in

რა განსხვავებაა დიზაინერსა და სამშენებლო საქმეთა მწარმოებელს შორის? — თინათინ ძირკვაძის გზამკვლევი

ცოდნის სიმცირისა და ამ სფეროში გამოუცდელობის გამო, საზოგადოების ნაწილს დიზაინერისა და სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის, ე.წ. პრარაბის ფუნქცია-მოვალეობები ხშირად ერთმანეთში ერევა და არასწორი მოლოდინები უჩნდება, რაც უმეტესად უთანხმოებისა და გაუგებრობის მიზეზი ხდება. ამიტომ დღევანდელ სტატიაში ინტერიერის დიზაინერი თინათინ ძირკვაძე  საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს ამ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მჭიდრო კავშირში მყოფი პროფესიების შესახებ.

უპირველესად, უნდა განიმარტოს, რომ ინტერიერის დიზაინერი პასუხისმგებელია შიდა სივრცეების ესთეტიკაზე, ფუნქციურობასა და უსაფრთხოებაზე. მისი მოვალეობაა დამკვეთთან უშუალო კომუნიკაცია და მისი ინტერესების, სურვილებისა და მოთხოვნების გათვალისწინება, დიზაინის კონცეფციისა და პროექტის გეგმარების შემუშავება, მასალების, ავეჯის, ფერებისა და აქსესუარების შერჩევა, რათა სივრცემ სასურველი სახე მიიღოს.

სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი კი უშუალოდ სარემონტო პროცესში ერთვება და რემონტის მიმდინარეობის ხარისხზე, ბიუჯეტსა და ვადებზეა პასუხისმგებელი.

„პროექტის მომზადების, დამკვეთთან წარდგენისა და შეთანხმების შემდეგ იწყება ჩვენი, დიზაინერების ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი — ჩანაფიქრის რეალობად განხორციელება. სწორედ ამ ეტაპზე ერთვება სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი, რომელიც, პირველ რიგში, ეცნობა პროექტს, მასალებს, დავალებას და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი შედეგის მიღება სურს დამკვეთს. ამ შემთხვევაში დამკვეთი დიზაინერის მითითებითა და შესაბამისი პროექტის მიხედვით, ყიდულობს მოსაპირკეთებელ მასალებს, სანათებსა და ავეჯს. რაც შეეხება სამშენებლო საქმეთა მწარმოებელს, ის ობიექტზე იბარებს შესყიდულ პროდუქციას და მათ გადანაწილებასა და ინსტალაციას უზრუნველყოფს“, — განმარტავს თინათინი.

ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ სამშენებლო საქმეთა მწარმოებელს  ყველა სამონტაჟო თუ სამშენებლო ნახაზს დიზაინერი გადასცემს, მათ ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და დამატებითი კითხვების შემთხვევაშიც დიზაინერი ვალდებულია, სამშენებლო საქმეთა მწარმოებელთან ითანამშრომლოს. თუმცა, თინათინი იმასაც უსვამს ხაზს, რომ სამშენებლო მასალების შეფასება, ფასის რაოდენობის განსაზღვრა და მიტანის უზრუნველყოფა არ არის დიზაინერის პრეროგატივა.

„დიზაინერი არჩევს მხოლოდ „ბოლო ფენას“. მაგალითისთვის, დიზაინერი შეგირჩევთ ფილის და ფუგის ფერს. ფუგის ხარისხსა და ტიპს კი სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი აფასებს. ის ასევე პასუხისმგებელია სამშენებლო ვადებსა და ბიუჯეტზე.”

მშენებლობის მიმდინარეობისას, სხვადასხვა მიზეზით, ხშირად ხდება პროექტში ცვლილებების შეტანა. იმ შემთხვევაში თუ ეს ცვლილებები სივრცის ვიზუალურ მხარეზეც ახდენს გავლენას, ახალი კონცეფციის შემუშავებაში ერთვება დიზაინერი, რომელსაც თავდაპირველ პროექტში კორექტირების შეტანა და დამატებითი ელემენტების დამუშავება უწევს.

როგორც თინათინი აღნიშნავს, ამ პროცესში მნიშვნელოვანია დიზაინერისა და სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის ერთობლივი, შეთანხმებული მუშაობა, რადგან სწორედ ამგვარი თანამშრომლობა განსაზღვრას პროექტის წარმატებულ შედეგს.

„ტექნიკური გადაწყვეტილებების დროს სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი ჩვენთვის შეუცვლელი ადამიანია. ის უნდა გვთავაზობდეს სხვადასხვა ოპტიმალურ გზას იმისათვის, რომ დიზაინერებს ჩანაფიქრის განხორციელება გაგვიმარტივოს და რაც მთავარია, სრულყოფილი შედეგის მიღებაში დაგვეხმაროს“, — თინათინ ძირკვაძე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

კედლის ქაღალდის შეღებვა — რატომ იყენებენ ამ ტექნიკას შპალერის ან სტანდარტული ღებვის ნაცვლად?

საცხოვრებელი სახლი თვალადში — NS STUDIO-ს ნამუშევარი