in

არქიტექტურა, როგორც ქვეყნის ერთგვარი სარკე — ინტერვიუ დავით ვაზაგაშვილთან

დავით ვაზაგაშვილის გზა არქიტექტურას ზრდასრულ ასაკში დაუკავშირდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ მყოფებს ამ სფეროსთან პროფესიული კავშირი არასდროს ჰქონიათ, უნივერსიტეტის გარემომ ეს საქმე სამუდამოდ შეაყვარა და მის განუყოფელ ნაწილად აქცია. გარდა არქიტექტურისა, ჩვენი რესპონდენტის საქმიანობა დიზაინ პროექტებსა და აკადემიურ მოღვაწეობასაც მოიცავს. ის საქართველოს უნივერსიტეტში, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს. როგორც თავად ამბობს, ცდილობს, ახალგაზრდებს მაქსიმალურად მეგობრული და კომფორტულო გარემო შეუქმნას, რათა თავისუფლად შეძლოს აზრებისა და შესაძლებლობების გამოვლენა. დღევანდელ ინტერვიუში დავითი განვლილი გზის, განხორციელებული პროექტებისა და სფეროში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ გვესაუბრება და დამწყებ არქიტექტორებს საყურადღებო რჩევებს უზიარებს.

დავით, როდის დაინტერესდით არქიტექტურით?

ბევრი არქიტექტორისგან განსხვავებით, მე არანაირი შემხებლობა არ მქონდა ამ სფეროსთან. თუმცა ბავშვობიდანვე მიყვარდა მაკეტების კეთება და სხვადასხვა მასალისგან ხელნაკეთი ნივთების დამზადება. სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, დიდი გავლენა იქონია  ერთმა წიგნმა — ანტონიო გაუდის „ბარსელონამ“, რომელმაც მიბიძგა, არქიტექტურაზე ჩამებარებინა. იმ პერიოდში დარწმუნებული არ ვიყავი საკუთარ არჩევანში, მშობლებს ისიც ვუთხარი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, პროფესია შემეცვალა, მაგრამ ახლა, 10 – 12 წლის მერე, ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე  მიმიღია, რადგან უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და მის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.

როგორ გაგრძელდა თქვენი გზა, რამ განაპირობა რომ დღეს უკვე შემდგარი არქიტექტორი ხართ?

ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. პროფესიული განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტის პერიოდი. რადგან აქამდე შემხებლობა არ მქონდა ამ სფეროსთან, ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო, ცოდნის გაღრმავებასა და კარიერულ წინსვლაში კი ჩემი ლექტორები დამეხმარნენ. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი და ჩემი არქიტექტორობაც მათი დამსახურებაა. ბაკალავრის დასრულების შემდეგ, სამაგისტრო საფეხურზე აკადემიაში განვაგრძე სწავლა, რამაც ახალი გამოცდილება და ცოდნა შემძინა.

გარდა აკადემიური გარემოსი, ვიტყოდი, რომ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა განაპირობა საქმისადმი დიდმა სიყვარულმა. სტუდენტობიდანვე დავიწყე პატარ-პატარა პროექტებზე მუშაობა, რამაც ერთგვარად „მომწამლა“, დიდი სტიმული მომცა, გზა გამეგრძელებინა და ახალ პროექტებს შევჭიდებოდი. მახსოვს სწავლის პერიოდში ერთ-ერთ აგარაკზე პატარა მიშენება უნდა გამეკეთებინა, მე კი დამკვეთებს ჩემეული ხედვა შევთავაზე და პროექტის რეკონსტრუქცია განვახორციელე. მაშინ ძალიან სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს და განსხვავებულის ძიებაში ვიყავი. ამიტომ მგონია, რომ ჩემი ამჟამინდელი ადგილი საქმისადმი ცნობისმოყვარეობამ და პროფესიისადმი სიყვარულმა განსაზღვრა. ამასთანავე, ჩვენს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარებისა და სწავლის სურვილი. მე დღემდე არ ვთვლი, რომ შემდგარი პროფესიონალი ვარ და სწავლა დავასრულე, პირიქით, დღითი დღე ვვითარდები და ვცდილობ, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე.

რომელ მნიშვნელოვან პროექტებს გამოყოფდით თქვენი ნამუშევრებიდან ?   

ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი შეასრულა სანდრო ჩხენკელმა, რომელთან ერთადაც ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელე. მათ შორის  ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მომავლის სკოლის პროექტი იყო. მოგეხსენებათ, ეს სკოლა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალდა და ახალ შენობას საჭიროებდა. იმ დრომდე ასეთ მასშტაბურ პროექტზე არ მიმუშავია, ამიტომ ერთგვარი გამოწვევა იყო. გარდა სკოლის არქიტექტურული პროექტირებისა, მე და სანდროს განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება დაგვჭირდა და ქალაქგეგმარების მიმართულებითაც ვიმუშავეთ. ამის შემდეგ იყო სპორტული მოედნებისა და რაგბის ბაზის პროექტი, რამაც  სრულიად სხვა მიმართულებით დამაწყებინა ფიქრი და განსხვავებული გარემო გამაცნო. თანდათან  პროექტები იმატებდა და სხვადასხვა მიმართულებას ვეხებოდით — აპარტამენტებს, საცხოვრებელ სახლებს, საგანმანათლებლო ობიექტებს, სპორტულ კომპლექსებს, ინტერიერის დიზაინის პროექტებს, მრავალბინიან კომპლექსებს. ვფიქრობ, ჩვენს პროფესიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტორი ისაა, რომ ვერ მოიწყენ, მუდმივად გიწევს სხვადასხვა პერსპექტივიდან ფიქრი, განსხვავებული როლების მორგება, რაც საკმაოდ კომპლექსურ პროფესიად აქცევს არქიტექტურას.

გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, აქტიურად ვარ ჩართული სამეცნიერო სფეროში და საქართველოს უნივერსიტეტში, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით ვკითხულობ ლექციებს (ესეც ჩემი ლექტორის დამსახურებაა, მან მიბიძგა ამ გადაწყვეტილებისკენ). თავდაპირველად არ ვფიქრობდი, რომ ეს ხანგრძლივ სახეს მიიღებდა, თუმცა ახლა ძალიან მომწონს და მსიამოვნებს ეს საქმე და საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს ამ მიმართულებით.

თქვენ სამი მიმართულება გამოყავით — არქიტექტურა, დიზაინი და ლექტორობა, თქვენთვის ყველაზე კომფორტული და საინტერესო რომელი განხრაა?

მე ვფიქრობ, რომ მაინც პრაქტიკოსი ვარ. განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებ  მაშინ, როდესაც ობიექტზე მივდივარ და პროექტის განხორციელების პროცესში მაქსიმალურად ვარ ჩართული. ყოველთვის ვცდილობ, რაც მევალება იმაზე მეტი გავაკეთო და ყველა დეტალს ჩავუღრმავდე, რადგან ეს შემდეგ სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტაში მეხმარება. სწავლებაზეც იმავეს ვიტყოდი, თავიდან ძალიან უცხო იყო ჩემთვის, არასდროს მქონია ამის სურვილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საქმიანობა ჩემი კომფორტის ზონა გახდა. მძიმე სამუშაო დღისა და კვირის დროს, ლექციაზე ვისვენებ. სტუდენტები არასდროს მაძლევენ მოწყენის საშუალებას, პირიქით, ერთგვარი განტვირთვაა ჩემთვის. რაც მთავარია, სწავლება მონოლოგის რეჟიმში არ მიმდინარეობას, ძალიან ინტერაქტიური პროცესია, სტუდენტებისგან მეც ბევრს ვსწავლობ. ამიტომ ვიტყოდი, რომ სამივე საქმიანობა ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანი ერთმანეთს ავსებს და მრავალფეროვან გარემოს მიქმნის.

ვისაუბროთ მუშაობის პროცესზე, როგორ იქმნება თქვენი პროექტები?

როდესაც მუშაობას ვიწყებ, პირველ რიგში, ვცდილობ მოვისმინო და გავიგო რა სჭირდება ადამიანს, მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია მივიღო, სანამ ნახაზს შევადგენ კი ჩემს გონებაში ვიწყებ პირველადი შტრიხების გაკეთებას.

პროექტირებისას ამოსავალი წერტილია გარემო,  სწორედ ის წყვეტს ყველაფერს — ეს არის ურბანული ქსოვილი, ლანდშაფტი თუ დაუსახლებელი ტერიტორია. რადგან არქიტექტურა განცალკევებული არაა, ის გარემოს პირდაპირ უკავშირდება და მასში უნდა იყოს ჩაწერილი. შემდეგ უშუალოდ ობიექტზე მივდივარ, ვათვალიერებ, ფოტოებს ვუღებ. საათობით ვაკვირდები პროექტის მიმდინარეობას და დეტალებს ვამუშავებ. ყოველთვის ვცდილობ, რეალისტურად შევხედო ნებისმიერ ობიექტს და ჩემი სურვილები თუ პირადი ამბიციები გვერდზე გადავდო, რაც ვფიქრობ, სწორია.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ოქროყანაში, რეკონსტრუქცია

როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს არქიტექტურას საზოგადოების ცხოვრებაში?

ჩემთვის სამყარო არქიტექტურის გარეშე წარმოუდგენელია, ასე იყო საუკუნეების წინათ და ახლაც ასეა. საზოგადოების რაღაც ნაწილს ჰგონია, რომ ეს არის მხოლოდ  დიზაინში ფერების შეხამება და ფასადის დამუშავება, რაც არასწორია. არქიტექტურა განსაზღვრავს ქალაქის განვითარებას და საზოგადოებას უქმნის ჯანსაღ თუ არაჯანსაღ გარემოს. შესაბამისად, მას ძალიან დიდი გავლენა აქვს ყველა სფეროზე. ვიტყოდი, რომ ქვეყნის ერთგვარი სარკეა, რომელიც არსებულ მდგომარეობას ირეკლავს.

ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ამ სფეროში საქართველოში არსებობს

ამ სფეროში გამოწვევებს სხვადასხვა მიმართულებით ვხვდებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ის მგონია, რომ ადამიანების ნაწილმა დაიჯერა, რომ კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მათ არქიტექტორებად აქცევს, რის გამოც ხშირად პროფესიონალებს გვერდს უვლიან და არასასურველ შედეგებს იღებენ.

ასევე, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ხელოვნური ინტელექტი. ზოგი თვლის, რომ ის ჩაანაცვლებს არქიტექტორს და ფასს დაუკარგავს ამ პროფესიას. თუმცა მე მიმაჩნია, რომ ასე არ მოხდება, რადგან არქიტექტორის როლი ბევრად დიდია, ვიდრე მხოლოდ ლამაზი შენობების პროექტირება. პირიქით, ჩვენ ხელოვნური ინტელექტის რესურსები უნდა გამოვიყენოთ და ამ შესაძლებლობას შიშით არ შევხედოთ.

ძალიან დიდი პრობლემაა არქიტექტორების ნაკლები ჩართულობა და ერთმანეთთან კომუნიკაციის არარსებობა. მაგალითად, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო, როდესაც სტუდენტობისას აღმოვაჩინე, რომ არქიტექტორთა კავშირს, ქალაქის მერიის არქიტექტურულ სამსახურსა და ეკონომიკის სამინისტროში იმ მიმართულებას, რომელიც პროექტებს ათანხმებს, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს და დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. ეს გახლეჩილობა კი უამრავ პრობლემას ბადებს.

სფეროში არსებული გამოწვევების მოგვარების ერთ-ერთი გზა მგონია მეტი პასუხისმგებლობის აღება და არქიტექტორების ჩართულობა ისეთ გადაწყვეტილებებში, რაც ქალაქისა თუ რეგიონის მშენებლობას უკავშირდება. არქიტექტორებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ხმამაღლა განვაცხადოთ ჩვენი შეხედულება და შეფასება. საქართველოში ყველა ერთმანეთს იცნობს, ამიტომ ხშირია მორიდების ფაქტორი, გვეშინია ვინმეს რამე არ ვაწყენინოთ და ვჩუმდებით. ეს თვალის დახუჭვა კი ქვეყანას აზიანებს. შესაბამისად, მეტი სითამამე და პოზიციების ხმამაღლა დაფიქსირება გვმართებს.

ღია აუზი ლაუნჯით წავკისის ველში

ვისაუბროთ განათლების სისტემაზე. რის გამოსწორებას ისურვებდით ამ მიმართულებით?

პირველ რიგში, ვიტყოდი იმას, რომ კომპიუტერული პროგრამების ცოდნა არქიტექტორობას არ ნიშნავს და მხოლოდ ამ მიმართულებით გარკვეული კურსების გავლა პროფესიონალად არ გვაყალიბებს. თუმცა, ისიც ხაზგასასმელია, რომ უნივერსიტეტში არქიტექტურის შესწავლა არ არის იმის გარანტი, რომ აუცილებლად არქიტექტორი გახდები. გარდა ზოგადი თეორიული ცოდნისა, უნივერსიტეტი გაძლევს საშუალებას, პირდაპირი კავშირი გქონდეს არქიტექტურასთან, მოქმედ არქიტექტორებთან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასთან ერთად, კონკრეტულ, რელევანტურ ინფორმაციასაც გიზიარებენ. როდესაც ამგვარი შემხებლობა არ გაქვს და მხოლოდ პროგრამულ ცოდნას ფლობ, არ იცი კოლეგების აზრი, ბევრ პრობლემას აწყდები. საქართველოს უნივერსიტეტში ლექტორების უმეტესობა მოქმედი არქიტექტორი და დიზაინერია, ჩვენ ვცდილობთ, სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება მივცეთ, წავიყვანოთ ობიექტებზე, ადგილზე ვაჩვენოთ, როგორ მიმდინარეობს პროცესი. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია მათი ქვეცნობიერის დონეზე მაინც ილექება და მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

ამას გარდა, არანაკლებ საყურადღებო საკითხი მგონია პრიორიტეტების სწორად დასახვა, რადგან სტუდენტები ძალიან ბევრ დროს კარგავენ ისეთ საკითხებზე, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია (მაგალითად, როგორი კომპიუტერი შეიძინონ ან რა პროგრამები ისწავლონ), რადგან აქაც ზემოთ ხსენებულ პრობლემას ვუკავშირდებით – ყველას ჰგონია, რომ კარგი  არქიტექტორობა კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნით განისაზღვრება. მე, ცხადია, არ ვემიჯნები თანამედროვე ტექნოლოგიებს. პირიქით,  ეს ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა საწყის ეტაპზე ამაზე დიდი დროის დახარჯვა არ ღირს.

 

ასევე, ვფიქრობ, თავად სწავლების მეთოდოლოგიაა შესაცვლელი. შეუძლებელია 20 სტუდენტმა ერთდროულად ისწავლოს და ლექტორმა თითოეულ მათგანს სათანადო ყურადღება მიაქციოს. ამასთანავე, წარმოუდგენელი მგონია შესაბამისი პროგრამების სწავლება, როდესაც სტუდენტებს ლექციაზე კომპიუტერი არ აქვთ და მხოლოდ ლექტორის მონიტორს უყურებენ. უმჯობესი იქნებოდა ჯგუფების შემცირება და ლექციის დროს სტუდენტების ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვა, რაც სწავლის ხარისხს გააუმჯობესებდა.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი დიღომში

სტუდენტების ნამუშევარი, საგანი — მაკეტირება

დაბოლოს, რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ პროფესიაში განვითარებას?  

პირველ რიგში, მთავარია ახალგაზრდებმა პრიორიტეტები სწორად განსაზღვრონ და გაიგონ რა უნდათ, ყურადღება გაამახვილონ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე და არა მეორეხარისხოვანზე. შემდეგ კი ყველაფერი საკუთარი ფანტაზიისა და შრომისმოყვარეობის შედეგად მიიღება. რაც მეტად მოინდომებენ, დიდ ძალისხმევას დახარჯავენ, შედეგიც შესაბამისი ექნებათ. ხშირად სტუდენტებს ეს პროფესია არასწორად ესმით. მაგალითად, დიზაინერობა უნდათ და არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ცოდნას არამნიშვნელოვნად მიიჩნევენ. არქიტექტურა კი არ არის მხოლოდ სივრცეში ოპერირება, ბევრ განხრას აერთიანებს და სხვადასხვა სფეროსთან აქვს თანაკვეთა, ამიტომ აუცილებელია, ამ დეტალებს ყურადღება მიაქციონ. ასევე, ჩვენს სფეროში დიდ ადგილს იკავებს სწორი კომუნიკაციის უნარი, რადგან ურთიერთობა გვიწევს უამრავ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან — სახელმწიფოსთან, დამკვეთთან, ინჟინრებთან, მშენებლებთან. შესაბამისად, მათთან კარგი კომუნიკაცია და დეტალებისადმი ინტერესი პროფესიულად ძალიან დაეხმარებათ. არქიტექტორი ვიწრო ინტერესების მატარებელი არ უნდა იყოს, რაც მეტი ინტერესი გაქვს, თვალსაწიერი გეზრდება და შენი საქმიანობაც უფრო მრავალფეროვანი ხდება, ეს კი, თავის მხრივ, შედეგზეც აისახება.

სტუდენტების ნამუშევარი, საგანი — მაკეტირება

ავტორი: მეკო მეტრეველი

შთამაგონებელი იდეები კედლის გალერეის მოსაწყობად

6 წიგნი არქიტექტორებისთვის — ნანა ზაალიშვილის რეკომენდაცია