ფრანგ არქიტექტორ ჩარლზ ზანას ეკლექტური სტილის შექმნის გამორჩეული ნიჭი აქვს, რომელიც სეზონურ ტენდენციებსა და პოპულარულ სტილებს ტოლს არ უდებს. ეს პარიზული რეზიდენციაც ამის ნათელი მაგალითია.
სენ-ჟერ-მენის შუაგულში მდებარე ამ მე-18 საუკუნის სახლის ბინაში შესრულებული დიზაინი ბალანსის უზადო შეგრძნებისა და სივრცის ოსტატურად მოწესრიგების დემონსტრირებაა. განახლებული ინტერიერი სახლის ორ სართულს და სხვენს იკავებს. აქ ტრადიციული და თანამედროვე ელემენტები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.
ინტერიერში შენობის ისტორიული წარსული თანამედროვეობის ნაკვთებშია მოქცეული.ზედმიწევნით შერჩეული დეკორატიული ნივთების კოლექცია და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მთელს სახლშია მიმობნეული, დიზაინერის დამსახურებით მშვიდობიანად თანაარსებობს. ზანას დიზაინში არქიტექტურის, ხელოვნებისა და დიზაინის ერთმანეთთან აკომპანირება ბინას ნათლად გამოხატულ იერს სძენს.
აქ ყველა სივრცეს თავისი განუმეორებელი ხასიათი აქვს: არტ-დეკოთი შთაგონებულ შემოსასვლელს, პირველ სართულზე მოწესრიგებულად განლაგებულ თავისუფალ სივრცეებსა და ხვეულ კიბეს, რომელიც მათ მეორე სართულის პრივატულ ზონებთან აკავშირებს.
პირველ სართულზე რესტავრირებული პარკეტი, აგურის მოშიშვლებული წყობა და ლითონის დაძველებული ორტესებრი ძელები თითქოს სახლის არქიტექტურის შიგთავსში გვახედებს. ლანდშაფტის დიზაინერი ლუი ბენეშემის მიერ სახლის განახლებულ მწვანე შიდა ეზოს კი სახლის ნათელ და ჰაეროვან სივრცეში სიმშვიდე შემოაქვს.
მისაღების ბუხარი მისი ფართო დიზაინისა და ბრინჯაოს მოპირკეთების წყალობით, დრამატულ განწყობას ქმნის, ხოლო ცალკე მდგომი თაროები მისაღებს სამზარეულოსგან ჰყოფს და ამავე დროს სივრცეს არ ამძიმებს.
„ძუნწად“ გაწყობილი საცხოვრებელი სივრცეები ეკლექტიკისა და მე-20 საუკუნის გაერთიანების პარადიგმას წარმოადგენს. აქაა ეერო საარინენის მაგიდა, 1970 წლის იტალიური სტუდია „Alchimia“-ს მიერ შექმნილი ძველებური ავეჯი, რომელიც თანამედროვესთან მეზობლობს (მათგან ზოგიერთი ზანას დამზადებულია). დივანი „Alexandra“, მწვანე ხავერდით გადაკრული ტახტი, ვინტაჟური ნივთები, გრაფიტის სკამი, ფერმერულ სტილში შესრულებული სასადილო მაგიდა, მაიკლ ანასტასიადისის ჭაღი შადრევანი – „Fontana Amorosa“.
ბინაში ყველგან ხელოვნების ნიმუშია: მეორე სართულზე, მთავარ საძინებელში ლორან გრასსოს ნახატი. გაპრიალებული სპილენძის დეტალის სახით, ეფექტური აქცენტი საძინებლის მწვანე კედლების ფონზე.
იგივე ოთახში მოდერნისტული ლითონის თაროები ხის საწერ მაგიდასთან, ბეწვიან დივანთან და შეკვეთით დამზადებულ ხის ტიხართან მშვიდობიანად თანაარსებობს. უკანასკნელი „Calacatta Verde“-ს მარმარილოთი მოპირკეთებულ აბაზანას ფარავს.
ტიხარი, რომელიც ვერტიკალური ძელაკებისგან შედგება, ორ სივრცეს ყოფს. ის 1930-იანი წლების გავლენიანი დიზაინერის – ჟან მიშელ ფრანკოს მიერ იყო შთაგონებული. ეს კიდევ ერთი ბრწყინვალედ შესრულებული ინტერიერია, სადაც ზანას ეკლექტური და დეტალებზე ორიენტირებული გემოვნება ჩანს.