დიტერ რამსის კარიერა „Braun“-ში მისმა დიზაინის ხელმძღვანელის პოზიციამ განსაზღვრა. სწორედ აქ ჩამოყალიბდა მსოფლიოში ცნობილ დიზაინის გურუდ. დიტერის სახელი უკავშირდება შეუდარებელი სიმარტივით გამორჩეულ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა T3 რადიო და სტერეო სისტემა Atelier-ი. მისმა ნამუშევრებმა ჩაუყარა საფუძველი სხვა საკულტო დიზაინებს. მაგალითად, ჯონათან აივის მიერ „Apple“-ისთვის შემუშავებული მთელი ვიზუალური და სისტემური ენა, რომელიც iPod-ით დაიწყო, ამ უკანასკნელში კი ღიად ჩანდა T3-ის ესთეტიკა.
დიტერ რამსმა ჩამოაყალიბა 10 პრინციპი კარგი დიზაინის შესაქმნელად. ისინი, გარკვეულწილად, წინასწარმეტყველებაა. დღეს სწორედ ამ პრინციპებს გაგაცნობთ.
- კარგი დიზაინი ინოვაციურია.
დღეს ინოვაცია გავრცელებული სიტყვაა. იგი ხშირად განსაკუთრებული სიახლის მნიშვნელობით გამოიყენება, რომელიც ხშირად ფასადის უბრალო ცვლილებამდე შეიძლება დავიყვანოთ. პროდუქტები, რომლებზეც პასუხისმგებელი ვარ და ვიყავი, ერთგვარ ნიმუშებად იქცა, რადგან ისინი ინოვაციურია როგორც ტექნიკური, ისე დიზაინის თვალსაზრისით. აქ დიზაინი განმსაზღვრელ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს, რადგან მნიშვნელოვანია, პროდუქტის თითოეული შემადგენლის ფუნქცია დაბალანსებული იყოს მისი განვითარების ყველა ეტაპზე. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ყველა პროდუქტი ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც დღეს. დიზაინის ნიუანსების მსხვერპლად შეწირვის გარეშე, მათი ცვლილებით, პროდუქტში უნდა აისახოს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახალი მასალების გამოყენების აუცილებლობა.
- კარგი დიზაინი ხელს უწყობს პროდუქტის პრაქტიკულ გამოყენებას.
მოწყობილობის დიზაინი კარგია მაშინ, როდესაც მისი ოპტიმალურად გამოყენება შეიძლება. ასეთი დიზაინი კი შედეგია ინტენსიური, ღრმა კავშირისა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასთან, მის საჭიროებებთან, სურვილებსა და გრძნობებთან. მაგალითად, სკამს, მთავარი ფუნქციის გარდა, სხვა ბევრი დანიშნულებაც აქვს. საქონლის დიზაინმა უნდა შეითავსოს უფრო მეტი ფუნქცია, ვიდრე, უბრალოდ, პირველადია. თუმცა, დამატებითი ფუნქციების ძიებაში მარტივად შეიძლება „დაიკარგოთ“. დიზაინის თეორიაში ასეთი რამ დასაშვებია, მაგრამ პრაქტიკაში დიზაინერი ვალდებულია, გადაწყვიტოს, კონკრეტულად რომელი ფუნქციების წარმოჩენა სურს. საამისოდ მზა რეცეპტი არ არსებობს. მარკეტინგის, განვითარებისა და წარმოების გუნდთან მსჯელობის გზით ისეთი მოდელი უნდა შეიქმნას, რომელიც წარმატებით გააერთიანებს პროდუქტის ძირითად ფუნქციებს. ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანებს, ვისთვისაც კონკრეტული მოდელი იქმნება: ერთი და იმავე მომხმარებლისთვის, ოღონდ სხვადასხვა პრინციპით, შექმნილი პროდუქტები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება.
- კარგი დიზაინი ესთეტიკურია
პროდუქტის ესთეტიკური მომხიბვლელობა ბუნებრივად უნდა ერწყმოდეს მის პრაქტიკულ დანიშნულებას.
- კარგი დიზაინი მარტივად გასაგებია
კარგი დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის დანიშნულებას. შეიძლება ითქვას, რომ დიზაინთა უმეტესობა ერთი დიდი „თავსატეხია“. ხშირად ამ „თავსატეხთა“ „ამოხსნა“ დამღლელი ინსტრუქციის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია.
- კარგი დიზაინი მოკრძალებულია
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიზაინის მნიშვნელობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამას ამტკიცებს არაერთი დისკუსია სფეროს გარშემო. მიუხედავად მნიშვნელობის უდავო ზრდისა, იგი დღემდე უკანა პლანზე რჩებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი თავად დიზაინის ცნების სირთულეა: მაინც რა არის დიზაინი – ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება თუ ტექნოლოგია? ვფიქრობ, ამ კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: ინდუსტრიული დიზაინი ტექნოლოგიაა. დიზაინერს პროდუქტის შექმნა მხოლოდ ინდუსტრიული დიზაინის შესწავლის შემდეგ შეუძლია. ცხადია, საჭიროა გამოცდილება, კომპეტენცია და შესაბამისი მეთოდების ცოდნა. ყველაფერი დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია. თითოეული დიზაინი საფუძვლიანად უნდა იყოს გააზრებული, მისი კონსტრუქციის, მატერიალური თუ წარმოების მოთხოვნებიდან გამომდინარე. ტექნოლოგიური დიზაინი სულ უფრო საჭირო, ღირებული და მნიშვნელოვანი ხდება. ჩემი აზრით, სამომხმარებლო ტექნიკა ერთგვარი ინსტრუმენტია და ასეც უნდა დარჩეს, რადგან ისინი არც ხელოვნების ნიმუშებია და არც საკულტო მნიშვნელობის საგნები.
- კარგი დიზაინი გულწრფელია
ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ დიზაინი, ხშირ შემთხვევაში, „ატყუებს“ მათ და ხელს უშლის პროდუქტის რეალური მახასიათებლების აღქმას. ჩემი აზრით, დიზაინერებს ერთგვარი „საგანმანათლებლო მისია“ ეკისრებათ, რადგან ისინი სოციალურ-კულტურულ განვითარებაში მონაწილეობენ და ამას ვერ უარყოფენ.
7/8/9 კარგი დიზაინი ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე და თანმიმდევრულია
საუბარია დიზაინის პასუხისმგებლობაზე, შეუქმნას ადამიანს შესაფერისი გარემო. კარგი დიზაინი ზუსტია. პროდუქტის შექმნისას იგი ითვალისწინებს გარემოს. ვფიქრობ, მალე ეს საკითხი აკადემიური დისკუსიის საგანი გახდება, რადგან გარემოს დაცვა გვაიძულებს, გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე ვიფიქროთ. გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად, გამოყენებული მასალების გავლენა ან ენერგიისა და ნედლეულის გონივრული გამოყენება, დიზაინზეც მოქმედებს. ამაში „ვიზუალურ დაბინძურებასაც“ ვგულისხმობ. ჩემი გამოცდილებით, ეს ისეთივე მნიშვნელობის პრობლემაა, როგორიც, მაგალითად, ჰაერის, ნიადაგის ან წყლის დანაგვიანება.
- კარგი დიზაინი მაქსიმალურად მარტივია
ჩვენი უნდა დავუბრუნდეთ სიმარტივეს. ვფიქრობ, დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, უმნიშვნელო რაღაცების მოშორების გზით ხაზი გაუსვას მნიშვნელოვანს. დიზაინერის მიზანია (სოციალური თვალსაზრისით, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანიც), დაეხმაროს ადამიანებს ყოველდღიური ქაოსიდან თავის დაღწევაში. ვფიქრობ, დიზაინის ნაკლი მის მთავარ პრინციპებშია, კერძოდ, თავისუფლებაში – გამოხატოს თანამედროვე ტექნიკური მიღწევები. რა თქმა უნდა, ეს პრობლემური საკითხია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ტექნიკური პროგრესის შედეგად მიღებული პროდუქტების აუცილებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში: გვჭირდება კი ეს თანამედროვე მოწყობილობები? იქნებ ჯობია, ძველს, უკვე გამოცდილს დავჯერდეთ, რომლის გაუმჯობესებაზე ზრუნვაც უფრო გონივრული იქნებოდა?
უკვე შევეჩვიეთ იმ აზრს, რომ სულ მალე ვიცხოვრებთ სამყაროში, რომელშიც ტექნოლოგიები ყველაფერს ჩვენ მაგივრად გააკეთებს და საშუალებას მოგვცემს, ანგარიშგების გარეშე დავუშვათ შეცდომები. ვფიქრობ, საჭიროა, უკეთესად გავიგოთ ტექნოლოგიების არსი. უნდა გვესმოდეს, სინამდვილეში რას ნიშნავს კულტურა ან მისი ნაკლებობა. ჭეშმარიტი კულტურა მედიდური კი არა, მოკრძალებული და გულწრფელია. სისადავის მოხელთება მარტივი არ არის. ადამიანისთვის ხომ ყოველთვის უფრო ადვილია, დადებითის ნაცვლად, უარყოფითს მიემხროს. თუ დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ წაგიკითხავთ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჯოჯოხეთის სცენები გაცილებით უკეთესია, ვიდრე სამოთხისა.
შეცდომები, რომლებიც ყოველგვარი აუცილებლობის გარეშეა დაშვებული, უამრავია, თუმცა, ბევრი მათგანის თავიდან აცილება შესაძლებელია. საკითხავია, ნამდვილად გვინდა თუ არა ეს.
რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებისას თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ წინასწარ შექმნილ მოსაზრებებს, შემზღუდველ შეხედულებებსა და პირქუშ შიშებს, ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება. მორალის ცვლილება რთულია, მაგრამ თუკი უკეთ ვიაზროვნებთ, ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
დიზაინი, უპირველესად, სწორედ აზროვნების პროცესია.
წყარო: Domus
რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი