ინტერიერის დიზაინის ინსტაგრამ ექაუნთის Philamena-ს შესახებ ალბათ ბევრს გსმენიათ. მეტიც, შეიძლება მისი 20 000 გამომწერიდან ერთ-ერთიც კი ხართ. ამ გვერდის ხელმძღვანელი მოდის რედაქტორი ნატაშა ჰოვარდია. მან ეს პროფილი 3 წლის წინ გააკეთა იმ მიზნით, რომ საკუთარი ინტერესი დაეკმაყოფილებინა ინტერიერების მიმართ.
მოხდა ისე, რომ ცოტა ხნის წინ მას ლონდონის სახლის ინტერიერი ანდეს და აღმოჩნდა, რომ ნატაშა ისეთივე ნიჭიერია სახლის მოწყობაში, როგორც სწორი სურათების არჩევასა და გაზიარებაში. ეს არის მისი პირველი და საკმაოდ წარმატებული პროექტი. აღნიშული სახლი ოთხ სართულიანია და თავდაპირველად ის სრულ რემონტს საჭიროებდა. ”ჩემი მიზანი იყო ისეთი სახლის შექმნა მხიარული ოჯახისთვის, რომელიც მათ თავს მშვიდად აგრძნობინებდათ”, – განმარტავს ნატაშა.
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელმა ოჯახმა ნატაშა მხოლოდ დეკორაციებისთვის დაიქირავა, მოხდა ისე, რომ მას სრულად ჩართვა მოუწია ინტერიერის შექმნის პროცესში. შეიძლება ითქვას, რომ ნატაშამ სახლის შექმნა ნულიდან დაიწყო. დღეს კი ეს სივრცე მოიცავს სამ სართულზე განთავსებულ ხუთ საძინებელს. მთავარი საძინებელი იკავებს მთელ მეორე სართულს და მოიცავს საგარდერობო სივრცესა და აბაზანას. პირველ სართულზე, სახლი გაფართოვდა უკანა მხარეს, რამაც გამოათავისუფლა ადგილი დიდი, ნათელი სამზარეულოსთვისა და სასადილო ოთახისთვის.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანი სახლი ფერადი ოთახების ერთობლიობაა – თუმცა, ისინი სიფერადესთან ერთად, ინარჩუნებენ კომფორტსა და პრაქტიკულობას.
სამზარეულო და სასადილო ოთახი ნათელ ფერებშია მოწყობილი. ამ სივრცეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხის მოწნული სკამები და კალათები, რომლებიც ერთგვარად შინაურულ განწყობას ქმნის. ორიგინალური და ძალიან მარტივია განათებაც, რომელიც ბარის თავზეა განთავსებული.
ამ სახლში სამრეცხაო ოთახზეც კი დიდი ყურადღებაა გამახვილებული. შეუძლებელია, თვალში არ მოგვხვდეს ფერი, რომელშიც ეს სივრცეა გადაწყვეტილი.
სახლის ძალიან დახვეწილ და უცხო სივრცეს წარმოადგენს მისაღები ოთახი, რომელიც მუქ წითელ ფერშია გადაწყვეტილი. ოთახს ამშვენებს მარმარილოს ბუხარი და დიდი მრგვალი ფორმის სარკე.
სახლის საძინებლები ჭრელი შპალერებითაა გაფორმებული, რაც წმინდად ლონდონურ განწყობას ქმნის. აქაური ფერები ძველი ინგლისური სახლის ტრადიციას აცხოცხლებს.
არქიტექტურული სტუდია: Studio McLeod
ფოტოგრაფი: CHRISTOPHER HORWOOD