in

ეზოს მოპირკეთება ბეტონის დეკორატიული ფილებით — რა ჯდება ეს მომსახურება ქართულ ბაზარზე?

ეზოს მოპირკეთება  ექსტერიერის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელსაც მაცხოვრებლები განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ, რათა მასალა გარე სივრცეს კარგად მოერგოს და სხვადასხვა გარემო-პირობებს გაუძლოს. დღესდღეობით ბაზარზე ბუნებრივი მასალების — ბაზალტისა და ნიჩბისის ქვის გარდა, გვხდება დეკორატიული ფილაც, რომელიც ეზოს მოსაპირკეთებლად ყველაზე გავრცელებული პროდუქტია. ის ბუნებრივ ქვებთან შედარებით, იაფია, დიზაინის მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მედეგობითა თუ პრაქტიკულობით ხასიათდება. დღევანდელ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ დეკორატიული ფილების უპირატესობაზე და მისი მონტაჟის სპეციფიკას გაგაცნობთ.

მდგრადობა — დეკორატიული ფილა, რომელიც ბეტონისგან მზადდება, მყარი, გამძლე და მედეგია მასალაა წყლის ზემოქმედების, სითბოსა და ყინვის მიმართ. შესაბამისად, ნებისმიერ კლიმატურ პირობებს მარტივად ერგება  და მონტაჟისას სირთულეებს არ ქმნის. დეკორატიული ფილა ხანგრძლივად ინარჩუნებს პირველად იერსახესა და ფერს, ამავდროულად კი დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ეფექტურ ფუნქციონირებასა და მიმზიდველობას.

მონტაჟის სიმარტივე  —  ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რითაც დეკორატიული ფილები გამოირჩევა, მონტაჟის სიმარტივეა. განსხვავებით ნიჩბისისა და ბაზალტის ქვისგან, რომლებიც ბეტონის ზედაპირზე იგება, დეკორატიული ფილა ხრეშისა და ქვიშის ბაზას ემაგრება. ფილების დაგებამდე კი ნიადაგი გარკვეულ წერტილებში იჭრება/იხვრიტება, შემდეგ კი ზედაპირზე დახრილობა კეთდება, რათა ფილებზე მოხვედრილი წყალი არ დაგუბდეს და კონკრეტულ ადგილას გადაინაცვლოს. ინსტალაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზიანებული ფილის შეკეთებაც მარტივია, რადგან სხვა მასალებისგან განსხვავებით, ბეტონის ამოტეხა და დემონტაჟი საჭირო არ არის და ზედაპირის ყოველგვარი დაზიანების გარეშე კონკრეტული ფილა ადვილად იცვლება.

პრაქტიკულობა — დეკორატიული ფილა საკმაოდ მარტივი მოსავლელია, მისი გაწმენდა მარტივია წყლით და ნებისმიერი სარეცხი საშუალებით. ამავდროულად, ფილების დაგება შესაძლებელია ნებისმიერი რელიეფის მქონე ზედაპირსა და ზონაზე. არსებობს განსხვავებული სისქის მოდელები, რომლებიც განკუთვნილია საფეხმავლო და საპარკინგო სივრცეებისთვის. მაგალითად, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ საფეხმავლო ბილიკებზე მინიმალური სისქის — 4 და 6 სმ.-იანი ფილები დავაგოთ, ხოლო შედარებით სქელი მოდელები (10 სმ. სისქის) – სამანქანო ზონებზე, რადგან ამგვარი ფილები უფრო დიდ ზეწოლას უძლებს და მაღალი წონის პირობებში არ ზიანდება.

ესთეტიკური მრავალფეროვნება — დეკორატიული ფილების კიდევ ერთი უპირატესობა დიზაინისა და ფერების მრავალფეროვნებაა.  ესთეტიკური მხარე ეზოში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, ამიტომ თქვენთვის სასურველი ფილების მეშვეობით შესაძლებელია ეზოს იერსახე უფრო ეფექტური, შთამბეჭდავი და მიმზიდველი გახადოთ. სწორედ ამ უპირატესობის გამო მომხმარებლები არჩევანს ხშირად დეკორატიულ ფილებზე აკეთებენ.

რაც შეეხება მასალის ღირებულებას, დარგის სპეციალისტი გვიხსნის, რომ ფილების ფასი, 1 მ2-ის გათვალისწინებით, 21 ლარიდან იწყება, ღირებულება კი პროდუქტის დიზაინსა და სისქეზეა დამოკიდებული. ხოლო ხელობის საფასური, 1 მ2-ის შემთხვევაში, საშუალოდ, 20-30 ლარს შეადგენს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სტილთა შეხამების ძირითადი პრინციპები — ნანუკა ბერულავას რჩევები

კვების ობიექტი ფერადი აქცენტებით ფალიაშვილის ქუჩაზე — DODO Designs-ის ნამუშევარი