშირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში უნიტაზი ზიანდება.

წინასწარ აუცილებლად უნდა განისაზღვროს დასაკიდი უნიტაზის სიმაღლე. გავრცელებული შეცდომაა მანძილის აზომვა მოუპირკეთებელი იატაკიდან, რაც დროთა განმავლობაში უამრავ პრობლემას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, დასრულდეს ზედაპირის მოპირკეთება და მხოლოდ ამის შემდეგ დამონტაჟდეს უნიტაზი სასურველ სიმაღლეზე (სტანდარტული სიმაღლე 1 მეტრია).

გასათვალისწინებელია ისიც, რომ, თუ კონსტრუქცია კედელზე საკმარისად არ არის  მიბჯენილი, აუცილებლად დაიწყებს მოძრაობას, რის გამოც დროთა განმავლობაში უნიტაზი დაზიანდება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ის პროფესიონალმა დაამონტაჟოს. თითოეული მოდელი სპეციფიკურია, რაც მონტაჟისას გასათვალისწინებელია.

ყურადღება უნდა გამახვილდეს ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზეც: სანამ უნიტაზის კონსტრუქცია თაბაშირმუყაოს ფილებით შეიფუთება, ავზი წყლით უნდა აივსოს, რათა მის უდეფექტობაში დარწმუნდეთ.

ხშირად დასაკიდ უნიტაზზე უარს იმის გამოც ამბობენ, რომ ფიქრობენ, კონსტრუქცია წონას ვერ გაუძლებს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ამ ტიპის უნიტაზი დაახლოებით 200 კილოზეა გათვლილი.

და ბოლოს, თუკი დასაკიდი უნიტაზის დამონტაჟებას გადაწყვეტთ, აუცილებელია, ხელოსანს რემონტის დაწყებამდე, წინასწარ შეატყობინოთ ამის შესახებ, რადგან, ტრადიციული უნიტაზისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მილები სხვანაირად უნდა განლაგდეს.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

7 ადგილი თბილისში, სადაც წიგნის სათავსოს შეიძენთ

5 იდეა ფერმის სტილის სამზარეულოს შესაქმნელად