ხალიჩა ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა სახლის ინტერიერში და ის თანამედროვე დიზაინშიც არ კარგავს აქტუალობას. მისი დახმარებით სივრცე ბევრად უფრო მყუდრო ხდება და თბილი, პოზიტიური განწყობა იქმნება. გარდა იმისა, რომ მას ოთახის გასათბობად, ტემპერატურის შესანარჩუნებლად იყენებენ, ხალიჩას დეკორატიული დანიშნულებაც აქვს და ვიზუალიური მხარის გასამრავალფეროვნებლად და განსაკუთრებული აქცენტების შესაქმნელად გამოიყენება. გამორჩეული დიზაინერული ხალიჩები ინტერიერს ელეგანტურობასა და ჰარმონიულობას სძენს, რადგან სწორად შერჩეული ფერები შეგიძლიათ სახლის სხვა ობიექტებსა და აქსესუარებს შეუხამოთ და გარემოს ერთიანი იერსახე მიანიჭოთ.
ამას გარდა, ნოხის გამოყენებით, გაერთიანებულ სივრცეებში ერთგვარი ზონირების შექმნა და კონკრეტული ავეჯისა თუ ოთახის ნაწილის გამოკვეთაა შესაძლებელი, რადგან ის უფრო თვალშისაცემი და მიმზიდველი გახდეს. თუ სახლის განახლება გსურთ, მაშინ სწორედ ამ ერთი დეტალის დამატებით შეგიძლიათ სრულიად შეცვალოთ ინტერიერის იერსახე და ის მეტად მიმზიდველი, მყუდრო, თბილი და მრავალფეროვანი გახადოთ. ამიტომ, დღევანდელ სტატიაში ჩვენ იმ სტუდიებზე გიამბობთ, სადაც დახვეწილი სტილის, თანამედროვე დიზაინერული ხალიჩების შეძენას შეძლებთ.
DODO Designs
DODO Designs არის კიდევ ერთი სივრცე, სადაც ინდივიდუალური სტილით შთაგონებული, ხელნაკეთი ფარდაგების შერჩევა შეგიძლიათ, რომელსაც ინტერიერის დიზაინერი დოდოშკა ჩხეიძე ამზადებს. გამორჩეული დიზაინისა და ორნამენტებით გაფორმებული ხალიჩები თქვენს სივრცეს უფრო კომფორტულსა და თვალსაჩინოს გახდის. მრავალფეროვანი ფარდაგები არასასურველი დეტალების დამალვას შეძლებს და კონკრეტულ ადგილს ბევრად მომხიბვლელსა და მიმზიდველს წარმოაჩენს.
The why not gallery
თუ გსურთ თქვენს ინტერიერს ორიგინალური და ყველასგან განსხვავებული მომხიბვლელობა შესძინოთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ The why not gallery-ის გამორჩეული ხალიჩების კოლექცია, რომელიც ნებისმიერ სივრცეში ინდივიდუალურ სტილს შეიტანს. თითოეული ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშად აღიქმება, რადგან ყველა მოდელზე სხვადასხვა ქართველი მხატვრის პრინტია გამოყენებული და ისინი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით იყიდება, რაც პროდუქტს უნიკალურობას სძენს. ხალიჩები თვალსაჩინო ვიზუალით, საოცარი ფერთა შეხამებით და დამახასიათებელი ხასიათით გამოირჩევა და ნებისმიერ გარემოში ელეგანტურ, მდიდრულ, დახვეწილ ხაზს შექმნის, ოთახს კი საუცხოო ვიზუალს მიანიჭებს. აღნიშნული მოდელები განსაკუთრებული საჩუქარი იქნება მათთვისაც, ვისაც ხელოვნება, მხატვრობა, საინტერესო ნამუშევრები იტაცებს და ორიგინალური აქსესუარები მოსწონს.
მარიანა ჭყონიას ნამუშევრები
ხელოვანი მარიანა ჭყონია, ქართული და სამხრეთ კავკასიური უძველესი ტექნიკით თექის ულამაზეს, განსაკუთრებულ ხალიჩებს ქმნის, რომელშიც უკვე მივიწყებულ ტრადიციას აცოცხლებს და თანამედროვე, ფერითა და ორნამენტებით გამორჩეულ დიზაინებს წარმოგვიდგენს. თექის ფარდაგები თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის ნებისმიერ სივრცეში და ინტერიერს სირბილისა და ჰარმონიულობის განცდას მიანიჭებს. ხალიჩა ტემპერატურის შენარჩუნებასთან ერთად, ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს და რაც მთავარია, შეხებისას სასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს. ამიტომ აღნიშნული მოდელები კომფორტის, დასვენებისა და განტვირთვისთვის ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. თექის ხალიჩა განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თქვენს ინტერიერში და მას ვიზუალურ მრავალფეროვნებასა და სიხალისეს შესძენს. ნამუშევრების ნახვა ხელოვანის პირად გვერდზეა შესაძლებელი.
კარპეტერია
„კარპეტერია“ ქართული სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს გამორჩეული დიზაინის, მრავალფეროვან ხელნაკეთ ხალიჩებს სთავაზობს. პროდუქციაში წარმოდგენილია ინდივიდუალური სტილის, ზომისა და ფორმის ხელნაკეთი ნოხები, რომლებიც თქვენს ინტერიერს გაალამაზებს და მეტ მყუდროებას შესძენს. „კარპეტერიაში“ შესაძლებელია, როგორც მზა მოდელების, ისე დამკვეთის მიერ შერჩეული დიზაინის დამზადება და შეძენა, რაც მომხმარებელს მეტ თავისუფლებას ანიჭებს, რადგან მას თავად შეუძლია აარჩიოს სასურველი ვიზუალის პროდუქტი. მასალად გამოყენებულია იმპორტული აკრილნარევი და ქართული ნატურალური სუფთა შალის ძაფი, რომელიც გამძლე და მარტივი მოსავლელია. ქართული ნაწარმის გამოყენება კი ახალგაზრდა კომპანიას მეტ გამორჩეულობას სძენს. კოლექცია ხასიათდება ფერადი, განსხვავებული სტილის მოდელებით, რომლებიც საზეიმო განწყობას შექმნის ნებისმიერ ინტერიერში.