in

როგორ შევქმნათ ეკლექტური სტილის ინტერიერი – თამარ უმანკოშვილის გიდი

ინტერიერზე მუშაობისას, პირველ რიგში, სივრცის სწორად და ოპტიმალურად გადანაწილება უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ეს ნაწილი უკვე მოგვარებული გაქვთ, მაშინ თამამად შეგიძლიათ სტილის შერჩევაზე იფიქროთ. ამ მხრივ მრავალი ვარიანტი არსებობს, თუმცა დღეს ჩვენ ეკლექტურ დიზაინზე ვისაუბრებთ. ამ თემაზე დეტალურად დიზაინერი თამარ უმანკოშვილი გვიამბობს:

“ეკლექტიზმი სხვადასხვა სტილის სინთეზს გულისხმობს. ეს არის განსხვავებული ფორმებისა და ფერების ერთობლიობა. ინტერიერის ამ სტილში მოწყობა არც ისე მარტივი საქმეა. თუმცა, არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, რაც ეკლექტური ტიპის ინტერიერის მოწყობაში დაგეხმარებათ:

ავტორი: თამარ უმანკოშვილი

რჩევა #1 – ყურადღება მიაქციეთ სივრცის ბუნებრივ განათებას. იქ, სადაც ნაკლებად გაქვთ ბუნებრივი ნათება, არ გამოიყენოთ ძალიან მუქი ტონები. განათება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენს ინტერიერში.

რჩევა #2 – დამატებითი განათების შემოტანისას სწორად შეარჩიეთ ნათურის ფერი. გირჩევთ, გამოიყენოთ ნეიტრალური ნათება.

რჩევა #3 – თუ გადაწყვეტთ კედლების თეთრ ტონებში დამუშავებას, ეს უფრო გაგიადვილებთ სხვადასხვა სტილის ავეჯისა თუ დეკორის ერთმანეთთან შეხამებას. ასე თქვენ შეძლებთ, თქვენს ინტერიერში აქცენტი გააკეთოთ არა კედლის ტექსტურით ან ფერადი ტონებით, არამედ ელემენტებით, რომლებიც ძალიან შეგიყვარდებათ.

ავტორი: თამარ უმანკოშვილი

რჩევა #4 – რაც შეეხება ავეჯს, მისი შერჩევა საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. ერთია, რა მოგვწონს და მეორე – ამ ნივთების მოძიება არსებულ ბაზარზე. ამიტომ როგორც კი რემონტს დაიწყებთ, პარალელურად აუცილებლად ადევნეთ თვალი შოურუმებში არსებულ პროდუქციას.

რჩევა #5 – სამზარეულო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყვარელი სივრცეა სახლში. ეს არის ადგილი, სადაც საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ. სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში ფერებისა და მასალის გარდა, ყველაზე მეტად გასათვალისწინებელია ფუნქციურობა. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ბუნებრივი ხე და ქვა, ასევე ხელოვნური მასალებიც.

რჩევა #6 – მისაღები და მოსასვენებელი სივრცე – აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ კედლის ტექსტურული დეკორი და მოლდინგები. ამ სტილს ძალიან უხდება სხვადასხვა მასალის გამოყენება, იქნება ეს ბუნებრივი ქვა, ხე, ხავერდი, ხალიჩები, ტყავი თუ ლითონები.

ავტორი: თამარ უმანკოშვილი

რჩევა #7 – გამოყავით კედელი გალერეისთვის. ეს იქნება ადგილი, სადაც შეძლებთ თამამად გამოფინოთ თქვენი ნებისმიერი საყვარელი მხატვრის ნამუშევრები.

რჩევა #8 – ნაკლებად გამოიყენეთ დიდი ზომის სარკეები, განსაკუთრებით მისაღებ სივრცეში.

რჩევა #9 – საძინებელ ოთახში შეგიძლიათ დამატებითი კონტრასტული ფერები შეიტანოთ. საინტერესო იქნება ხავერდის გამოყენება. ასევე კარგი იდეაა ლითონის ან ხის მასალისგან დამზადებული საწოლი და კლასიკური სტილის ტუმბოები.

ავტორი: თამარ უმანკოშვილი

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ეკლექტური სტილი იდეალურად წარმოაჩენს თქვენს ინდივიდუალიზმს. ამას გარდა, ის არ არის მარტივად მოსაბეზრებელი, რაც მუდმივ ცვლილებებზე ფიქრს აგარიდებთ თავიდან. სწორედ ამიტომ, იყავით თამამი, მიუდექით პროექტს შემოქმედებითი და ფუნქციონალური კუთხით და აუცილებლად შექმნით თქვენი ოცნების ინტერიერს.”

სახლი, როგორც პირამიდები – Architects EAT-ის ნამუშევარი ავსტრალიაში

სამშვილიანი დედის მიერ შექმნილი საბავშვო ოთახის ინტერიერი თბილისურ ბინაში