საქართველოში, სადაც ისტორია და კულტურა მდიდარ მემკვიდრეობას ქმნის, თანამედროვე არქიტექტურა ხშირად ეყრდნობა იმ ურთიერთობებს, რომელიც ტრადიციულ და თანამედროვე სტილს აერთიანებს. ძველი სახლების განახლება არა მხოლოდ მათი ფუნქციური დატვირთვის აღდგენას გულისხმობს, ხაზს უსვამს იმასაც, როგორ შეიძლება ისტორიული მნიშვნელობის შენობები წარმატებით მოერგოს თანამედროვეობის მოთხოვნებს. ეს პროექტები გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ჩვენი წარსულის და მომავლის ჰარმონიული თანაცხოვრება.
დღეს მიმოვიხილავთ რამდენიმე შთამბეჭდავ პროექტს, სადაც დავინახავთ როგორ შეიძლება ძველმა სახლმა ახლებური ცხოვრება დაიწყოს, შეიქმნას ისეთი სივრცეები, სადაც ისტორიული მეხსიერება ცოცხლობს და ამავდროულად სრულყოფილადაა ადაპტირებული თანამედროვე ცხოვრების სტილთან.
ძველი სახლის ახალი სიცოცხლე ფალიაშვილის ქუჩაზე — ირინა ესვანჯიას ინტერიერი
ბინა, რომელზეც ირინამ იმუშავა გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული. არასტანდარტული, გამავალი ოთახებით, პატარა ზომის სამზარეულოთი და ორი მისაღები ოთახით. ამ სახლში ირინას ბებია ცხოვრობდა. თავად მასაც აქ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი აქვს გატარებული. ამიტომ მისთვის ამ პროექტზე მუშაობა განსაკუთრებით სენსიტიური იყო.
რემონტის დროს მთლიანად შეიცვალა ბინის გეგმარება. კედლების გასუფთავებისას აღმოჩენილი ძველი აგურის ფენა გასუფთავდა და ინტერიერში პირვანდელი სახით შენარჩუნდა. სივრცეში გვხვდება ხის და რბილი ავეჯი, ლამაზი ხალიჩები. აღსანიშნავია ძველებური ჭაღი, რომელიც მისაღებ ოთახს ამშვენებს და თითქოს იმ საყვარელ ბებიას აბრუნებს სახლში, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში რომ ცხოვრობდა.
ნათელ და პატარა სამზარეულოში გვხვდება თანამედროვე დეტალები – სკამები მაღალ ფეხებზე, კარადა ვარდისფერ და ბაც ფირუზისფერ ფერებში და ფართო ფანჯრები, რაც ოთახს სინათლით ავსებს.
მყუდრო საძინებელში ძველი აგურის ფაქტურა ჰარმონიულად ერწყმის დეკორატიული ლესვით მოპირკეთებულ კედლებს. ძველებური სტილის კედლის სანათი, რომელიც თითქოს თიხისგანაა გამოძერწილი ოთახს ძველ იერსახეს უნარჩუნებს.
ეს ბინა მართლაც განსაკუთრებულია! ნამდვილად არსებობს თანხვედრა ძველ და ახალ ელემენტების შორის, რაც ძალიან თბილ და ჰარმონიულ გარემოს ქმნის.
ისტორიული სახლის ახლებური იერსახე მთაწმინდაზე — თამა კალანდიას ნამუშევარი
მთაწმინდაზე მდებარე ამ ისტორიულ სახლში ადრე ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა. პირველ სართულზე კი “ივერიის” რედაქცია იყო განლაგებული.
ასეთი წარსულის მქონე სახლის ინტერიერზე მუშაობა ადვილი არაა. ძალიან უნდა მოინდომო, რომ თანამედროვე დეტალებით გაამდიდრო ბინა, მაგრამ არ წაშალო ის კვალი, რომელიც სახლს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა დაუტოვა.
საცხოვრებელი ფართი ორი ბინისგან შედგებოდა, რომელიც დამკვეთის სურვილით უნდა გაერთიანებულიყო.
სახლში მისაღები თავდაპირველი მდგომარეობით შენარჩუნდა და ორგანულად შეუერთდა ახალი დიზაინით შექმნილ მეორე სივრცეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ბინაში არ იყო შემორჩენილი ძველებური ჭერი, კედლები და იატაკი, აქცენტი ავეჯზე და აქსესუარებზე გაკეთდა.
თამა კალანდიამ ძირითადად კრემისფერ და ღია ხაკისფერ ტონალობებზე იმუშავა. ინტერიერში ჩართო ზოლიანი ტექსტილი და ფარდაგებიც.
ვარდისფერი სასადილო მაგიდის და ტყავის ნარინჯისფერი სკამების წყალობით მისაღებ ოთახში ახალი სიცოცხლე ჩქეფს. წიგნებისა და აქსესუარებისთვის ძველი ბუხრის გამოყენება დიზაინერის მხრიდან შესანიშნავი გადაწყვეტაა.
მწვანე ხელნაკეთი ჭაღიც არ დაგვავიწყდეს, როგორც ყვავილი ისე რომ დაჰყურებს ოთახს.
საძინებელში ზოლიანი ტექტსილი გვჭრის თვალს. ალბათ ილიასაც ჰქონდა სახლში ფერად-ფერადი მუთაქები, ვინ იცის, იქნებ მათ შორის ზოლიანებიც ერია.
სამზარეულოში შესულებს უნაზესი ყვავილებით მოჩითული შპალერი, ხის მასიური მაგიდა და ღია ხაკისფერი ავეჯი გვხვდება.
სახლში განსაკუთრებული შარმის მქონე ოთახია სააბაზანო, სადაც შავ-თეთრი ფილები და ღია ხაკისფერი კედლები ჰარმონიულად ერთიანდება. მთავარს შტრიხს კი დიდი ვიტრაჟები წარმოადგენს, რომელიც თამა კალანდიას დიზაინით დამზადებული ტილოს ფარდებით არის დამშვენებული.
მწვანესა და ნარინჯისფერში გადაწყვეტილი ეს აბაჟურიც წამით წარსულში გვაბრუნებს.
ეს სახლი მართლაც სიხარულის და ბედნიერების განსახიერებაა. სადაც წარსული და აწმყო მძლავრდააა ერთმანეთზე გადაჯაჭვული და არცერთი აპირებს პოზიციის დათმობას.
“ივერიის” რედაქცია და ილია ჭავჭავაძე ყოველთვის იქნება ამ სახლის თანმდევი ნაწილი. თუკი ვინმე იტყვის, რომ სიძველის და თანამედროვეობის შერწყმა არასწორია, ისევ ილია დაგვემოწმება: “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი”.
ბინა ვერაზე ცისფერი შუშაბანდით — ირმა გოგიაშვილის ნამუშევარი
ვერაზე მდებარე ამ ძველ, შუშაბანდიან ბინაზე ირმა გოგიაშვილმა იმუშავა.
ბინაში თვალშისაცემია ძველის და ახლის სინთეზი. ძველი ყაიდის კედლები, ცისფერი შუშაბანდი და ხის ახლებური იატაკი ერთობლიობაში საოცარ სინაზეს ქმნის.
სახლში შუშაბანდის გარდა არის მისაღები, ერთი საძინებელი, პატარა სამუშაო ოთახი და სამზარეულო.
სიძველის გამო სახლში მუშაობა საკმაოდ ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. თუმცა დიზაინერის სწორი ხედვის და კარგი დაგეგმარების წყალობით, ბინაში შენარჩუნდა ძველებური სული, რომელსაც თანამედროვე დეტალები სიახლით და პროგრესით ავსებს.
„ინტერიერის შექმნის პროცესი ჩემთვის ძალიან მოძრავია. თავიდან ვხედავ დაახლოებით სურათს, თუმცა შემდეგ მიმდინარეობისას ბევრი რამ იცვლება”, ამბობს ირმა.
მისაღები ოთახი მზიანი და თბილია. სტილთა არევა მრავალფეროვან და საინტერესო დიზაინს ქმნის. ღია ფერის კედლები და ხის იატაკი სივრცეს განსაკუთრებულ ჰაეროვნებას სძენს, ძველებური ფანჯრები და კარი კი ოთახს სიძველის ნატურალურ ეფექტს აძლევს.
სამზარეულოში მწვანე და ცისფერი ელემენტები გამორჩეულად ერწყმის პირვანდელ კედლებს, რომელიც ორგანულად ჯდება მთლიან ინტერიერში. მწვანე ფერის სამზარეულოს ავეჯი იდეალურად შეესაბამება იმავე ტონალობის სათავსოს, რაც ოთახში სიმყუდროვისა და დაცულობის შეგრძნებას ამძაფრებს. სამზარეულო ხომ ყველასთვის გამორჩეული და საყვარელი ადგილია.
საძინებლის ფერები სიმშვიდეს ასხივებს. ალბათ არაფერი სჯობს დილით აქ გაღვიძებას.
„ყოველთვის ვცდილობ, სივრცე გავაცოცხლო, საკუთარი სიცოცხლე ჩავბერო. ნახატებით, სკულპტურებით, მოგზაურობიდან ჩამოტანილი შთაბეჭდილებებითა თუ ნივთებით შევაზავო საცხოვრებელი გარემო”, ამბობს ირმა და ვფიქრობ ეს მას ნამდვილად საუკეთესოდ გამოუვიდა.
ხის მასალითა და თეთრი ფერის ელემენტებით შექმნილი ბინა მთაწმინდაზე. TIMM Architecture-ის ნამუშევარი.
ბინა, რომელზეც TIMM Archtecture-მა იმუშავა, მთაწმინდაზე, მე-19 საუკუნის ძველ შენობაში მდებარეობს.
საპროექტო დავალება მოიცავდა ისტორიული შენობის სხვენის საცხოვრებელ ფართად გადაკეთებას.
სახლი ძველ თბილისს გადმოჰყურებს. ულამაზესი ხედები მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.
სახლი ძირითადად თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, რომელსაც ავსებს ხის ელემენტები.
პროექტზე მუშაობის პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა კიბის ჩანართის გაძლიერება და მისი საცხოვრებელ სივრცესთან ჰარმონიული ინტეგრაცია გახდა. სასურველი შედეგის მისაღწევად, კიბეზე დამონტაჟდა ფოლადის კედელი, რომელიც სივრცის სიმსუბუქეს და მინიმალიზმს უსვამს ხაზს.
მისაღებ ოთახში სიძველის და სიახლის თანაარსებობა მნახველთათვის საინტერესო სინთეზს ქმნის.
სამზარეულო მცირე ზომის, მაგრამ ფუნქციურია. ბაცი ფერები მას სინათლის და სიმშვიდის ელფერს სძენს.
ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარე ეს სახლი თანამედროვე კონცეფციებს პასუხობს, სადაც ძირითადად ხე და თეთრი ფერი დომინირებს. პროექტის ავტორებმა მოახერხეს ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც მაცხოვრებლებს სთავაზობს კომფორტულ და ვიზუალურად მიმზიდველ გარემოს, რომელიც ინარჩუნებს კავშირს შენობის ირგვლივ არსებულ ქალაქის ისტორიულ ატმოსფეროსთან.
სახლი სოლოლაკში, რომელიც ერთ დროს ერეკლე II-ის აგარაკი იყო
ადვილი არაა ისეთ სახლზე დაიწყო მუშაობა, სადაც საუკუნეების წინ ერეკლე მეორე ისვენებდა.
სოლოლაკში მდებარე ამ უძველეს სახლზე მუშაობა ალბათ ანი კვარაცხელიას და მისი მეუღლის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო.
„როდესაც ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა ამ სახლში გვეცხოვრა, წარმოუდგენელი მეგონა მისი გარემონტება, იმდენად ძველი და დანგრეული იყო ყველაფერი“, ამბობს ანი.
ეს ისტორიული ნაგებობა, ორი ბინის გაერთიანებით ერთ სრულფასოვან სახლად იქცა.
ბინა ორსართულიანია. სართულებს ერთმანეთთან კიბე აკავშირებს.
ანისა და მისი მეუღლის ძირითადი მიზანი იყო მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ ძველი ელემენტები – აივანი, ვიტრაჟები, იატაკი და კედლები. ამოცანა რთული იყო, თუმცა მათ ამის გაკეთება შეძლეს.
ინტერიერის დიზაინზე მუშაობა შედარებით მარტივი აღმოჩნდა, რადგან სახლი ისედაც სავსე იყო ფერებით. ამ მიმართულებით ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ.
სახლი სავსეა ძველის და ახლის ნაზავით. თეთრი ფანჯრები, ფერად-ფერადი სავარძლები და ხის იატაკი მხოლოდ საამურ განცდებს აღძრავს.
ულამაზესი სანათი თითქოს ერეკლეს დროში გვაბრუნებს.
აქ ყველა დეტალი კარგად მოფიქრებული და გათვლილია.
სახლში თანამედროვეობასთან ერთად წინა საუკუნეების სურნელიც ტრიალებს. თითქოს სულ ახლახანს სახლში ერეკელე II იყო ჩამოსული დასასვენებლად.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2