ერთ-ერთი ადრეული ქალაქის დამგეგმავი — დენიელ ჰადსონ ბერნჰემი 1846 წლის 4 სექტემბერს ჰენდერსონში, ნიუ-იორკში დაიბადა. ის ჯერ სნოუს სვედენბორგის აკადემიაში, შემდეგ კი ცენტრალურ საშუალო სკოლაში სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბერნჰემმა იელში და ჰარვარდში ჩაბარების უფლება ვერ მიიღო, ასე რომ, საბოლოოდ არქიტექტურულ ფირმაში მხატვრად დაიწყო მუშაობა. ბერნჰემის ამბიციურმა ბუნებამ მას ამ ფირმაში დიდხანს დარჩენის საშუალება არ მისცა და ის ნევადაში გადავიდა. იქ მან ბედი სამთო მრეწველობაში სცადა და ასევე კენჭი იყარა შტატის სენატში, მაგრამ ორივე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. 1870 წელს ბერნჰემი ჩიკაგოში დაბრუნდა, რათა დაჰბრუნებოდა არქიტექტურას, როგორც კარიერას, მაგრამ ამჯერად უფრო ინტენსიურად.
1972 წელს დენიელ ბერნჰემმა Carter-ის, Drake-ისა და Wight-ის ფირმაში მხაზველად დაიწყო მუშაობა. ერთი წლის განმავლობაში კი მან თავის ერთ-ერთ თანამშრომელთან — ჯონ ველბორნ რუტთან თანამშრომლობის წამოწყება მოახერხა და საკუთარი პრაქტიკა შექმნა. ეს ორივესთვის წარმატებული ბიზნესის დასაწყისი იყო. მათ იმ დროისთვის პირველი 21-სართულიანი, 92 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი ააშენეს. მათი სხვა მსხვილი პროექტებია: “The Rookery”, “Reliance Building”, “Monadnock” შენობა და ა.შ. 1893 წელს რუტის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, ბერნჰემი, რამდენიმე სხვა არქიტექტორთან ერთად, ჩიკაგოში World’s Columbian Exposition-ს ჩაუდგა სათავეში. ეს პროექტი მის კარიერაში უდიდეს წარმატებად ითვლება.
რამდენიმე პროექტის შესრულების შემდეგ, დენიელ ბერნჰემმა წარმოადგინა ახალი გეგმა ჩიკაგოსთვის — ქალაქის მომავლის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა მომავალი პრობლემების არქიტექტურული გადაწყვეტის უზრუნველყოფას, ასევე, ამ ამერიკული ქალაქის მოსალოდნელი ზრდის კონტროლს. ამ გეგმის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებლებში შედის თითოეული მოქალაქისთვის ფეხით სასიარულო მანძილზე პარკების ხელმისაწვდომობა და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტები, რომლებიც ტბის სანაპიროსთან და მდინარესთან არის დაკავშირებული. ქალაქგეგმარებით მისი გატაცება ამ პროექტით არ დასრულებულა, ბერნჰემმა წვლილი ბევრი სხვა ქალაქის, მათ შორის კლივლენდის, სან-ფრანცისკოს, ბაგუიოსა და მანილას განვითარებაში შეიტანა.
ბერნჰემის ნამუშევრებზე გავლენისა და შთაგონების უმეტესი ნაწილი ბერძნული და რომაული არქიტექტურის კლასიკური სტილიდან მომდინარეობდა. მან XX საუკუნის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული არქიტექტორის სტატუსი მოიპოვა. უნივერსიტეტებმა, როგორიცაა იელი და ჰარვარდი (რომლებმაც ადრე მის მიღებაზე უარი განაცხადეს), ბრწყინვალე სამუშაოსთვის ბერნჰემს საპატიო ჯილდოები მიანიჭეს. მას ასევე მიეცა შესაძლებლობა, დაეკავებინა ამერიკულ არქიტექტორთა ინსტიტუტის პრეზიდენტის პოზიცია.