in

თიხით წარმოჩენილი თეატრი და კინო – ინტერვიუ “დირეს” დამფუძნებელთან

ლაშა ჯუხარაშვილს ტელეეკრანებიდან კარგად ვიცნობთ. ის ხომ ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანის სამსახიობო გამოცდილების გარდა, სხვა ბევრი პროფესიაც აქვს. ალბათ, სწორედ ამიტომაც გვეუბნება, რომ ისაა “ადამიანი მრავალი საინტერესო ამბით”. ცოტა ხნის წინ მის გამოცდილებებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი – “დირე” შეემატა. ესაა დიზაინ სტუდია, რომლის ძირითადი მიმართულება კერამიკაა. უფრო დეტალურად, წარსული კარიერისა და “დირეს” ჩამოყალიბების შესახებ ლაშა ჯუხარაშვილს გავესაუბრეთ:

– პირველ რიგში, ვინ ხართ პროფესიით და როგორი კარიერა გქონდათ “დირემდე” – გვიამბეთ თქვენზე.

2009 წელს ჩავაბარე ორ უნივერსიტეტში, თეატრალურში – სამსახიობოზე, საოპერატოროზე და სამხატვრო აკადემიაში – ფერწერაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტად ადამიანი მაინტერესებდა, ჩავთვალე, რომ მსახიობის ოსტატობის ათვისება უფრო მიმაახლოვებდა ჩემს ამ ინტერესთან – გამეცნო ან შემეცნო ის.

2012 წელს დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი და, ჩემთვის მოულოდნელად, რუსთაველის ეროვნულ თეატრთან დავიწყე თანამშრომლობა. მალევე გავხდი დასის წევრიც. წლების გასვლასთან ერთად, უამრავი სამუშაო გამოცდილება დავაგროვე: ვიყავი პროექტების მენეჯერი, პიარ მენეჯერი, რადიო წამყვანი. მქონდა ასევე სარეკლამო იდეაფიქსი, რომელმაც ერთ-ერთ მსხვილ ბიზნეს კომპანიასთან ერთად შექმნა გამაგრილებელი სასმელი ,,ჩერო,, და ა.შ

მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ბოლო პროექტზე მუშაობისას დეკემბერში ჯგუფმა პაუზა აიღო საახალწლო შვებულების გამო და იგეგმებოდა თებერვალში გაგრძელება. თუმცა, მოვიდა კოვიდ-19 და სამყარო გაჩერდა, უცებ ყველაფერი ერთდროულად დაიხურა, საზღვრები ჩაიკეტა… რაც მთავარი იყო ჩემთვის, თეატრს რეგულაციების გამო აეკრძალა წარმოდგენების გამართვა. შედეგად, საკუთარი თავის გაწურვა და ახლის ძიება დავიწყე.

– კერამიკისადმი მანამდე რაიმე გამოცდილება თუ გქონდათ და ზოგადად, როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

საერთოდ, ძალიან მომწონს და მაინტერესებს ფორმა ხელოვნებაში, იქნება ეს მუსიკა, ფერწერა თუ სპექტაკლი. აქედან გამომდინარე, მსურდა, ამ სინთეზში მემოძრავა სულ. ასეთი მასალა აღმოჩნდა თიხა, რომელიც ერთდროულად საინტერესოცაა და რთულიც. მასზე მუშაობა რეპეტიციას ჰგავს – სულ ემზადები, რაღაც ყოველთვის გამოდის, მერე ისევ თავიდან აკეთებ და სანამ შედეგს არ მიაღწევ, ვერ ჩერდები. დასრულებაც საინტერესო ეტაპია – როგორ მიიღებს მომხმარებელი და რა გამოხმაურება ექნება პროდუქტს.

მოკლედ რომ ვთქვათ, 2021 წლის 1 თებერვალს დავარეგისტრირე ,,დირე დიზაინ სტუდიო,, და ახალი ხელსაქმის სწავლა დავიწყე. უამრავ ადამიანთან მომიწია ურთიერთობა კერამიკის მიმართულებით. ამდენი ინფორმაციის გადახარშვა და თან კეთება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. გავაკეთე სახელოსნო მეუღლესთან ერთად და დღემდე შრომით ვაგრძელებთ ამ საქმიანობას. ამ პერიოდში მივხვდი იმასაც, რომ დაუფასებელი შრომა არ არსებობს, ის ოდესმე აუცილებლად ფასდება.

– გვიამბეთ “დირეს” შექმნის საწყის ეტაპზე – როგორი პროცესი იყო ეს? 

“დირეს” მთელი იდეა კოლაბორაციებზე დაყრდნობით დაიწყო, მიმართულება და კონცეფციაც თავისით გვიკარნახა საქმემ. დღესდღეობით აქ იქმნება ნივთები ისტორიებითა და ამბებით რეალურ პიროვნებებზე.

საწყის ეტაპზე ვთანამშრომლობდი სხვა სახელოსნოებთან, სადაც მიმქონდა ჩანახატები და იმის მიხედვით ვამზადებდით ნივთებს. ამ პროცესში თავადაც ჩართული ვიყავი და ნელ-ნელა “შემომესწავლა” ეს საქმე. როდესაც შევისწავლეთ ბაზარი, აღმოჩნდა, რომ მსგავსი ხასიათისა და შინაარსის ნივთები არ მოიპოვებოდა.

ამის შემდეგ გავაკეთეთ გვერდები სოციალურ ქსელებში და ონლაინ გაყიდვა დავიწყეთ. ამ პერიოდში ყველა მაღაზია დაკეტილი იყო რეგულაციების გამო და აბსოლუტურად ყველა ბრენდი ერთ პლატფორმაზე ცდილობდა მომხმარებელთან ურთიერთობას. ამიტომაც, ჩვენც ვეცადეთ, მოვრგებოდით ახალ რეალობას. ამასობაში, შევიძინეთ მეგობარი ,,ბიზნესი”, რომელსაც მრავალნაირი და ულამაზესი მცენარეები აქვს. ჩვენი პროდუქტით შევედით მის სივრცეში და დღემდე ვაგრძელებთ მასთან ურთიერთობას. მომხმარებელთან ურთიერთობისთვის ეს კიდევ ერთი საშუალება აღმოჩნდა.

ასევე, დაინტერესება წამოვიდა ტელევიზიიდანაც და რამდენიმე გადაცემა გაკეთდა ჩვენ შესახებ, რაც უფრო დაგვეხმარა ცნობადობის ამაღლებაში.

ძალიან დაიხვეწა ზოგადად ადამიანების გემოვნება და მოთხოვნები. უამრავი განსხვავებული ადამიანისთვის გვიწევს დღესდღეობით ნივთის შექმნა, რაც საინტერესო პროცესია ჩვენთვისაც. ეს ყველაფერი რაღაცით სარეკლამო ბიზნესსაც ჰგავს – აკეთებ ყველასთვის ნივთებს, რომელიც რამდენიმე ფუნქციას და სახვითი ხელოვნების სფეროებს აერთიანებს, იქნება ეს მხატვრობა, ქანდაკება თუ კერამიკა.

– ნებისმიერ ახალ წამოწყებას ახლავს სირთულეები… გვიამბეთ ამ გამოცდილებაზე.

ცნობადობასთან ერთად, გაიზარდა პრობლემების სიაც. მოთხოვნების ზრდამ დაგვაყენა ახალი თანამშრომლების საჭიროების წინაშე. მარტო უკვე ფიზიკურად  ვეღარ ვაკეთებდი ამ ყველაფერს. დავიმატეთ რამდენიმე კერამიკოსი და გუნდი შევკარით. ტექნიკურადაც ცოტა წინ წავედით და წარმოებაც გაიზარდა. თუმცა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი საჭირო შედეგის მისაღწევად.

ძირითადი პრობლემა დღემდე ინვესტიციია, რომელიც ჯერ ვერ მოვიპოვეთ. ცუდი დრო დაგვემთხვა კოვიდის გამო. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ კომპანიას ვესაუბრეთ, ჯერჯერობით დაინტერესება მათი მხრიდან არ ყოფილა.

– საკმაოდ ორიგინალური დიზაინები გაქვთ – საიდან მოდის ხოლმე შთაგონება მათი შექმნის დროს?

შთაგონება წიგნიდან, ფილმიდან, ცხოვრებიდან და საერთოდ  ყველაფრიდან მოდის. შეიძლება რაღაც კონკრეტულ თემას ვუტრიალებდე, ან თვითონ მაწუხებდეს რომელიმე საკითხი. აი, სწორედ აქედან იწყება ნივთის შექმნის პროცესი. ჯერ ჩანახატი იხვეწება, შემდეგ თიხაში ეწყობა და მერე ვხვდები გამოვა თუ არა.

ალბათ პირველი პროფესიის არსებობამ ჩემში მაინც ეგოისტურად იფეთქა და აქაც თეატრი და კინო შემოვიდა. დრამატურგების აურაცხელი ჯარი მიდგას უკან, რაც უამრავ პერსონაჟს მთავაზობს. აქ თავად ვირჩევ როლებს – ხან რიჩარდი ვარ, ხან – ჰამლეტი.

ამბობენ, რომ მსახიობი თიხას ჰგავს და რეჟისორმა უნდა გამოძერწოს. აქ თავად ვანაწილებ როლებს, თავად ვძერწავ და თავადვე ვთამაშობ. ამ კომფორტის ძიებამ ის მოგვცა, რომ მომხმარებელს მარტო კერამიკის ნივთს არ ვთავაზობთ; ამ ყველაფერს რაღაც საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს.

– როგორ ფიქრობთ, რით გამოირჩევა “დირეს” პროდუქცია ბაზარზე არსებული მსგავსი პროფილის სტუდიების პროდუქციისგან?

ეს ალბათ მომხმარებელმა უფრო უნდა გადაწყვიტოს. ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ უბრალოდ მართალი და ბედნიერი ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ. ჩემთვის ყველაზე მთავარი ამ საქმიანობაში ისაა, რომ მასში ჩემი ოჯახია ჩართული. პირველი “კოლაბორაცია” შვილთან, იოანესთან ერთად მქონდა – მისი ნახატები დიდ ქოთნებზე გადავიტანე და მეორე დღესვე ავთანდილ ცქვიტინიძემ შეიძინა, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო.

– სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ..

არ ვაპირებ გაჩერებას. მოთხოვნაც იზრდება და სირთულეებიც, თუმცა, წინ დიდი გეგმებია. სექტემბერი მოდის და მინდა, ახალი მოდელებით შევხვდეთ მე და ჩემი გუნდი ამ პერიოდს. თუკი დაინტერესება წამოვა კომპანიებიდან და ინვესტორს ვნახავთ, აუცილებლად გავალთ ექსპორტზე. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ქვეყანასთან და საქმეს წინ ვიგდებთ.

ტური უილ სმითის მალიბუს სახლში

როგორ შევამციროთ მტვერი სახლში – 10 პრაქტიკული ხერხი