in

ეერო საარინენი – ფინური წარმოშობის ამერიკელი არქიტექტორი

ეერო საარინენი ფინეთში დაბადებული ამერიკელი არქიტექტორია, რომელიც გასული საუკუნის 50 -იანი წლების ამერიკულ არქიტექტურულ დიზაინში ექსპერიმენტებისა და კვლევის ტენდენციის ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენს.

ეერო საარინენი იყო ცნობილი არქიტექტორის, ელილ საარინენის, და ტექსტილის დიზაინერისა და მოქანდაკის, ლოა გესელიუსის შვილი. საარინენების ოთხსულიანი ოჯახი, რომლის წევრი იყო ასევე საარინენის და – ევა-ლისა, 1923 წელს გადავიდა აშშ-ში, სადაც პირველად ევანსტონში, ილინოისში, შემდეგ კი ენ არბორში, მიჩიგანში დასახლდა.

1929 წელს ეერომ პარიზში, Académie de la Grande Chaumière-ში, მოქანდაკეობა შეისწავლა, თუმცა, როგორც წლების შემდეგ გაიხსენა, „არასოდეს მიფიქრია რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც მამაჩემის ნაკვალევს არ გაჰყვებოდა.“

1931-1934 წლებში ეერო საარინენი არქიტექტურას იელის უნივერსიტეტში დაეუფლა, იმ დროს, როცა სასწავლო პროგრამა თანამედროვე თეორიებით არ გამოირჩეოდა. მისი მამის, ელილ საარინენის არქიტექტურა ცენტრალური შუასაუკუნოვანი სკანდინავიური სტილების მოქნილ ინტერპრეტაციას ეფუძნებოდა. ამერიკაში გადასვლის შემდეგ, 1925-1941 წლებში, მან შექმნა რამდენიმე კერძო სკოლა, მათ შორის კრანბრუკის ხელოვნების აკადემია ბლუმფილდ ჰილზში, რაც ამ ლიბერალური და რომანტიკული მიდგომის შესაბამისად იყო პროექტირებული.

იელში ახალგაზრდა საარინენმა მოიგო სამოგზაურო სტიპენდია, რამაც 1934–35 წლებში შესაძლებელი გახადა მისი ევროპული მოგზაურობა. შემდეგ ის კიდევ ერთი წელი დარჩა ჰელსინკიში, სადაც არქიტექტორ ჯარლ ეკლუნდთან მუშაობდა.

ეერო საარინენის პროფესიული მუშაობა შეერთებულ შტატებში 1936 წელს დაიწყო. ფლინტის კვლევისა და დაგეგმვის ინსტიტუტთან ერთად მან  საბინაო და ქალაქგეგმარების კვლევებზე დაიწყო მუშაობა.

იგი შეუერთდა მამის პრაქტიკას ბლუმფილდ ჰილზში 1938 წელს და ერთი წლის შემდეგ მათმა ერთობლივმა, მშვიდმა, მაგრამ მონუმენტურმა დიზაინმა სავაჭრო ცენტრისთვის ვაშინგტონში, სმიტსონის ინსტიტუტის ხელოვნების გალერეის კონკურსში პირველი პრიზი მოიპოვა. თუმცა ეს დიზაინი თაროზე დარჩა და არასოდეს შესრულებულა.

1940 წელს ეერომ და მისმა მამამ, ელილ საარინენმა, დიზაინი შექმნეს კროუ აილენდის სკოლისთვის ვინეტკაში, ილინოისში. ეს იყო ერთსართულიანი, ფართო სტრუქტურა, რომელიც სიღრმეში ფართოვდებოდა და ზედმიწევნით იყო მორგებული დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის. ამ არქიტექტურულმა ხედვამ  შემდგომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ომისშემდგომი  სკოლების დიზაინზე.

ასევე 1940 წელს ეერო გახდა აშშ-ის  მოქალაქე. იმავე წელს იგი შეუერთდა ჯ. რობერტ ფ. სვანსონის საპარტნიორო ჯგუფს. ეს პარტნიორობა 1947 წელს დაიშალა, და შედგა ახალი – „საარინენ, საარინენ და ასოცირებულები“, რომლის მუშაობა მამა საარინენის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.

მამის გარდაცვალების შემდეგ 11 წლის განმავლობაში, საარინენმა წარმოადგინა საოცრად განსხვავებული და მრავალფეროვანი დიზაინი, უფრო გამოხატული, აქტიური და მრავალფეროვანი დიაპაზონით.

ადრეული თანამედროვე არქიტექტურის ფუნდამენტური წინაპირობების შესწავლისას, ეერო საარინენმა შემოიტანა სკულპტურული ფორმები, რომლებიც არქიტექტურული ხასიათისა და ვიზუალური დრამის სიმძლავრით გამოირჩეოდა. ეს ადრე არავინ იცოდა. კვლევის შედეგები იმდენად ამაღელვებელი იყო, ყველა ეერო საარინენზე და მის ხედვებზე საუბრობდა. განსაკუთრებული მოწონება კი მათგან დაიმსახურა, ვინც  დაიღალა თანამედროვე არქიტექტურის ინტერნაციონალური სტილის ერთფეროვნებითა და სიმკაცრით.

საარინენის თავდაპირველი დამოუკიდებელი პროექტი, რომელმაც მას მყისიერი პოპულარობა მოუტანა, იყო ჯენერალ მოტორსის ტექნიკური ცენტრი, რომელიც მდებარეობს უორენში, მიჩიგანში. საარინენმა მოაწყო ხუთი მნიშვნელოვანი სამშენებლო კომპლექსი, თითოეულ მათგანზე კი მშენებლობის დაწყებამდე ცალკეული კვლევა ჩაატარა.  კომპლექსი აუზის გარშემო განლაგდა, რომელიც 9 ჰექტარს მოიცავდა. ტერიტორიას ესაზღვრეობა 130 ჰექტარი ტყის ზოლი.  ეს დაბალი სტრუქტურები სიზუსტით და მოდულარული რიტმით წააგავს ლუდვიგ მიეს ვან დერ როეს დიზაინებს და ალბერტ კანის ადრეულ საავტომობილო ქარხნებს. საარინენის  კედლის დიზაინი, რომელიც ლითონის პანელებით და მინა-ალუმინის ჩარჩოებით შექმნა, ხშირად მეორდება. ცენტრის მოცულობამ და სილამაზემ ბევრს გაახსენა მე-20 საუკუნის ვერსალი.

საარინენმა 1953 წელს დააპროექტა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კრესგის აუდიტორია და სამლოცველო, სადაც  გამოიყენა სფეროს მერვე ნაწილი აუდიტორიისთვის და ცილინდრი სამლოცველოსთვის.  მთელი აუდიტორია რადიკალურად გამარტივებული ფორმისაა. პატარა სამლოცველო წარმოადგენს წითელი აგურის ცილინდრს, რომელიც განათებულია ექსკლუზიურად ზემოდან.

მიუხედავად ზოგიერთი კრიტიკოსის მოსაზრებისა, რომ გადაწყვეტილებები იძულებითი და თვითნებური იყო, ეს შენობები მიუთითებს იმ ძიებაზე, რომელიც საარინენმა დაიწყო საზოგადოებრივი შენობებისთვის მნიშვნელოვანი და ამომწურავი ხასიათის გამოსახატავად.

საარინენი  ხანდახან სწორხაზოვან ფორმებსაც იყენებდა. მაგალითად, შეერთებული შტატების საელჩო ლონდონში (1955–60) და ჩიკაგოს უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა (1956–60) სწორედ ამ მეთოდების გამოყენებითაა შექმნილი. ეს იყო მისი თავისუფალი სკულპტურული დიზაინი, რომელმაც ასევე დიდი ყურადღება და აღიარება მოიპოვა.

1956 წელს შექმნა ორი ისეთი ნამუშევარი, რომლებიც შეიძლება მისი ბიოგრაფიის წარმდგენებად ჩაითვალოს: ინგალის ჰოკეის მოედანი იელის უნივერსიტეტში, ნიუ ჰევენში და Trans World Airlines (TWA) ტერმინალი ჯონ ფიცჯერალდ კენედის საერთაშორისო აეროპორტში, ნიუ-იორკში.

საარინენის ძალისხმევა, პირველ რიგში, მიმართული იყო განათლებისა და ინდუსტრიის ინსტიტუციური შენობებისკენ. მან ააშენა მხოლოდ ერთი ცათამბჯენი, CBS-ის სათაო ოფისი ნიუ-იორკში  და რამდენიმე სახლი. მათ შორის ერთ-ერთი ერთი დაქვრივებული დედისთვის.

მისი 1948 წლის პრიზის მფლობელი დიზაინი ჯეფერსონის ნაციონალური მემორიალისთვის (შემდგომში Gateway Arch National Park) სენტ-ლუისში, მისურიში, დასრულდა 1965 წელს. Gateway Arch არის ელეგანტური, მიმზიდველი და მართლაც თვალწარმტაცი თაღი, დამზადებული უჟანგავი ფოლადისგან, რომლის სიგანე და სიმაღლე 190 მეტრია.  ის  ცერემონიალური და განსაკუთრებულ ადგილია, თუმცა ამავდროულად ადამიანებში იწვევს სიხარულისა და სიმარტივის განცდას. ეს არის ის, რისი პოვნაც შესაძლებელია საარინენის ყველა ნამუშევარში.

საარინენი, როგორც ბევრი თანამედროვე არქიტექტორი, ცდილობდა ავეჯის დიზაინშიც ეცადა ბედი. მისთვის განსაკუთრებულად საინტერესო სკამები აღმოჩნდა, რადგან თვლიდა, რომ იმდროინდელ სკამს ესთეტიკური და სტრუქტურული პრობლემები ჰქონდა.

1941 წელს, საარინენმა და ჩარლზ ეიმსმა ეროვნული ავეჯის პრიზი მიიღეს ჩამოსხმული ფიჭვის ხის სკამებისთვის, რომელიც იყო ერთ-ერთი ინოვაციური და კომპოზიტური დიზაინი იმ დროისთვის. 1948 წელს, საარინენმა შექმნა ცნობილი “womb chair”, რომელიც გამოირჩეოდა მინის ბოჭკოვანი დეტალებით, რეზინის ჩანართებით და ქსოვილის კომფორტული დამუშავებით. ეს სკამი იყო ნამდვილი ინოვაცია, რომელშიც შერწყმული იყო კომფორტი და ესთეტიკა.

მისი ბოლო ავეჯის დიზაინები მოიცავდა კვარცხლბეკზე დაფუძნებული სკამებისა და მაგიდების სერიას (1957), რომლებიც აერთიანებდა სკულპტურული ალუმინის ბაზას პლასტმასის სკამებისთვის. ავეჯის დიზაინის მრუდი ფორმები პარალელურად იყო მისი მზარდი ინტერესი სკულპტურული არქიტექტურული ფორმების მიმართ.

გარეგნულად საარინენი წყნარი, მშვიდი კაცი იყო, საკმაოდ თამამი იუმორით.  თუმცა, ის ძალიან სერიოზულად უდგებოდა საქმეს და მუდმივად კონკურენციაში იყო თავის უახლეს ნაშრომებთან. მისმა სურვილმა, შენობებს გამოეთქვათ კონკრეტული განცხადებები, ახალი შესაძლებლობები გახსნა თანამედროვე დიზაინისთვის. ის ყოველთვოს ღია იყო, მოესმინა ახალი იდეები. მისი შენობები შექმნილი იყო დიდი სიფრთხილით, კლიენტების პრობლემისა და მოთხოვნის ზედმიწევნით შესწავლით მუშაობის დაწყებიდან საბოლოო დასრულებამდე.

საარინენი თავის ტვინის სიმსივნით 51 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1961 წელს. მან დატოვა მრავალი პროექტი, რომელთა დასრულება მის კოლეგებს მოუწიათ. ის ყოველთვის დაინტერესებული იყო დიზაინითა და სხვა რეალური ინტერესები არ გააჩნდა. მას არასოდეს დაუწერია წიგნი. დროდადრო მხოლოდ საკუთარ პროექტებზე და არქიტექტურის თეორიაზე საუბრობდა. თუმცა, მან გახსნა მიმართულება დიზაინის კვლევისა და ექსპერიმენტებისთვის, რასაც მანამდე არავინ აკეთებდა. მისი ხედვა დღესაც ძალიან პოპულარულია და ბევრი თანამედროვე არქიტექტორი ეერო საარინენს თავის მასწავლებლად მიიჩნევს.

ლოფტი თამამი ფერებით ამსტერდამში

კერძო სახლის მშენებლობის სრული გზამკვლევი – რა უნდა გავითვალისწინოთ?