დავით ხიდურელი დიზაინ სტუდია „აუკის“ თანადამფუძნებელია, რომლის პროექტებიც ინდივიდუალური ხელწერით, სახასიათო ესთეტიკითა და ფუნქციასა და სილამაზეს შორის ბალანსის დაცვით გამოირჩევა. დავითისთვის, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალისთვის, უპირველესად, მნიშვნელოვანია საკუთარი საქმის სიყვარული და თითოეული ობიექტისადმი ინდივიდუალური მიდგომა, რაც გამორჩეული ნამუშევრების შექმნაში ეხმარება. როგორც თავად ამბობს, მისი ხელწერა მუდმივად განვითარებისა და სიახლეების ძიების პროცესშია, ამიტომ არასდროს მისდევს ერთ კონკრეტულ მიმდინარეობას. დღევანდელ ინტერვიუში ის თავის განვლილ გზას იხსენებს, არქიტექტურის პროფესიის თავისებურებებზე გვესაუბრება და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობს.
დავით, როდის დაინტერესდით არქიტექტურით და ამ პროფესიის არჩევა უკავშირდება თუ არა თქვენს ბავშვობას?
ჩემს შემთხვევაში პროფესიის არჩევა ბუნებრივად მოხდა, რადგან ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში, სახლში ძირითადად რეიშინასა და სახაზავ ინსტრუმენტებს ვხედავდი. ოჯახის წევრების უმეტესობაც ზოგი ინჟინერი, ზოგი კი მედიცინის მუშაკია. პროფესიის შერჩევისას მეც ამ ორ სფეროს შორის ვორჭოფობდი. საბოლოოდ, მაინც არქიტექტურას გავყევი, რადგან ხაზვა და ხატვა კარგად გამომდიოდა. აგრეთვე, დიდი გავლენა იქონია იმ კურსებმა, რომლებზეც ბავშვობაში აქტიურად დავდიოდი — მანქანისა და თვითმფრინავების მოდელირება, ხატვა, ძერწვა, ქანდაკება. ვფიქრობ, სივრცითი აზროვნება სწორედ ამ წრეებმა ჩამომიყალიბა, რაც შემდგომ ჩემს პროფესიაში გამომადგა.
გვიამბეთ თქვენი განათლებისა და იმ კარიერული გზის შესახებ, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ?
სკოლის დასრულების შემდეგ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. აკადემიური განათლების მიღების შემდეგ კი სხვადასხვა მოკლე კურსი და პროგრამა გავიარე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ალბათ, ჩემი სფეროს წარმომადგენლები დამეთანხმებიან, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბება მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილების შედეგად ხდება.
კარიერული გზაც, სხვების მსგავსად, სტანდარტულად განვითარდა. უნივერსიტეტისა და რამდენიმე პროგრამული კურსის შემდეგ, მოკლე პერიოდი ორ სხვადასხვა არქიტექტურულ სტუდიაში ვიმუშავე, გამოცდილების დაგროვებასთან ერთად კი კერძო პროექტებსაც შევეჭიდე. ამან მომცა ბიძგი, სამსახურიდან წამოვსულიყავი და დამოუკიდებლად ე.წ. „freelancer“-ად დამეწყო მუშაობა, რაც, რეალურად, მთავარი გარდამტეხი გამოწვევა აღმოჩნდა — ახალ სამყაროში გადანაცვლება, რომელიც დიდ ენერგიასა და კონცენტრაციას მოითხოვდა. ამგვარად, ვიმუშავე რამდენიმე წელი, ხოლო შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ საქმიანი პარტნიორები, რომლებთან ერთადაც დავიწყე იმის შენება, რასაც დღემდე ვაკეთებ.
ვისაუბროთ სამუშაო პროცესზე და თქვენს შემოქმედებით ფილოსოფიაზე
მუშაობის პროცესში, კონცეფციის შემუშავებისას, ამოსავალი წერტილი თავად პროექტი და ახალი ობიექტია. წარმოიდგინეთ სუფთა ფურცელი, სადაც მოთხრობის წერას იწყებ… მოთხრობის თემა კონკრეტული სიტუაცია და გარემოა, რასაც დამკვეთი გვახვედრებს. ჩემი დიზაინის ფილოსოფიაც მსგავსად არის მოწყობილი. როგორც მწერალი, ვცდილობ, პირველ რიგში, კონკრეტული იდეა თავად შევიყვარო, ხოლო შემდეგ დამკვეთსაც შევაყვარო.
ხშირად ვანიჭებ უპირატესობას გეომეტრიულ ფორმებს და უმეტესად, ვაბი-საბის ფილოსოფიას ვიყენებ. თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული ხელწერა მაქვს. არ ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიული ზრდა და სტილის ჩამოყალიბება დასრულებულია ან ოდესმე დასრულდება. ამიტომ ვცდილობ, რაიმე კონკრეტული მიმდინარეობის გავლენის ქვეშ არ მოვექცე. მგონია, რომ თითოეული ახალი ობიექტი ინდივიდუალური სტილით, დიზაინითა და გამოცდილებით ხასიათდება.
თქვენი პროფესიული ცხოვრება „აუკის“ უკავშირდება, გვიამბეთ მის შესახებ. თქვენი აზრით, რით გამოირჩევა აღნიშნული სტუდია?
„აუკი“ სივრცითი მოწყობის სერვის კომპანიაა, რომელიც ადამიანებს სრულ მომსახურებას სთავაზობს — დიზაინ კონცეფციის შემუშავებასა და პროექტის სრულფასოვნად განხორციელებას. უკვე 5 წელია ერთ-ერთ უსიამოვნო პროცესს გარდავქმნით იმგვარად, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საუკეთესო სახლში იცხოვრონ და ეს პერიოდი პოზიტიურ გამოცდილებად დაამახსოვრდეთ. სამწუხაროდ, მომხმარებლების უმეტესობა ჩვენს სფეროში წინასწარაა განწყობილი, რომ თავი მოტყუებულად, უყურადღებოდ და საბოლოო შედეგით უკმაყოფილოდ იგრძნონ. ამ პარადიგმის გარდატეხა და სრული გამჭვირვალობის დანერგვა დავისახეთ ჩვენს მიზნად და დამკვეთებს ცოცხალ რეჟიმში ვაწვდით განახლებად ინფორმაციას მიმდინარე პროგრესის შესახებ.
კომპანიის სერვისი, ჩვენი ფილოსოფიიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ვითარდება და იხვეწება, რათა დამკვეთმა სრულიად დისტანციურად შეძლოს სასურველი პროექტის მიღება. ამგვარი მუშაობის გამოცდილება უკვე გვაქვს ჩვენს უცხოელ კლიენტებთან, რომლებიც საბოლოო შედეგმა აღაფრთოვანა.
მომხმარებლების დამოკიდებულება ახსენეთ. საინტერესოა, თავად თქვენ როგორ აფასებთ ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეს?
ვფიქრობ, თანამედროვე არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიზანი ფუნქციასა და სილამაზეს შორის ბალანსის დაცვაა. არქიტექტორების მთავარი ამოცანაც ესაა – მოარგონ ბალანსი სხვადასხვა სივრცეს ისე, რომ გარემოსთან ჰარმონიულობა არ დაირღვეს. მაგალითად, მაღალსართულიანი, დიდი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (კორპუსი) შეუსაბამოა დაბალგანაშენიანებულ ძველ თბილისში, კლასიკური ბაროკოს სტილი კი ამოვარდნილია მთიან ან ზღვისპირა სახლის ინტერიერიდან. შესაბამისად, პროექტირებისას გარემოს მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა პირიქით, ბალანსის მისაღწევად კი ფუნქციასა და სილამაზეს შორის თანასწორობა დავიცვათ. მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო ფუნქციონალურ პროექტს შევქმნით და დამკვეთის სურვილებსა და მოთხოვნებს გავითვალისწინებთ, სილამაზის ხარისხი დაიწევს. ხოლო თუ უპირატესობას ლამაზ ფორმებს მივანიჭებთ, დამკვეთის მოთხოვნებსა და მოლოდინებს ნაკლებად დავაკმაყოფილებთ. ამიტომ უნდა ვეცადოთ, დავაბალანსოთ ფუნქცია და სილამაზე, ისევე როგორც ქალაქის იერსახე და დამკვეთის მოთხოვნები, რაც თანამედროვე ქართული არქიტექტურული თუ დიზაინ სივრცისთვის გამოწვევაა.
რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები?
„აუკის“ ფარგლებში ბევრი საინტერესო სიახლე გვაქვს. ჩვენს მომსახურებაში დავნერგეთ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული პროექტ მენეჯმენტ ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენება საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს ცოცხალ რეჟიმში მივაწოდოთ განახლებადი ინფორმაცია მიმდინარე პროგრესის შესახებ. რამე ცვლილების საჭიროებს შემთხვევაში კი ონლაინ შევთავაზებთ ალტერნატიულ ვერსიებს და დაკორექტირებული რენდერებით შევათანხმებთ გადაწყვეტილებებს. ასევე, დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქსესუარისა და ავეჯის პროდუქტის ციფრული მარკეტის შექმნა, სადაც ჩვენ მიერ დამზადებული პროდუქცია გაიყიდება.
დაბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ კოლეგებს?
ახალგაზრდებს ვურჩევდი, აუცილებლად მიიღონ უმაღლესი აკადემიური განათლება საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ხშირად მსმენია შეხედულება, რომ უნივერსიტეტში არაფერი ისწავლება და ყველაფერი კერძო პრაქტიკებით მიიღება, რაც მცდარია. სწორედ საბაზისო განათლებაზე, რომელიც დალექილია ჩვენს გონებაში, უნდა დაშენდეს პრაქტიკული და საველე პირობებში მიღებული გამოცდილება, რათა გახდ პროფესიონალი და მიაღწიო წარმატებას.
გარეკანის ფოტო: Yaroslav Lukiyanchenko