როდესაც ახალ სამზარეულოში ფულის დაზოგვა გიწევთ, როგორც წესი, პრიორიტეტები უნდა დასახოთ. დღეს განვიხილავთ, შესაძლებელია თუ არა გონივრული კომპრომისის მოძებნა და პროექტის ღირებულების ისე შემცირება, რომ სამზარეულო ფუნქციონალური, ლამაზი და გამძლეც იყოს.
ხელმისაწვდომი სტანდარტი
საიდუმლო არ არის, რომ სამზარეულოს სტანდარტული ზომის მზა ავეჯი უფრო იაფია, ვიდრე ინდივიდუალური შეკვეთის მიხედვით დამზადებული მოდელები.
თუ სამზარეულოს ავეჯში დიდი თანხის დახარჯვა არ გსურთ, სტანდარტული ვარიანტები შეარჩიეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა მწარმოებლებს განსხვავებული სტანდარტები გააჩნიათ.
თუ არჩევანს მზა სამზარეულოზე შეაჩერებთ, დანარჩენი ინტერიერი მას უნდა მოერგოს. მაგრამ როდესაც ინტერიერი უკვე მზად არის, მას, სამზარეულოს ავეჯის ზომასთან დაკავშირებით, საკუთარი წესები და მოთხოვნები ექნება. თუ ინდივიდუალური შეკვეთის თავიდან აცილება შეუძლებელია, ეკონომიურობისთვის, უარი თქვით რადიუსულ ელემენტებზე — მათი წარმოების პროცესი უფრო შრომატევადი და, შესაბამისად, ძვირია.
ეკონომიური მინიმალიზმი
ფულის დაზოგვაში სამზარეულოს დიზაინში მოდური მინიმალიზმის გამოყენებაც დაგეხმარებათ. ეს მარტივია — რაც მეტი ელემენტი აქვს სამზარეულოს, მით უფრო დიდ თანხებთან არის პროექტი დაკავშირებული.
აირჩიეთ წრფივი სამზარეულო ჩაშენებული მაცივრისა და ზედა კარადების გარეშე და პროექტი მნიშვნელოვნად გაიაფდება. სასიამოვნო ბონუსი — ასეთი სამზარეულოები აქტუალურია.
ზედა კარადების გარეშე სამზარეულოები მოთხოვნადია არა მხოლოდ ეკონომიურობის, არამედ ესთეტიკური მიზეზების გამოც. ასეთი გადაწყვეტის შემთხვევაში, სივრცე ვიზუალურად განტვირთულია, გამოთავისუფლებულია კედელი, რომელიც შეიძლება ხელოვნების ნიმუშების ან ულამაზესი კერამიკული ფილების წარმოსაჩენად გამოგადგეთ. ზედა კარადებზე უარის თქმით დაზოგილი ფულით კი შეგიძლიათ ინვესტიცია სამზარეულოს ავეჯის ქვედა ნაწილის მაღალი ხარისხის ფასადებში ჩადოთ.
მაგრამ მინიმალიზმი დაზოგავს თქვენს ფულს, მაშინაც კი, თუ ზედა კარადების გამოყენება გსურთ. თანამედროვე სამზარეულოები გლუვი ფასადებით, საშუალოდ, ყოველთვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე მეტად კომპლექსური კლასიკური ვარიანტები.
ზომის გაზრდა და რაოდენობის შემცირება
ერთი დიდი ერთეული უფრო იაფია, ვიდრე ორი პატარა, რადგან მის აწყობას ნაკლები მასალა, დეტალები, დრო და ძალისხმევა სჭირდება. თუ ზედა კარადებზე უარის თქმას არ აპირებთ, მათი რაოდენობა შეამცირეთ, ზომა კი გაზარდეთ.
იქნებ თაროები გამოიყენოთ?
სამზარეულოს ავეჯის ზედა ნაწილზე ფულის დაზოგვის კიდევ ერთი გზა ღია თაროების გამოყენებაა.
დიზაინერების მიერ შექმნილ პროექტებში სამზარეულოს მოდური ღია თაროები ლამაზი დეკორაციების შექმნისთვის გამოიყენება. თაროებზე შეგიძლიათ მოათავსოთ ყველაფერი, რასაც, ჩვეულებრივ, კარადაში შეინახავდით.
ფსონი ფერზე
თუნდაც სტრუქტურულად ყველაზე მარტივი ვარიანტი და ბიუჯეტური მასალები შეიძლება გამოიყურებოდეს შესანიშნავად, თუ საინტერესო, მდიდარ ელფერს დაეყრდნობით.
თუ ფასადის შეღებვაზე ფულის დახარჯვა არ გსურთ, შეგიძლიათ საინტერესო აქცენტად სამზარეულოს ზედაპირსა და ზედა კარადებს შორის არსებული კედლის ნაწილი აქციოთ. ძვირადღირებული ფილების ნაცვლად შეგიძლიათ შეარჩიოთ გამჭვირვალე მინა, რომლის უკანაც მდიდარი ფერით შეღებილი კედელი ან, თუნდაც, სანახაობრივი პრინტის მქონე შპალერი იქნება.
გარეგანი მიმზიდველობა
თუ დაზოგვა აუცილებელია, მაგრამ სასიამოვნო გარეგნობის მქონე სამზარეულო გსურთ, ფული კარკასზე და მექანიზმებზე დაზოგეთ. კარკასი არის სამზარეულოს ის ნაწილი, რომელიც დაფარულია. რა თქმა უნდა, ის მუყაოსგან არ უნდა იყოს დამზადებული, მაგრამ ძვირადღირებულ მასალებზე უარის თქმა საკმაოდ უმტკივნეულოდ შეიძლება. შეგიძლიათ შეამციროთ გასაგორებელი ელემენტები და უარი თქვათ სხვადასხვა კომპლექსურ, ძვირადღირებულ მექანიზმებზე.
ყველა თავად წყვეტს, თუ რამდენად რაციონალურია ეს მიდგომა, თუმცა ანჯამებზე და საკეტებზე ფულის დაზოგვა რეკომენდებული მაინც არ არის.
ვარიანტი მომთმენებისთვის
შეგიძლიათ პირიქითაც მოიქცეთ — დახარჯოთ ფული მექანიზმებზე, გახადოთ სამზარეულო რაც შეიძლება ერგონომიული და ფასადების ბიუჯეტური ვარიანტები შეარჩიოთ — მათი შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება. იმისათვის, რომ სამზარეულოს დროებითი ფასადები არ ეწინააღმდეგებოდეს ინტერიერს, შეარჩიეთ იმ მასალის ბიუჯეტური იმიტაცია, რომლის გამოყენებასაც მომავალში აპირებთ.
შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ ზედაპირებთან დაკავშირებით, მაგრამ მათი შეცვლა უფრო რთული იქნება.
დავუბრუნდეთ სათაურში დასმულ კითხვას — ღირს თუ არა სამზარეულოს მოწყობისას ფულის დაზოგვა? პასუხი საკუთარ ჩვევებში უნდა ეძებოთ. თუ სენდვიჩზე უფრო რთულ კერძებს იშვიათად ამზადებთ, მაშინ სამზარეულოს ყველაზე მინიმალური კომპლექტიც დაგაკმაყოფილებთ და შედარებით დაბალი ხარისხის მასალებიც მეტხანს გაგიძლებთ. მაგრამ თუ სამზარეულო საკმაოდ იტვირთება, მოთხოვნებიც განსხვავებული იქნება.