in

დუპლექსი სახასიათო ინტერიერით ფალიაშვილის ქუჩაზე – ნუკრი კეკელიას ნამუშევარი

ვაკეში, ზ.ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა 160 კვადრატულ მეტრს მოიცავს და დიზაინერ ნუკრი კეკელიას დასრულებულ ნამუშევარს წარმოადგენს. საპროექტო დავალება გულისხმობდა იმას, რომ ოჯახში მცხოვრებ 4 ადამიანს, რომელთაგან 2 ბავშვია, ინდივიდუალური იზოლირებული სივრცე და სველი წერტილი ჰქონოდა. ამავდროულად, უნდა არსებულიყო საერთო გამოყენების ზონები, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური გადაკვეთა ექნებოდა. იმის გამო, რომ ბინის კეთილმოწყობა პანდემიის პერიოდში მოხდა, მობინადრეებს, ხშირ შემთხვევაში, სახლიდან უწევდათ მუშაობა და სწავლა, ამისათვის საჭირო გახდა სამუშაო ადგილების გამოყოფა საბავშვო ოთახებისგან.

როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, დასახული კონცეფციის მისაღწევად სივრცეები სხვადასხვა სართულზე გადანაწილდა და ამით განსხვავებული ზონები სრულად იზოლირდა ერთმანეთისგან. გეგმარების მთავარი გამოწვევა კი იმაში მდგომარეობდა, რომ სახლში მცხოვრები ადამიანების სურვილები და საჭიროებები შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულიყო და შექმნილიყო ისეთი ადგილი, სადაც მაცხოვრებლებს ექნებოდათ კომფორტული პირობები, რადგან ბინა ერთდროულად წარმოადგენდა როგორც სამსახურს სახლიდან მომუშავე ადამიანთათვის, ასევე, სკოლას მოსწავლეთათვის. მათი დროის განრიგი და მოთხოვნები კი განსხვავდებოდა.

შედეგად, საცხოვრებელში განთავსდა 3 საძინებელი, რომელთაგან ერთი მთავარი საძინებელია, მას საკუთარი საგარდერობო და აბაზანა გააჩნია. ამასთანავე, აქ ვხვდებით სტუდიოს ტიპის საერთო ოთახს, ვერანდას, ტექნიკურ ოთახსა და სამ სველ წერტილს.

ინტერიერში რამდენიმე სხვადასხვა ფერია გამოყენებული – ლურჯი, ცისფერი, მწვანე, წითელი, თუმცა თითოეულის გამაერთიანებელი – დომინანტური თეთრი ტონალობაა, რაც ბინაში არსებულ სიჭრელეს საკმაოდ სადად წარმოაჩენს. სახლში ვხვდებით ბევრ ხის დეტალსა და ქართულ აგურს, რომელსაც თანამედროვე სტილის დიზაინში სიძველის ელემენტები შეაქვს და ერთი შეხედვით უამრავ ეკლექტიკურ დეტალს აერთიანებს.

როგორც ნუკრი კეკელია გვიამბობს, გეგმარებისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ ბინას გააჩნდა ულამაზესი ხედი, მაგრამ ძალიან ვიწრო აივანი, სადაც ფიზიკურად ვერ მოთავსდებოდა ავეჯი. ამიტომ, დიზაინერის გადაწყვეტილებით, საერთო ოთახის დაპატარავების ხარჯზე გაიზარდა აივნის ფართი და ბინას, ვერანდის სახით, პრაქტიკულად ახალი ოთახი შეემატა. გარე გათბობის დახმარებით კი ამ ულამაზესი ხედით ტკბობა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

ამ ზონაში განთავსდა კომფორტული დასაჯდომები, ხელსაბანი და არაერთი მცენარე, რომლებიც მეტ მომხიბვლელობას სძენს სივრცეს და ექსტერიერს ჰარმონიულად ერწყმის. აივანზე ბინის სიმყუდროვე იგრძნობა, რაც სხვადასხვა დიზაინ ობიექტითა და აქსესუარების სიუხვით მიიღწევა. სავარძლებთან არსებული სანათი და სარკე ამ ადგილს განსაკუთრებულ სიმშვიდესა და ორიგინალურობას ანიჭებს და ოჯახის წევრებისა და მეგობრების თავშეყრის საყვარელ ადგილად აქცევს.

საკმაოდ საინტერესოა აივნის მოაჯირი, რომელიც არ შეცვლილა გეგმარებისას, მაგრამ რემონტის მიმდინარეობისას შეიღება ლურჯად და მთელ გაყოლებაზე დამალული ლენტური განათება დამონტაჟდა, რამაც ისედაც ულამაზეს ხედს, რომელიც აივნიდან იშლება, დამატებითი სილამაზე შესძინა.

გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულო ოთახში საინტერესო დიზაინი გვხვდება. აღნიშნულ სივრცეში ერთდროულად ძველი, ნოსტალგიური ატმოსფერო და თანამედროვე სტილი იკვეთება. სასადილო ხის მაგიდა ოთახში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრაქტიკულ და ამავდროულად, დეკორატიულ ელემენტს წარმოადგენს, რომელიც იდეალურად ეხამება ღია ხისფერ იატაკს, ბუხარსა და აგურის კედელს. მათი კომბინაციის შედეგად კი ბინა ძალიან მყუდრო, სიმშვიდის მომგვრელი და ინტიმური ხდება.

განსხვავებული აქცენტებისა და სიხალისის შემოსატანად სივრცეში მუქი წითელი, რბილი დივანი და ლურჯი ფერის სამზარეულო შემოდის. იმისათვის, რომ სამზარეულოს გარეგნული მხარე მაქსიმალურად დამალული ყოფილიყო, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ელემენტები ჩაშენებულ კარადებში დაიმალა (მაგალითად, მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა). ამ გზით ოთახს უფრო ერთიანი და ჰარმონიული იერსახე მიეცა.

მნახველის ყურადღებას კედელზე არსებული მოლდინგები იქცევს, რომლებიც დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს და ზედაპირზე გამოყვანილი ჩარჩოს ილუზიას ქმნის. ამ ოთახშივე არსებული ნახატები და სარკეები კი მეტად მიმზიდველ, ინდივიდუალურ იერს სძენს სივრცეს.

საძინებლები, ერთი მხრივ, სიმყუდროვით, მეორე მხრივ კი სახასიათო დიზაინით გამოირჩევა. მთავარ საძინებელში არსებული ლურჯი ფერის კედელი და ხის ავეჯი სივრცეს ელეგანტურ იერს ანიჭებს. ბავშვებისთვის განკუთვნილი ოთახი კი სრულად ერგება მათ საჭიროებებს და ფერად, სახალისო გარემოს წარმოშობს.

გამყოფ ოთახებს შორის არსებული ზონაც სრულად ათვისებულია. აქ პატარა სამკითხველო დაპროექტდა, რომელშიც კომფორტულად მოკალათება და მშვიდად კითხვა ან განტვირთვაა შესაძლებელი.

სააბაზანო სივრცე ინტერიერის საერთო თემატიკას იმეორებს და ძველისა და ახლის  კომბინაციას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ის მნიშვნელოვან ფუნქციურ დატვირთვას ითავსებს, ეს სივრცე ასევე ძალიან საინტერესოა დეკორატიული თვალსაზრისით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მთავარ ოთახში არსებული ორო ბუხარი, რომლებიც ვიტრაჟის კუთხეში მოთავსდა. ეს დეტალი განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს სივრცეს და მას მეტი სიმყუდროვით ავსებს.

საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტი ხასიათდება უცხო და განსხვავებული დიზაინით, რომელიც საინტერესოდ წარმოაჩენს ძველისა და ახლის დაბალანსებულ სინთეზს. ამას გარდა, ინტერიერში გვხვდება მაცხოვრებლების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული ყველა ფუნქციური ზონა, რაც ნებისმიერი დიზაინ პროექტის წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

პროექტის ავტორი: ნუკრი კეკელია 

ინტერიერის დიზაინ სტუდია: Projector Studio

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ქართული ავეჯის საწარმო განსხვავებული მიდგომით – M arts-ის კონცეფცია

10 ნივთი VELI.store-ზე, რომლებიც VISA ბარათის აქციის პერიოდში უნდა შეიძინოთ