in

ბარი ეკლექტური დიზაინით თბილისში — „Material Editors“-ის ნამუშევარი

ბარის ახალი პროექტი „Cord Brunch & Bar“ ინტერიერის დიზაინის სტუდია „Material Editors“-ის ნამუშევარია. ობიექტი ვერაზე, ჯანაშიასა და ხორავას ქუჩების კვეთაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 50 მ2-ია.

საპროექტო დავალება გულისხმობდა საკვები ზონისა და ბარის გაერთიანებას და ისეთი ადგილის შექმნას, სადაც დღის განმავლობაში – საუზმის/ლანჩის მირთმევა, დასვენება, მუშაობა, საღამოს საათებში კი, კარგი მუსიკის ფონზე, კოქტეილების დაგემოვნებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ფუნქცია ერთმანეთისგან განსხვავდება, პროექტის ავტორებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი. დასახული მიზნის მისაღწევად, სივრცის გარდაქმნა მარტივად უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.

Material Editors“-ის გუნდმა გადაწყვიტა, განათება და ავეჯი თავად დაემზადებინა და მაქსიმალურად აერიდებინა თავიდან ისეთი ადგილის შექმნა, რომელიც დღისით კაფეს, ღამით კი ბარის შთაბეჭდილებას დატოვებდა.

ობიექტი ძველი აგურისგან ნაშენი შენობის პირველ სართულზე მდებარეობს. დემონტაჟის შემდეგ ძველი ნალესი და შპალერი აღმოაჩინეს. დიზაინერებმა მათი დიდი ნაწილის შენარჩუნება შეძლეს, ნაწილი კი ღიად, დაუმუშავებელი დატოვეს.

მთლიანად შეიცვალა კარ-ფანჯრები, მათ ნაცვლად კი ტექსტურიანი შუშები დამონტაჟდა, რომლებიც საოცრად საინტერესო და მისტიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ავეჯი ადგილობრივმა მწარმოებლებმა არმატურისგან დაამზადეს. განათება, რომელიც ფერს იცვლის, პროექტის ავტორებმა თავად შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ეს საკმაოდ რთული საქმე იყო, დიზაინისთვის ფერთა ცვლილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სანათები დღის განმავლობაში თეთრად ან ცისფრად ანათებს, საღამოს კი წითელ და ვარდისფერ ფერს იღებს, რაც დღის მენიუდან ღამის მენიუზე გადასვლას ნიშნავს. ბარი მთლიანად ბრჭყვიალა მასალითაა დაფარული, რასაც დიზაინში ორიგინალური შტრიხები შეაქვს, სივრცეს კი ვიზუალურად ზრდის.

ბარის თაროების კონსტრუქცია ხარაჩოს  პრინციპით არის აწყობილი და შუშის თაროებითაა დაფარული. ცენტრალურ ნაწილში ელექტრონული მენიუა განთავსებული, რომელიც დღის განმავლობაში იცვლება. დიზაინერებს უნდოდათ, სამზარეულო ნაწილობრივ მაინც გამოჩენილიყო. მოძრავი ფანჯრის საშუალებით სამუშაო პროცესის დანახვაც შესაძლებელია. თვალშისაცემია სველ წერტილში განთავსებული სარკეც, რომელიც ობიექტზე მომუშავე გუნდმა ფიზიკისა და ოპტიკის კანონების გამოყენებით დაამზადა და უსასრულო სარკის ეფექტი მიიღო. განახლებული ფასადს ნალესი მოშორდა და ძველი აგურით დამუშავდა. ფასადის ორივე მხარეს ლოგოს ყუთები და მცენარეები ჩამოიკიდა და გარე დასაჯდომები დამონტაჟდა. შეიცვალა კიბის კონსტრუქციაც.

ინტერიერში ძირითადად გამოყენებულია მეტალი, ნეონი, სარკეები. ფერებიც ძველი კედლების დეტალებიდან შეირჩა — აგურისფერი თარო, ცისფერი კარნიზი, მწვანე ფარდა და ბორდოსფერი სკამები მრავალფეროვან და საინტერესო იერსახეს ქმნის.

პროექტის ავტორებისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოს ბაზარზე არსებული მასალის მცირე არჩევანი აღმოჩნდა. მათი თქმით, ურთულესი იყო დასაჯდომებისა და მაგიდების დამზადება, ცვლადფერიანი განათებების აწყობა, თუმცა, იმდენად უნდოდათ, სურვილი რეალობად ექციათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი შეძლეს.

„Material Editors“-ის გუნდის წევრებისთვის პროექტის თითოეული დეტალი უნიკალურია, რადგან ყველაფერი მათი დიზაინით დამზადდა — ავეჯი, განათება, ბარი, მენიუ, ლოგო, სარკეები. მათი აზრით, ინტერიერი არ მისდევს ერთ სტილს, უფრო ეკლექტურია. ესაა ადგილი, რომელიც სხვაში არასოდეს შეგეშლებათ, თუ ერთხელ მაინც ნახავთ მას.

პროექტის ავტორები: მარიამ გვაზავა, ანა გრიგოლია

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Material Ediitors

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: Ani Gabashvili & Material Editors

რემონტის შეცდომები — კატია აბსანძის გამოცდილება

როგორ გამოვიყენოთ ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფერი სახლში?