in

როგორ გვეხმარება ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხარჯების შემცირებაში?

ენერგორესურსების რაციონალურ და მიზანმიმართულ გამოყენებას ენერგოეფექტურობა ეწოდება. რაც უფრო ნაკლები ენერგია იხარჯება შედეგის მისაღწევად, მით უფრო მაღალია ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი.

დღეისათვის დადგენილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეფექტურობის 7 დონე: A, B, C, D, E, F, G. A მიუთითებს მაქსიმალურ ენერგოეფექტურობაზე, ხოლო G — მინიმალურზე. ენერგოეფექტურობის დონეებს აღნიშნავენ სხვადასხვა ფერითაც —მწვანიდან (A) მუქ წითლამდე (G). ამასთან ერთად, არსებობს პლუსნიშნიანი (+) ტექნიკაც, რომელიც ყველაზე ენერგოეფექტურად მიიჩნევა.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ტელევიზორისა და სარეცხი მანქანის ენერგომოხმარების დონეები არ უნდა შევადაროთ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ აღმნიშვნელი ასოები საერთოა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის კონკრეტული ჯგუფისთვის ეს მაჩვენებელი სხვადასხვა კრიტერიუმით გამოითვლება.

  1. მაცივრები და საყინულეები

მაცივარი, როგორც წესი, მუდამ ჩართულია, ამიტომ ის ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს. სადღეღამისო მუშაობის შემთხვევაში, ენერგიის მოხმარების დონით მას ტელევიზორი და გამათბობელიც კი ჩამოუვარდება.

მაცივრის ენერგოეფექტურობა შემდეგი პარამეტრების მიხედვით გამოითვლება: გამაგრილებელი და საყინულე კამერების მოცულობა, 1-2 კომპრესორის არსებობა, მინიმალური ტემპერატურა კამერებში და დამატებითი ფუნქციები. ამ მაჩვენებლების გარეშე ძნელია იმის დადგენა, რამდენ ვატს მოიხმარს მაცივარი.

სასურველია, მაცივრის შერჩევისას ყურადღება მიაქციოთ მისი ენერგომოხმარების მაჩვენებელს. გაითვალისწინეთ, რომ A+++ კლასის მოდელები ყველაზე ენერგოეფექტურად მიიჩნევა.

  1. სარეცხი მანქანები

სარეცხი მანქანების ენერგომოხმარების დონე 1 კგ. ტანსაცმლის მიხედვით გამოითვლება. ზუსტი შედეგის მისაღებად მითითებული რიცხვი გასარეცხი ნივთების წონაზე უნდა გაამრავლოთ.

კარგი იქნება, თუ ეკონომიურ, A-ნიშნიან სარეცხ მანქანას შეიძენთ. დღეს წამყვანი მწარმოებლები A +++ ნიშნიან არაერთ ისეთ მოდელს გვთავაზობენ, რომლებსაც 15 კგ-მდე ტევადობა და ჰორიზონტალური და ვერტიკალური დატვირთვა აქვს. ასეთი ტექნიკა ყველაზე ეკონომიურად ითვლება.

პლუსების რაოდენობა შეიძლება სხვადასხვა იყოს: ერთი (+), ორი (++) ან სამი (+++). რაც მეტია პლუსი, მოდელი მით უფრო ენერგოეფექტურია. გაითვალისწინეთ: დოლურის ტევადობის 80%-ის გამოყენების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მოხმარებას შეამცირებთ.

  1. ჭურჭლის სარეცხი მანქანები

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეფექტურობა იმ ნივთების რაოდენობით გამოითვლება, რომელთა გარეცხვაც მოწყობილობას ერთ ჯერზე შეუძლია. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეფექტურობის დონე ერთ ჯერზე 12 ნივთის რეცხვისას დახარჯული კვტ/სთ-ებით განისაზღვრება.

  1. ელექტროქურა

განსხვავებული ელექტროქურები სხვადასხვა რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს, ამიტომაც, კონკრეტული მოდელის შერჩევისას არა მხოლოდ ფუნქციებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს, არამედ ელექტროენერგიის მოხმარების დონესაც უნდა დააკვირდეთ. ყველაზე ენერგოეფექტური ინდუქციური გაზქურებია, რომლებიც, ამავე დროს, ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება.

  1. კონდიციონერი

კონდიციონერის მოდელების ენერგოეფექტურობის ქვედა ზღვარი D დონეა. მოწყობილობები, რომლებიც D, E, F, G ასოებითაა აღნიშნული, წარმოებიდან ამოღებულია.

  1. ელექტროგამათბობელი

ელექტროგამათბობელი გარეგნულად ცენტრალური გათბობის რადიატორს ჰგავს. მის შიგნით ზეთზე მომუშავე სპეციალური გამაცხელებელი ელემენტია, რომელიც ნელა თბება და ასევე ნელა გრილდება. ამ თვისების გამო, ოთახის გათბობა მოწყობილობას გამორთვის შემდეგაც კი, დიდი ხნის განმავლობაში, შეუძლია. სწორედ ამიტომ, ამ ტიპის გამათბობელი ყველაზე ენერგოეფექტურად მიიჩნევა.

რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რეზიდენცია Villa LOHA მარაქეშში – E-H Atelier d’Architectures-ის ნამუშევარი

არქიტექტურა, როგორც ცხოვრებისეული სიყვარული – ინტერვიუ ანა ბიბილაშვილთან