ნათია დალაქიშვილმა სანათების დიზაინის შექმნა 2013 წელს დაიწყო, დღეს კი მისი ხელნაკეთი პროდუქცია უკვე ბევრ ცნობილ ინტერიერში ფიგურირებს. როგორც თავად აღნიშნავს, ძალიან უყვარს საკუთარი საქმე და მუდმივად ძიების პროცესშია. დიზაინერი ინტერვიუში გვიყვება Dalakishvili lighting-ზე და სანათების დამზადების სპეციფიკაზე:
– მოგვყევით თქვენს კომპანიაზე და როგორ დაიწყო თქვენი სანათების დიზაინით დაინტერესება?
– სამხატვრო აკადემიაში დავამთავრე მინის დიზაინის ფაკულტეტი. იქიდან გამომდინარე, რომ მინის ქარხნები საქართველოში იმ პერიოდში არ არსებობდა, ამ კუთხით არასდროს მიმუშავია. დიზაინის სხვადასხვა სფერო მოვსინჯე, ბოლოს უმეტესად ინტერიერის დიზაინით ვიყავი დაკავებული და სწორედ ამ დროს შევნიშნე თუ რა დონეზე მნიშვნელოვანია განათება ინტერიერში და რამდენად რთულია სასურველი სანათის მოძებნა. ამიტომ გადავწყვიტე თავად მეცადა სანათების შექმნა. გამოვიკვლიე თუ როგორ კეთდება ეს ყველაფერი, რა მასალას იყენებენ და ამ ძიების პროცესში შევქმენი რამდენიმე პროდუქტი. მივხვდი, რომ ამ ყველაფერმა ძალიან დამაინტერესა. საბოლოოდ გადავწყვიტე მთლიანად ამ საქმისთვის დამეთმო დრო. 2013 წლიდან ვმუშაობ განათებაზე და მუდმივი ძიების შედეგად მივაღწიე იმ შედეგს, რომ დღეს უკვე ვქმნი სრულყოფილ პროდუქციას.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი ნამუშევარი?
– როგორც ვახსენე, პირველი რამდენიმე ნამუშევარი მქონდა ერთდროულად, ეს იყო მაგიდის დეკორატიული სანათები და ჭაღი, რომლებიც ნათურების ფორმების მიხედვით გავაკეთე. ეს ჭაღი ჩემმა მეგბარმა შეიძინა და თავის მაღაზიაში დაკიდა.
– როგორ ხდება დიზაინის კონცეფციის შემუშავება თითოეულ პროდუქტზე?
– როდესაც ახალ ფორმას ან მასალას აღმოვაჩენ, თვითონ ეს ყველაფერი მკარნახობს რისი გაკეთება შემიძლია ამისგან, როგორი ჭაღი, მაგიდის სანათი ან ტორშერი გავაკეთო. თვითონ ეს გამოყენებული ობიექტები მაძლევენ კონცეფციაზე ფიქრის მიმართულებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ინტერიერის ნახვა, სადაც ეს პროდუქტი განთავსდება. ხშირად მოდის ინსპირაცია და ხასიათი თვითონ იმ ადამიანისგან, კლიენტისგან, ვინც ამ ყველაფერს გვიკვეთავს.
– რა მასალებია გამოყენებული თქვენს პროდუქციაში და რა სპეციფიკა აქვს ხელობას?
– ძირითადი მასალა არის თითბერი. თითქმის ყველა ჩემი ნამუშევარი თითბერით არის გაკეთებული. ასევე მას ემატება მინის დეტალები, შეიძლება ასევე იყოს კერამიკა ზოგ პროდუქტში, ფერადი ლითონი ან თერმულად შეღებილი რაიმე მასალა. დეკორატიული სანათების დასამზადებლად ხშირად ხის მასალასაც ვიყენებ. როდესაც იქმნება რაღაც კონკრეტული მოდელი, საწყის ეტაპზე ვაკეთებ ესკიზს ზომების მიხედვით. შემდეგ ეს მონახაზი მიმაქვს ჩემს ხელოსანთან, რომელიც ამას ტექნიკურად მისრულებს. ვაწყობთ ერთად, ისე რომ დიზაინი რაც შეიძლება ზუსტი გამოვიდეს. შემდეგ ვაერთებთ ელექტროობას და სანათი მიდის უკვე ობიექტზე. განათებაზე როდესაც მუშაობ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი: კონსტრუქცია, სიმძიმე და ელექტროობის მახასიათებლები.
– თქვენი აზრით, რატომ არის ინტერიერში ასეთი მნიშვნელოვანი განათება?
– ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მისი სწორად განაწილება. ფუნქციონალური დატვირთვის გარდა, მას შეაქვს ინტერიერში კომფორტი და ვიზუალურადაც სასურველია ეს ყველაფერი იყოს ლამაზი და ესთეტიური. განათებამ უნდა შექმნას სივრცეში სიმყუდორივე, რაც ყველა ადამიანისთვის ასეთი მნიშვნელოვანია.
– რამდენად ხშირად გამოიყენება საქართველოში დამზადებული/ხელნაკეთი პროდუქცია პროფესიონალურ ინტერიერებში?
– ძალიან ხშირად იყენებენ ინტერიერის დიზაინერებიც და არქიტექტორებიც, მათთან ხშირად ვთანამშრომლობ და სტანდარტულ განათებას ხშირად ამჯობინებენ ხელით, ინდივიდუალურად შექმნილ სანათს. ერთობლივად ხშირად გადაგვიწყვეტია როგორი დიზაინი შევქმნათ, ვიტყოდი რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ამ სფეროში ხელნაკეთ განათებაზე.