in

ემანუელ გარგანო – Compassi d’Oro-ს ჯილდოს მფლობელი დიზაინერი იტალიიდან

ემანუელ გარგანო არის იტალიელი მხატვარი, არქიტექტორი და დიზაინერი, რომელიც დაიბადა ასიზში, იტალიაში. მას საკუთარი სახელოსნო აქვს მშობლიურ ქალაქში, ხოლო სტუდია – ლონდონში. გარგანო ლონდონში 2001 წელს, Istituto Superiore delle Arti e dell’Industria-ს დამთავრების შემდეგ გადავიდა და თანამშრომლობა დაიწყო ცნობილ მხატვრებთან და არქიტექტორებთან, მათ შორის, კლაუდიო სილვესტრინთან. ემანუელის ნამუშევრები აერთიანებს სიცარიელისა და სივრცის ცნებებს. შემოქმედი იყენებს საკუთარ კვლევებს იმისთვის, რომ თითოეული ესკიზი უნიკალურ ნიმუშად გარდაქმნას.

თუ ლონდონის ოფისი თავისთავად დიზაინის სტუდიაა, ასიზსში გარგანოს ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო აქვს, სადაც იბადება და ვითარდება მისი იდეები. დიზაინერი განსაკუთრებით მოხიბლულია განათებითა და ბუნებით, რომელიც თავდაპირველად გამოიხატა სანათების მრავალფეროვანი კოლექციის შექმნით. თითოეული სანათი შთაგონებულია ასიზის ბუნებითა და კულტურით. კედლის, იატაკის, მაგიდის, ჭერის და გარე სანათები გამოიყენება არა მხოლოდ ხელოვნური განათების შესაქმნელად, არამედ ჩრდილების შერბილებისა და სასიამოვნოდ დაბალანსებისთვისაც.

2016 წელს დიზაინერმა Compasso d’Oro-ს ჯილდო დაიმსახურა, რადგან ჯამპიერო კასტანიოლისთან და მარკო ფაგიოლისთან ერთად შექმნა Treemme Rubinetterie-ს ონკანების კოლექცია, რომელიც შედგება მხოლოდ 5მმ სისქის ელემენტებისგან. ონკანების შესაქმნელად გამოყენებულ იქნა თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა მიღებულიყო ინოვაციური ესთეტიკა და ავანგარდული იერი ეკო-მდგრადობასა და წყლის დაზოგვის პრინციპის გათვალისწინებით.

გარგანოს იგივე ჯილდო კიდევ ერთხელ 2018 წელს ხვდა წილად, როდესაც მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი VIRA-ს კედლის სანათი შექმნა, რომელიც შეიძლება ოთახის ნებისმიერ კუთხეში განთავსდეს. ამ დიზაინ ობიექტმა, მისი კონცეფციიდან და გარეგნობიდან გამომდინარე, მიიღო საპატიო ჯილდო –  Compasso d’Oro 2018-ზე.

დიზაინერი ჩართული გახლდათ ავეჯის სამყაროშიც და მუშაობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Emu და Amura. ამ უკანასკნელისთვის მან შექმნა დივანი სახელწოდებით “PANO”. ეს არის დივნის ინტერპრეტაცია, რომელიც შექმნილია მისაღები ოთახის გასალამაზებლად და გამორჩეულია მისი გარეგნობითა და მახასიათებლებით.

Emu-ს უახლეს პროექტებს შორის არის Cannolè, რომელიც შექმნილია ანტონ კრისტელთან თანამშრომლობით. მოდულარული დივნების ეს სისტემა შთაგონებულია ნაქსოვი ტანსაცმლის დიზაინით.

აღსანიშნავია, რომო უკვე ნახსენები Compassi d’Oro-ს გარდა, გარგანო სხვა უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა: the International Design Award, the Good Design Award, the Chicago Athenaeum, the Red Dot Design Award, the Best Communication Award, Design Plus, the German Design Award და the ADA Archiproducts Design Awards.

Parquet Gallery — ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებული მრავალფეროვანი პარკეტის კომპანია ქართულ ბაზარზე

რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შევარჩიოთ საჭირო სიმძლავრის კონდიციონერი?