სასტუმრო “Hotel Heritage and suites” თბილისში, პეტერბურგის ქუჩაზე მდებარეობს. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებში მოხდა ისტორიული ძეგლის რენოვაცია და მისი ფუნქციის ცვლილება – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან ბუტიკის ტიპის სასტუმროდ გადაკეთება. პროექტზე სტუდია R312 architect-მა იმუშავა და მის შესახებ ჩვენმა მკითხველმა რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში შეიტყო.
“პროექტის პირველი ეტაპი, შენობის რესტავრაცია და სასტუმროდ გადაკეთება დასრულდა 2020 წელს. ინტერიერში აქცენტი გაკეთდა თავად ძეგლის ხასიათზე და მოხდა მისი თანამედროვედ გადააზრება. არსებული შენობის გეგმარებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ტიპური ნომრების შექმნა, ასე რომ ყველა ობიექტს ინდივიდუალურად მივუდექით და საკუთარი ხასიათი შევძინეთ,” – გვიამბობს R312 architect-ის დამფუძნებელი, გიორგი ზაუტაშვილი
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, კოვიდ პანდემიის მიზეზით, სასტუმრო დაიხურა და გადაწყდა, რომ ეს დრო გამოყენებულიყო დამატებით სართულის მოსაწყობად. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ახალ სივრცეზე გიამბობთ.
“დაშენებული სართულის ინტერიერისთვის მიზნად დავისახეთ, რომ ახალი გზით წაგვეყვანა მიმართულება და შეგვექმნა უნიკალური გამოცდილება სტუმრებისთვის. ინტერიერში მთავარი აქცენტი თაღებზე, ამრეკლ მასალებსა და ინტენსიურ ფერებზე გავაკეთეთ. ამას გარდა, გადავწყვიტეთ, რომ ნომრებში უარი გვეთქვა სასტუმროს სტანდარტებზე და მთავარი დატვირთვა დასამახსოვრებელ დეტალებსა და ინდივიდუალიზმზე გაგვეკეთებინა ისე, რომ არ გვეთქვა უარი კომფორტზე,” – გიორგი ზაუტაშვილი
პროექტი პირობითად 4 ნაწილად იყოფა:
1. პორტალი – ეს არის კიბე, რომელიც აკავშირებს შენობის ისტორიულ და თანამედროვე ნაწილებს. პროექტის ავტორები კიბეს მიუდგნენ როგორც ცალკე ობიექტს, რომელსაც კონცეპტუალურად ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც ფუნქციური.
“სტუმარს ამ ობიექტის დანახვისთანავე უნდა გაუჩნდეს შეგრძნება, რომ ეს კიბე მას რადიკალურად განსხვავებულ, ახალ სივრცეში გადაიყვანს, თუმცა, ამავდროულად, ექნება კავშირი ისტორიულ ნაწილთანაც. შესაბამისად, გადაწყდა, ისტორიულ ნაწილში არსებული თაღოვანი ფორმისა და ასევე უკვე გამოყენებული ფერების უფრო კონტრასტული გრადაციების აღება,” – გიორგი ზაუტაშვილი
2. პორტალის გავლით ვხვდებით დერეფანში. დერეფანი წარმოადგენს თეთრ კედლებს ვერტიკალური ნათებით. ამ შემთხვევაში პროექტის ავტორების მიზანი იყო, შეექმნათ სივრცე, სადაც გამოიფინებოდა ფერწერა და სკულპტურები. შესაბამისად დერეფანში მთავარ ობიექტს წარმოადგენს ხელნაკეთი, უჟანგავი ლითონის პანელებისგან შემდგარი ჭერი და კედელი. აღსანიშნავია, რომ პანელები დამზადებულია მოქანდაკე ვლადიმერ იმერლიშვილის მიერ. როგორც პროექტის ავტორებისგან ვიგებთ, მათი დამზადება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო.
დერეფანში იატაკის გრადაციებიც და განათებაც ემსახურება ჭერში ანარეკლის გაჩენას და მათ გარდა, ერთადერთ ფერად ობიექტს პორტალის ლურჯი კედლები წარმოადგენს.
3. ნომრებში – მინიმალურად არის გამოყენებული კედლები, ხოლო ზონები ფუნქციური ავეჯითაა დაყოფილი. შესაბამისად, მიღებულ იქნა ორი ტიპოლოგია:
1. ოთახი თაღოვანი სტრუქტურით დაიყო ორ ზონად. პირველი – შესასვლელი, რომელშიც ღიად განთავსდა ასევე სველი წერტილი. ტუალეტი და საშხაპე გამოყოფილია ჰოლიდან მსუბუქად დაბურული მინით, ხოლო ხელსაბანი ღიად დგას. მეორე სივრცეს კი უშუალოდ ნომერი წარმოადგენს, სადაც R312 architect-ის დიზაინით შექმნილი საწოლი გვხვდება.
გამყოფი სტრუქტურის თაღებში განთავსებულია სათავსოები, საკიდები და მინის კედელი, რომელიც აკავშირებს ოთახსა და საშხაპეს, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი სინათლისა და ხედების არსებობას ყველა სივრცეში. რაც შეეხება ფერებს, პროექტის ავტორებმა ამ შემთხვევაშიც კონტრასტისა და ინტენსიური ტონების გზა აირჩიეს, რაც ფორმების უფრო მკვეთრად აღქმას უწყობს ხელს.
2.ოთახის შესასვლელში დგას სარკის კუბი. ეს არის ამრეკლი მინისგან შემდგარი კოლოფი, რომელშიც განთავსებულია სველი წერტილი. როგორც პირველ ტიპოლოგიაში, აქაც მთავარი აქცენტი გაკეთდა სივრცეებს შორის გარკვეული ვიზუალური კავშირის დატოვებასა და ბუნებრივი სინათლისა და ხედის შემოტანაზე.
ვინაიდან თაღები ამ პროექტის მთავარი ხაზია, პროექტის ავტორებმა კედლის გასწვრივ ამ ოთახშიც განათავსეს ისინი სათავსოების ფუნქციით.
4.რესტორანი.
დაშენების კონსტრუქციული შეზღუდვების გამო, რესტორანში ამოსავალი წერტილი იყო ჭერი, რომელიც სამ ზონად არის დაყოფილი და ასევე კედლის გასწვრივ თაღით სრულდება.
ვიტრაჟების მოპირდაპირე მხარეს მდებარე კედელში პროექტის ავტორებმა სამი ღიობი დატოვეს და დეკორატიული სურათებით შეავსეს. ამ შემთხვევაშიც მეორდება თაღოვანი სტრუქტურა ბარის უკან კედელზე. მის მოპირდაპირედ კი, შემინული ღიობების მიღმა, სამზარეულოა განთავსებული.
ფოტოგრაფი: ანა ბოკო ლორთქიფანიძე
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი