in

როგორ შევქმნათ ეკლექტური დიზაინი სივრცეში — 5 ძირითადი პრინციპი

ეკლექტური დიზაინი განსხვავებული სტილის, მასალის, ფერისა და ელემენტის ჰარმონიულ შერწყმას გულისხმობს, რის შედეგადაც ერთიანი, ორიგინალური და საინტერესო ინტერიერი მიიღება.

 

ეკლექტურ დიზაინს საფუძველი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. ინდუსტრიალიზაციისა და გლობალიზაციის გაჩენამ ახალი იდეების, მასალების დანერგვა და კულტურათა ურთიერთდაკავშირება გამოიწვია. ეს ყოველივე არქიტექტურასა და დიზაინშიც აისახა და მკაცრი, დადგენილი ნორმების რღვევით გამოიხატა.  ამგვარად, ეკლექტურმა სტილმა გააერთიანა სხვადასხვა ეპოქის, დიზაინის, კულტურის ელემენტები და უნიკალური, სახასიათო და ინდივიდუალური ესთეტიკა განსაზღვრა.

დღესდღეობით, თანამედროვე ინტერიერში ეკლექტური სტილი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ის მაცხოვრებელს გამორჩეულ სივრცეს სთავაზობს და საკუთარი პიროვნების გამოხატვაში ეხმარება. თუმცა ეკლექტური ინტერიერის შექმნა დიდ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს, რათა სივრცემ ბალანსი და ჰარმონია შეინარჩუნოს და ზედმეტად არ გადაიტვირთოს. დღევანდელ სტატიაში იმ ძირითად პრინციპებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც ეკლექტური გარემოს მოწყობაში დაგეხმარებათ:

ნეიტრალური ფონი და აქცენტირებული ელემენტები  

ეკლექტურ დიზაინში მნიშვნელოვანია, ბალანსის შესანარჩუნებლად თითოეული დეტალი საგულდაგულოდ შეირჩეს. ამისათვის დიზაინერები გვირჩევენ,  კედლებზე ნეიტრალური ფონი და ღია ტონალობები გამოვიყენოთ, ხოლო ფერადი აქცენტები ავეჯის, ტექსტილისა და დეკორაციის სახით შემოვიტანოთ. მარტივი, სადა კედლები მეტ თავისუფლებას და მრავალფეროვანი დეტალების განთავსების შესაძლებლობას მოგვცემს და სივრცეში სიმსუბუქის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ხოლო ფერადი ავეჯისა და დეკორის ხაზგასმა ინტერიერს ინდივიდუალურ ხასიათს და სასიამოვნო განწყობას მიანიჭებს.

დივანი: red-edition

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

სტილთა სინთეზი 

ეკლექტურ დიზაინში მნიშვნელოვანია განსხვავებულ სტილთა  სინთეზი და მათი ორგანული შერწყმა ისე, რომ ინტერიერმა ერთიანი სახე მიღოს. ამისათვის უმჯობესია, სხვადასხვა სტილის ავეჯი, განათება, დეკორაცია და ტექსტილი გამოიყენოთ. მაგალითად, კლასიკური სტილის სანათებს შესაძლებელია შეუხამოთ თანამედროვე ავეჯი და აქსესუარები. ან ინტერიერი მინიმალისტური, სკანდინავიური და ნეოკლასიკური შტრიხების შერწყმით მოაწყოთ. ასევე, ეკლექტურ დიზაინში ხშირად გამოიყენება ვინტაჟური ელემენტები, რომლებიც სიძველის განცდას ტოვებს და სივრცის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

სკამი: MIDJ

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

კონტრასტი და მასალათა მრავალფეროვნება

კონტრასტული ელემენტებით და სხვადასხვა ფაქტურის მასალის გამოყენებით, ეკლექტურ დიზაინს მრავალფეროვანი და საინტერესო სახე ეძლევა. ერთმანეთთან სწორად და გემოვნებიანად შეხამებული განსხვავებული ტონალობები სივრცეს ახალისებს და მას ინდივიდუალურ ხასიათს მატებს, ხოლო სხვადასხვა ტექსტურა მის ორიგინალურ დიზაინს უსვამს ხაზს. მაგალითად, კარგი იქნება მრავალფეროვანი ფაქტურის — ხალიჩის, ჭილოფის აქსესუარების, ხის, მეტალის ელემენტების განთავსება, რათა ეკლექტიკა არა მხოლოდ ფერებსა და ნივთის დიზაინში, არამედ მასალების სახითაც გამოიხატოს.

მაგიდა: Hkliving

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

კედლის დეკორაცია 

ეკლექტურ დიზაინში ყურადღება მახვილდება კედლის დეკორაციაზეც, რომელიც ნეიტრალურ ფონს აცოცხლებს და ინტერიერს კიდევ უფრო სახასიათო ელფერს სძენს. დიზაინერები გვირჩევენ, არ მოვერიდოთ სხვადასხვა სტილის ნახატების, პოსტერებისა თუ კედლის დეკორის გამოყენებას თითოეულ ფუნქციურ ზონაში, ეს იქნება სამზარეულო, სველი წერტილი, საძინებელი თუ მისაღები ოთახი, რათა კიდევ უფრო ორიგინალური და პერსონალური გავხადოთ სივრცე.

პოსტერი: Hkliving

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ზომიერების დაცვა

მიუხედავად იმისა, რომ ეკლექტური სტილი თავისუფლებასთან და მრავალფეროვნებასთან ასოცირდება, სრულყოფილი დიზაინის მისაღებად მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. დიზაინერები გვირჩევენ, ორი, სამი, მაქსიმუმ ოთხი სხვადასხვა სტილი შევარჩიოთ, ერთ სივრცეში კი ბევრი განსხვავებული დიზაინ ობიექტები არ განვათავსოთ, რათა ბალანსი შევინარჩუნოთ და ქაოსური და მძიმე ინტერიერი არ მივიღოთ.

სანათი: Bloomingville

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

6 ნათელი და საინტერესო ფერი საძინებლის დიზაინისთვის

ინტერიერი მკვეთრი აქცენტებით – რამდენიმე საინტერესო პროექტი საქართველოდან