ახალმა დეველოპერულმა ბრენდმა – „ფიგურები“ – რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, ერთი შეხედვით, თითქოს უჩვეულო მესიჯი – „არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ სახლი“ – შემოგვთავაზა. კონცეფციასა და სტრატეგიაზე ფიგურების მარკეტინგის მიმართულების ლიდს, მაკუნა ორაგველიძეს და სააგენტო სვიფტის კრეატიულ დირექტორს ნატა აქულაშვილს გავესაუბრეთ.
მაკუნა, მოგვიყევი, როგორ შეიქმნა ფიგურები და საიდან წამოვიდა მთავარი მესიჯის იდეა?
რა თქმა უნდა, ბრენდის შენების პროცესში, ბევრი ფაქტორი გავაანალიზეთ, ბაზარზე არსებული შეთავაზებები, მომხმარებლის საჭიროებები, ყველაზე თვალშისაცემად გამოიკვეთა ის, რომ გადაჭარბებული დაპირებები თითქოს ჩვეულ მოცემულობად იქცა, ხშირად გვესმის ე.წ. buzz words, რომლებმაც სინამდვილეში მნიშვნელობა დაკარგა. ყველა ცდილობს შემოგვთავაზოს „საოცნებო“ სახლი, რომელიც ხშირად ზღაპრული უფროა, ვიდრე რეალური. რეალისტური დაპირებები თითქოს დაუფასებელ ღირებულებებად იქცა, რამაც პრაგმატული ადამიანები, ყურადღების ფოკუსს მიღმა დატოვა. ჩვენ გადავწყვიტეთ სწორედ ასეთ ადამიანებს გამოვეხმაუროთ. ამ შემართებით შეიქმნა მთავარი გზავნილი და შეთავაზება – „ არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ სახლი“ და მხოლოდ ის, რაც მართლა გჭირდება. ეს ყოველივე, თანამედროვე ეპოქაში, სადაც უფრო მეტ დაპირებას ვართ ჩვეული, ვიდრე შესრულებას, თამამ, გაბედულ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. ჩვენ გვჯერა, რომ გულწრფელობას დიდი ძალა აქვს. ვთვლით, რომ ბინის შეძენა უმეტესად რაციონალური, კარგად დაგეგმილი და გააზრებული გადაწყვეტილებაა და ამ დროს მომხმარებელი წარმოსახვით მომავალზე მეტად, მიმდინარე ყოველდღიური საჭიროებების ეფექტურ დაკმაყოფილებას მოითხოვს. ამბები კი, რაც სახლს ჩვენთვის საყვარელსა და განსაკუთრებულს ხდის, თავისთავად ხდება.
პირველი საიმიჯო ვიდეოს გმირები გადავწყვიტეთ ბავშვები ყოფილიყვნენ და მათ ესაუბრათ ნამდვილ საოცნებო სახლებზე, რაც სიმბოლური იყო, რადგან ერთი მხრივ, ყველაზე მდიდარი ფანტაზია მათ აქვთ და მეორე მხრივ, ყველაზე გულწრფელებიც ისინი არიან. კამპანიაზე სააგენტო სვიფტმა იმუშავა.
შენი დაკვირვებით, რა არის ის, რაც დღეს ბინის მაძიებელ მომხმარებელს „მართლა სჭირდება“?
ბაზარზე არსებული მოცემულობა გვაჩვენებს, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი პატარა ზომის ბინებია, სადაც ბუნებრივია ყველანაირი აქტივობის კომფორტულად დაორგანიზება ვერ ხერხდება, ამიტომ ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსებს ყოველთვის ექნება ადგილობრივი რესურსები, ძალიან ფუნქციური დატვირთვით.
ბრენდის მთავარი დანიშნულება, შექმნას დამატებითი ღირებულება მომხმარებლისთვის, ფიგურების შემთხვევაში საზიარო რესურსებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტებში გამოიხატება.
მაგალითად, გვექნება საერთო მულტიფუნქციური სივრცე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი მაცხოვრებელი დაჯავშნის და უსასყიდლოდ გამოიყენებს. სივრცეში შესაძლებელი იქნება პერსონალური ღონისძიებების, მაგალითად დაბადების დღის, იოგას კლასის, კინოჩვენების ჩატარება, რაც ხშირად საკუთარ ბინაში არასაკმარისი ფართის და რესურსის გამო ვერ ხერხდება. კომპლექსი დამატებით მოიცავს ასევე სრულად აღჭურვილ საერთო სამუშაო სივრცეს, იშვიათი საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების საზიარო ყუთს და ა.შ. პრაქტიკული დანიშნულება და ფუნქციურობა ყველგან იქნება გამოხატული, როგორც მიმდინარე კომპლექსში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ასევე მომავალ პროექტებში, დიდ თუ პატარა კომპონენტებში, სივრცის დაგეგმარებასა თუ ბრენდის შეთავაზებებში.
ფიგურების კომპლექსს ექნება პარკინგი, მწვანე ეზო, სპორტული მოედანი, აქცენტი გაკეთდება ენერგოეფექტურ მასალებზე, ყველაფერი რაც ვახსენე საკომუნიკაციო კამპანიაში სათაურის ქვეშ – „ჩვეულებრივი შეთავაზებები“ ერთიანდება, იმის აღსანიშნად, რომ დღეს მსგავსი ატრიბუტები ჩვეულებრივ საჭიროებად იქცა და არა „განსაკუთრებულ შეთავაზებად“.
ნატა, როგორი იყო პროექტზე მუშაობის პროცესი?
ადამიანების ცხოვრება გაცილებით გამარტივდებოდა, მათი გადაწყვეტილებები რომ პრაგმატული იყოს და თითოეული არჩევანი მიზნის სრულყოფილად მიღწევას ემსახურებოდეს. კამპანიის იდეაც ზუსტად ამგვარ გადაწყვეტილებებზეა – რაც საოცნებოა ზოგჯერ ოცნებებში უნდა დავტოვოთ და რაც რეალურია, ის განვახორციელოთ.
ძალიან საინტერესო იყო გადაღების პროცესი, რადგან თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა. ერთია ბავშვების გადაღება, მაგრამ მეორეა სცენარის გარეშე მათთან ურთიერთობა. ცხადია ბევრი კონსულტაცია გავიარეთ ბავშვთა ფსიქოლოგთან და გადაღების პროცესშიც სრულად გვეხმარებოდა. მეორე ეტაპი ამ ჯადოსნური სახლების გაცოცხლება იყო, რაზეც მაშო მარგიშვილმა და გიორგი ახვლედიანმა იმუშავეს.
გიზიარებთ კამპანიის making of ვიდეოს.
[R]