in

რამდენად ეფექტურია დეკორატიული რადიატორი თბოგამოცემის კუთხით?

დეკორატიული რადიატორები სულ უფრო და უფრო ტრენდული ხდება. მათზე მოთხოვნის გაზრდა, პირველ რიგში, ვიზუალურმა მხარემ და არჩევანის მრავალფეროვნებამ განაპირობა. დიზაინერები სწორედ ამ მოდელს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან განსხვავებული ფერის, ფორმისა და ზომის დეკორატიული რადიატორები მარტივად ინტეგრირდება ინტერიერის დიზაინში და სივრცეს სიახლეს, მრავალფეროვნებასა და ელეგანტურობას სძენს. ამ ტიპის რადიატორების ესთეტიკური უპირატესობა აჩენს კითხვას, თუ რამდენად ეფექტურია ისინი თბოგამოცემის კუთხით და რით განსხვავდება რადიატორის ეს ტიპი სტანდარტულისგან? დღეს ჩვენ სწორედ ამ თემას შევეხებით და შევეცდებით, მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

სანამ კონკრეტულად რომელიმე ტიპის რადიატორზე ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით გავრცელებულია 3 ტიპის რადიატორი: პანელური, სექციური და დეკორატიული. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება მასალით, თბოგამოცემითა და ვიზუალით.

პანელური რადიატორები შედარებით ბიუჯეტურია. ისინი ფოლადისაგან მზადდება და ერთიანი კონსტრუქციით ხასიათდება. განსხვავდება შრეებისა და სიმძიმის მიხედვით, ასეთი ტიპის რადიატორები თეთრი ფერის არის.

პანელური რადიატორი

სექციური რადიატორები ალუმინისაა. პანელურისგან განსხვავებით, რადიატორების ეს ტიპი ფერთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ უპირატესობას ისიც წარმოადგენს, რომ შესაძლებელია სექციებით სასურველი ზომის აწყობა.

სექციური რადიატორი

დეკორატიული რადიატორები კი დანარჩენებისგან გამოირჩევა ვიზუალური მრავალფეროვნებით, ზომით, ფორმითა და დიზაინით. ისინი მზადდება როგორც ალუმინისგან, ისე თუჯისგან. მათი მონტაჟი შესაძლებელია, როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად.

რა უნდა ვიცოდეთ დეკორატიული რადიატორების შესახებ?

დეკორატიული რადიატორის მთავარი უპირატესობა მისი ვიზუალური მხარეა. ის ფუნქციურ და დეკორატიულ დანიშნულებას ერთდროულად ითავსებს და სახლის გათბობასთან ერთად, თქვენი ინტერიერის ელეგანტურობასა და სიმყუდროვეზე ზრუნავს.

თეთრი, სტანდარტული რადიატორებისგან განსხვავებით, მრავალფეროვანი ასორტიმენტი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი ფერის რადიატორი და გაახალისოთ თქვენი სივრცე.

ფორმის თვალსაზრისითაც, დეკორატიული რადიატორები კომპაქტურია. შეგიძლიათ როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად დაამონტაჟოთ სასურველ ადგილას. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი – რაც უფრო დიდია რადიატორის ზედაპირის ფართობი, მით უფრო მეტია სითბოს გამომუშავება. ჰორიზონტალური დიზაინის რადიატორი ოდნავ უფრო ეფექტურია, რადგან განსხვავებით ვიწრო, ვერტიკალური რადიატორისგან, მას სიგანე ეხმარება კონვექციისთვის ცივი ჰაერის მიზიდვაში და ის მეტ სითბოს გამოყოფს.

დეკორატიული რადიატორების უმეტესობა რბილი ფოლადისგანაა დამზადებული. ის საკმაოდ კარგად ათბობს ოთახს და მისი დამზადება იაფი ჯდება, ამიტომ რბილი ფოლადისგან დამზადებული რადიატორი ეფექტური და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის. თუმცა, თუ გსურთ მისი ეფექტურობა გაზარდოთ, შეგიძლიათ ალუმინისგან დამზადებულ მოდელი შეარჩიოთ. ალუმინი სითბოს კარგი გამტარია. ის სწრაფად აღწევს თქვენთვის სასურველ, ოპტიმალურ ტემპერატურას და ფოლადის რადიატორებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებ წყალსა და გაზს იყენებს. მისი ფასიც, შესაბამისად, უფრო მაღალია.

რამდენად ეფექტურია დეკორატიული რადიატორი თბოგამოცემის კუთხით?

ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად ჩვენ აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ერთ-ერთ კომპანიას, მაქსთერმს მივმართეთ.

მაქსთერმის ტექნიკური დირექტორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს რადიატორის ხარისხსა და შესაძლებლობებს. სხვადასხვა მწარმოებლის რადიატორებს განსხვავებული სითბოგამოცემა აქვთ, რაც დამოკიდებულია რადიატორის სისქეზე, ზედაპირის ფართობსა და წიბოების რაოდენობაზე. სწორედ წიბოებით ეხება ჰაერი მეტალს. რაც მეტი წიბო აქვს რადიატორს, მით მეტია მისი სითბოგამოცემის უნარი. დეკორატიულ რადიატორებს არ აქვთ წიბოები, ამ მხრივ სტანდარტული რადიატორი შედარებით ეფექტურია. თუმცა, მითი, რომ დეკორატიული რადიატორი სითბოს არ გამოსცემს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მაქსთერმის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ხარისხიანი სტანდარტული რადიატორი დაახლოებით 15-20% -ით მეტ სითბოს გამოსცემს, ვიდრე ხარისხიანი დეკორატიული რადიატორი, თუმცა ეს მონაცემები დამოკიდებულია რადიატორის ბრენდსა და მოდელზე.

ყოველი რადიატორი სითბოგამოცემის დროს 20 გრადუსს კარგავს, მაგალითად, თუ 40 გრადუსიანი წყალი მივაწოდეთ რადიატორს, უკან 20 გრადუსი ბრუნდება მხოლოდ. იმისათვის, რომ მან სრულად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, გარე ტემპერატურის შესაბამისად, იგი 50-80 გრადუსიან წყალზე უნდა მუშაობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულად არ გაცხელდება, ზედა ნაწილი გათბება, ქვედა კი ცივი დარჩება.

მომხმარებლისთვის რადიატორის ზომისა და სექციის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სახლის კვადრატულობაა, რაც არასწორია. როგორც კომპანია მაქსთერმში განმარტავენ, მნიშვნელოვანია, სპეციალისტმა შეაფასოს სახლის პროექტი, სამშენებლო მასალა, სახლის თბოდანაკარგი, ჭერის სიმაღლე. ამის შემდეგ კი კომპეტენტურმა პირმა, მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, უნდა დაითვალოს და შეარჩიოს სახლზე მორგებული რადიატორი.

ამგვარად, დარგის სპეციალისტების თანახმად, დეკორატიული და სტანდარტული რადიატორების შედარებისას უპირატესობა უკანასკნელს ენიჭება, თუმცა ეს სულაც არ აკნინებს დეკორატიული რადიატორის სარგებლიანობას. დეკორატიული რადიატორის ვიზუალური მრავალფეროვნება, სწორად შერჩეული მოდელი და სპეციალისტის აზრის გათვალისწინება აუცილებლად დაგეხმარებათ ეფექტური პროდუქტის არჩევაში, რომელიც სითბოგამოცემის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.

ჰილარი სუონკის შესანიშნავი რეზიდენცია კოლორადოში

12.0 — მონოლითური რეზიდენცია სოფელ კანჯარის შუაგულში