Empire state building-ი მანჰეტენზე განთავსებული ცათამბჯენია, რომელიც 1931 წელს აშენდა და მაშინვე ერთ-ერთ საკულტო არქიტექტურულ ნიმუშად იქცა. მისი მშენებლობა დიდი დეპრესიის პირველ წლებში დაიწყო და უზარმაზარ მატერიალურ რესურსს მოითხოვდა. შენობა გამიზნული იყო არა კომერციული ინტერესებისთვის, არამედ ის უნდა ქცეულიყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდი დეპრესიის თავიდან არიდების ერთ-ერთ გზად. მთლიანობაში, ცათამბჯენის ფართობი 2248355 კვადრატული ფუტია, რაც აქ კომერციული სივრცეების დიდი რაოდენობით გაქირავების შესაძლებლობას იძლეოდა.
XX საუკუნის დასაწყისში მანჰეტენის სწრაფი და უკონტროლო განვითარება სერიოზული შეშფოთების საგანი იყო. 1915 წელს შექმნილი Equitable Life Building-ი გახდა ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება დაემართოს ნიუ-იორკს, თუ შენობის სიმაღლე და ფორმა არ იქნება დარეგულირებული. შიშმა, რომ მანჰეტენის ქუჩები სამუდამოდ მოწყდებოდა მზის სხივებს ცათამბჯენების გამო, ხელი შეუწყო 1916 წლის რეგულაციის მიღებას, ეს იყო დოკუმენტი, რომელიც არქიტექტორებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებდა სიმაღლესთან დაკავშირებით.
ამ დროს, როგორც წესი, ცათამბჯენები ორიდან ერთი მიზეზით იქმნებოდა – მათში ათავსებდნენ ან კომპანიების სათავო ოფისს, ან აერთიანებდნენ სხვადასხვა კომპანიების ოფისებს, მაგრამ Empire State Building-ს ჰქონდა განსხვავებული სქემა, რომელიც ნიუ-იორკის ყოფილმა გუბერნატორმა, ალფრედ სმიტმა თავისი ფინანსური პარტნიორის, ჯონ რასობის დახმარებით შეიმუშავა. 1929 წლის საფონდო კრახამდე ერთი თვით ადრე, სმიტმა და რასობმა ერთად მოიწვიეს ქალაქის ფინანსისტები, რათა განეხილათ მოსალოდნელი კატასტროფის გადაწყვეტის გზები. რასობის თქმით, უპრეცედენტო სიმაღლის საოფისე კოშკი შთაგონების წყარო გახდებოდა ამერიკელი ხალხისთვის და ხელს შეუწყობდა ეკონომიკის სტაბილიზაციას. შეხვედრის დასასრულს მათ მოახერხეს საკმარისი თანხის შეგროვება სასტუმროს ძველი შენობის შესაძენად, რომლის ადგილასაც მოგვიანებით Empire State Building-ი აშენდა.
1929 წელს მშენებლობის დაწყებიდან, შენობის გახსნამდე მხოლოდ ოცი თვე გახდა საჭირო. ამ ოცი თვის განმავლობაში 3500 მუშა დასაქმდა. ცათამბჯენი იმდენად დიდი სისწრაფით აშენდა, რომ დღემდე შთამბეჭდავია დღევანდელი სტანდარტების გათვალისწინებითაც კი. 1930-იან წლებში კი მსგავსი სისწრაფე და ხარისხი გაუგონარი იყო.
Empire State Building-ის მატერიალური ხარჯები ისეთივე მაღალი იყო, როგორც მუშებისთვის გადასახდელი თანხები. საძირკველში მოთავსდა 210 სვეტი, რომლებზეც მოგვიანებით 365,000 ტონა ცათამბჯენი დაშენდა. შენობის მოსაპირკეთებლად ფოლადის 50000 ცალკეული სვეტი გახდა საჭირო, ფასადი კი მინით, აგურითა და კირქვით შესრულდა. საბოლოო ჯამში, პროექტის სიმაღლემ 380 მეტრს მიაღწია და მისი მშენებლობა დაახლოებით $5 მილიონი დაჯდა.
პროექტის მიზანი იყო, რომ აქ განთავსებულიყო მაქსიმალურად დიდი რაოდენობით საოფისე სივრცეები. მიუხედავად შთამბეჭდავი დიზაინისა, ცათამბჯენის სიმაღლე ხალხში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. გარდა ამისა, მასშტაბების გამო, თითოეულ სართულზე მხოლოდ ოფისების მოწყობა შეუძლებელი ჩანდა, რის გამოც არქიტექტორმა უილიამ ლამბმა შეძლო და ცალკეული სივრცეები ლიფტების, საწყობებისა და მსგავსი ზონებისთვისაც გამოყო.
მიუხედავად მისი არტ დეკო სტილისა, შენობა გარეგნულად უფრო მკაცრად გამოიყურება, ვიდრე იმდროინდელი ცათამბჯენები. Empire State Buildin-ი საოცრად დაუმორჩილებელია, თუმცა ამგვარი დიზაინით არქიტექტორებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ პროექტი გამოხატავდა ქვეყნის ცვალებად ეკონომიკას დიდ დეპრესიამდე და მის შემდეგ.
მიუხედავად დიდი მიზნებისა, სმიტმა და რასობმა პირველ წლებში შენობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი გააქირავეს, რის გამოც მას მალე „ცარიელი სახელმწიფო შენობა“ დაერქვა. შეიძლება ითქვას, რომ Empire State Building-ი ვერ გაექცა დიდი დეპრესიის შედეგად შექმნილ რეალობას. თუმცა, მოგვიანებით ის „მსოფლიოს მერვე საოცრებად“ გამოცხადდა და მისი გავლენა ნიუ-იორკსა და ცათამბჯენების კონცეფციაზე დღემდე ძალიან დიდია.
არქიტექტურული სტუდია: Shreve, Lamb and Harmon
ფოტოები: Wikimedia user robertpaulyoung (licensed under CC BY-SA 2.0), Wikimedia user David Corby (licensed under CC BY-SA 3.0), Wikimedia user Smithfl (licensed under CC BY-SA 3.0)
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”