შემოდგომის მიწურული სწორედ ის პერიოდია, როდესაც საახალწლო მზადება და სასიამოვნო ფაცი-ფუცი იწყება. ამ დროს უკვე თითქმის ყველა მაღაზიას აქვს გამოფენილი საშობაო კოლექცია, რაც ახალი სათამაშოებისა და დეკორაციების შეძენის პროცესს კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.
თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ნამდვილი დღესასწაულის განცდა გსურთ, აუცილებლად უნდა სცადოთ საახალწლო დეკორაციების საკუთარი ხელით დამზადება. ეს პროცესი იდეალური საშუალებაა სტრესისგან გასათავისუფლებლად და პოზიტიური განწყობის შესაქმნელად.
დღეს ჩვენ დაგეხმარებით საახალწლო გვირგვინის დამზადებაში. ამისთვის ჩვენ “ინანოს” ბრენდის დამფუძნებლის, ირინა ხმალაძის რჩევებს გთავაზობთ და წარმოგიდგენთ მის მიერ შემუშავებულ ფოტოებით დასურათებულ დეტალურ გიდს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 3 მარტივი ეტაპისგან შედგება.
იმისათვის, რომ გავაკეთოთ ამგვარი საახალწლო დეკორაცია, დაგვჭირდება შემდეგი ნივთები:
- პენოპლასტის რგოლი
- ხელოვნური ნაძვის წიწვები
- ლენტები (წვრილი და მსხვილი)
- ბურთები
- სილიკონის წებო
- მაკრატელი
- გირჩები, ტოტები, მძივები – სურვილისამებრ
I ეტაპი
ვიღებთ პენოპლასტის რგოლს, ვახვევთ წვრილ ლენტს მაქსიმალურად მჭიდროდ და ახლოს (ისე, რომ რგოლი ბოლომდე დაიფაროს) და პარალელურად, სილიკონის წებოთი ვაფიქსირებთ მას. შემდეგ, ზემოდან ვაწებებთ ნაძვის პატარა ტოტებს.
II ეტაპი
მომდევნო ეტაპზე ვიწყებთ მზა წიწვებიან რგოლის ზემოდან გაფორმებას. თითოეულ დეტალს ვაფიქსირებთ სილიკონის წებოთი. მოსართავად ვიყენებთ მსხვილი ლენტით გაკეთებულ ბაფთას, გირჩებს, ტოტს, დიდი და პატარა ზომის ბურთებს და ასევე, ამ ყველაფერს შეგვიძლია დავამატოთ ფიფქების ან ვარსკვლავების ფიგურები (წინასწარ ნაყიდი ან ხელით გამოჭრილი).
III ეტაპი
ბოლო ეტაპზე გვირგვინის უკანა მხარეს ვაკეთებთ პატარა საკიდს ლენტის საშუალებით.
ასე მარტივად შეგიძლიათ დაამზადოთ ეს ულამაზესი დეკორაციები საკუთარი ხელით და შეუქმნათ სადღესასწაულო განწყობა საკუთარი ოჯახის წევრებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელსაქმისთვის დრო არ გრჩებათ, ამ ულამაზესი გვირგვინების მზა ვერსიების შეძენას “ინანოში” შეძლებთ.