in

ეკლექტური ინტერიერი ბარსელონაში

ბარსელონას შუაგულში მდებარე ბინა უნიკალური ელემენტებით, ფერადი დეტალებითა და ესპანური სტილისთვის დამახასიათებელი შტრიხებით გამოირჩევა. ეკლექტურ ინტერიერში ერთმანეთს საინტერესოდ ეხამება თანამედროვე და კლასიკური დეტალები და ერთიან, განსხვავებულ და სახასიათო სივრცეს ქმნის.

ბინა ნათელი და მყუდროა, დიდი ვიტრაჟების დამსახურებით მზის სხივები სახლს სინათლით ავსებს. მთავარ ფონურ ფერად თეთრია შერჩეული, რათა ჭრელი იატაკი და ფერადი ავეჯი დააბალანსოს. ჭერი კლასიკური სტილისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმებით არის გაფორმებული და დეკორის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. იატაკზე კი ესპანური სტილისთვის ნაცნობი, მცირე ზომის, ფერადი, ორნამენტებიანი ფილებია დაგებული. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ზონაში განსხვავებული ვიზუალის ფილებია გამოყენებული, ისინი ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და მთლიანობის განცდას არ არღვევს.

მისაღები და სასადილო ერთ ოთახში ერთიანდება. მოსასვენებელ სივრცეში მაღალბეწვიანი ხალიჩა, თანამედროვე დიზაინის რბილი თეთრი ტახტი, სავარძელი და ხისა და ქვის ფაქტურის მცირე ზომის მაგიდა დგას. სივრცეში გვხვდება ესპანური დიზაინისთვის დამახასიათებელი მეტალის ელემენტები, რომლებიც სანათებსა და აქსესუარებზეა გამოყენებული.

სასადილო ნაწილში განთავსებულია მეტალისა და მარმარილოს მასალისგან დამზადებული მრგვალი მაგიდა და რბილი, ყავისფერი სკამები, რაც იატაკს ორგანულად ეხამება.

აღსანიშნავია შემინული აივანიც, სადაც მცირე ზომის დასასვენებელი კუთხეა მოწყობილი, რომელიც ბარსელონას ქუჩებს გადაჰყურებს.

ყურადღებას იპყრობს ხის მოჩუქურთმებული თაღები, საიდანაც სამზარეულოსა და ბარის ოთახში გავდივართ. სამზარეულო სადა და მინიმალისტურია. მთავარი აქცენტი მის ფერზე — ნაცრისფერ ტონალობაზე კეთდება, ზედა ნაწილში კი კარადების ნაცვლად მხოლოდ ერთი ღია თაროა განთავსებული, რაც ამ ოთახს ამსუბუქებს.

საძინებელში ფერადი, ორნამენტებიანი ფილის იატაკი და მოჩუქურთმებული ჭერი მეორდება, სივრცე კი ღია ყავისფერი საწოლითა და ხის ავეჯით არის გაფორმებული. მოძრავი კარით საძინებელი ვიტრაჟებიან სააბაზანო ოთახთან ერთიანდება, რომელიც ცისფერი მცირე ფორმატის ფილებით არის მოპირკეთებული.

გამორჩეული ადგილია ბინის მეორე სველი წერტილიც, რომელშიც ნახატებიანი კედლის ქაღალდი თეთრ ფილებთან სინთეზით მიმზიდველ სახეს ქმნის.

ეკლექტური დიზაინის ბინა ბარსელონაში უნიკალური დეტალებით გამოირჩევა. ინტერიერში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ესპანური, კლასიკური და თანამედროვე ესთეტიკის დეტალები და ერთიან, სახასიათო და ორიგინალურ სივრცეს ქმნის, რომელიც მნახველის ყურადღებას პირველივე დანახვისას იპყრობს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

21 სექტემბერს AT Architect-ის ორგანიზებით დიზაინ ინსტიტუტში განათების დღე გაიმართება

SHARE Georgia-ს 2024 წლის ფორუმის კიდევ ერთი მომხსენებელი არქიტექტორი Sanjay Puri იქნება