უძრავ ქონებაზე ძალიან მაღალი ფასების გამო, ტაპეიში, ტაივანში გახშირდა მცირე ზომის ბინებში ცხოვრების პრაქტიკა. შესაბამისად, დიზაინერებს ყველაზე ოპტიმალური გეგმარების შემუშავებაზე უწევთ ფიქრი. ფუნქციურად კარგად დაგეგმარებულ ბინაში ასევე აუცილებელია ცოტაოდენი სივრცის დატოვებაც; მითუმეტეს, თუ ადამიანი აქ ხანგრძლივი დროით აპირებს ცხოვრებას. შესაბამისად, ეფექტურად უნდა მოხდეს ყველა კუთხის ათვისება და სივრცის სხვადასხვა ზონებად დაყოფა.
მაგალითისთვის – ეს 22 კვადრატული მეტრის და 3.3 მეტრი სიმაღლის ჭერის ბინა განვიხილოთ, რომელსაც ყველა პირობა გააჩნია კომფორტულად ცხოვრებისთვის.
ამ კონკრეტულ ბინაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფართობი შეიძლება ბევრ სასტუმროს ნომერზე მცირე იყოს, მეპატრონეს მკვეთრი მოთხოვნები ჰქონდა დიზაინერებისთვის:
- აბაზანა
- სივრცე სავარჯიშოდ
- თაროები წიგნების შესანახად
- სამუშაო სივრცე
- პატარა სამზარეულო
- სასადილო მაგიდა (ტაივანში, ფართის სიმცირის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი საწოლზე ან დივანზე მიირთმევს საკვებს)
ტატამი
კლიენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დიზაინერებმა არსებული სიმაღლე ორ დონედ გაჰყვეს. ნახაზს თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ პირველი სართული დაეთმო საცხოვრებელ ოთახს, აბაზანას და სამზარეულოს; მეორეზე კი საძინებელი და სამუშაო კუთხე მოეწყო.
ტაივანში აკრძალულია ბუნებრივი აირის შეყვანა ბინებში, რომელთაც არ გააჩნიათ აივანი. პატარა ელექტრო გამათბობელი კი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა აბაზანაში ცხელი წყლის უწყვეტად მიწოდებას, შესაბამისად დიზაინერებს პატარა წყლის გამათბობელი ავზისთვის სივრცის გამოყოფაც დასჭირდათ, რომელიც სარკიანი კარით დამალეს სააბაზანოში, ფართის ვიზუალურად გასაზრდელად.
ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ ავეჯის დიდი ნაწილი კედელთან დგას, ბინის სიმაღლის ასათვისებლად. ანტრესოლის ნაწილი, სადაც სამუშაო კუთხე, საწოლი და თაროებია, არ არის მაღალი და მხოლოდ მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაშია იქ ყოფნა შესაძლებელი.
საცხოვრებელი ოთახის შუაგული მრავალფუნქციურია; ორი მოგრძო მაგიდა, რომელიც კედელთან დგას შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბარი, ან ერთმანეთს მიედგას და სასადილო მაგიდის ფუნქცია შეასრულოს.
ბინაში კარგად აღწევს დღის შუქი და ის სათანადოდ ნიავდება. ინტერიერის ღია ფერები კი სივრცეს უფრო დიდს და ნათელს აჩენს.
ეს ბინა კარგი ნიმუშია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფართის სწორად და ეფექტურად დაგეგმარება.
ფოტო: archdaily.com