in

როგორ გავზარდოთ ენერგოეფექტურობა არსებულ საცხოვრებლებში კაპიტალური რემონტის გარეშე?

ენერგოეფექტური გარემოს უზრუნველყოფა საცხოვრებელ სახლში ძირითადად მშენებლობის ეტაპზე და რემონტის დროს მიმდინარეობს, რადგან ჭერის, კედლებისა და იატაკის მოპირკეთება ამ პერიოდში ხდება. თუმცა, სხვადასხვა მიდგომების გამოყენებით ენერგოეფექტურობის გაზრდა და კომფორტული სივრცის შექმნა უკვე აშენებულ საცხოვრებლებშიც, შესაძლებელია, რაც პირდაპირ აისახება მაცხოვრებლების კომუნალურ ხარჯებსა და ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხზე.

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ძირითად საშუალებებსა და ხერხებზე, რომელთა დახმარებითაც უკვე არსებულ ბინასა თუ სახლში ენერგიის მოხმარებას და გარემოზე ზიანს მინიმუმამდე შეამცირებთ და კომუნალურ გადასახადებს დაზოგავთ.

საიზოლაციო საშუალებები

ენერგოეფექტური გარემოს შექმნაში ერთ-ერთ მთავარ როლს სწორი საიზოლაციო სისტემები ასრულებს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ რემონტის გარეშე, მინიმალური დანახარჯით გსურთ ენერგოეფექტურობის გაზრდა, საუკეთესო საშუალება იატაკის ფენაზე თბილი ტექსტილისა და ხალიჩების მოთავსებაა, რაც სითბოს გადინებას და იატაკიდან ცივი ჰაერის შემოსვლას მაქსიმალურად შეამცირებს. ასევე, ჭერთან მიმართებაში, თუ სხვენზე არ არის გაკეთებული იზოლაცია, ამ დროს რეკომენდებულია ზედაპირის დაფარვა ქსოვილის ან პანელების გამოყენებით, რათა სითბოს დაკარგვა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

შემინული ზედაპირები და კარ-ფანჯარა

ენერგოეფექტურობაზე დიდ გავლენას ახდენს შემინული ზედაპირებისა და კარ-ფანჯრების ხარისხიანი მასალა და სწორი მონტაჟი, რაც დაახლოებით 20% ენერგიის დაზოგვაში გვეხმარება. სპეციალისტების თანახმად, ფანჯრების შემთხვევაში, სჯობს უპირატესობა მეტალპლასტმასის ან ალუმინის მასალას მივანიჭოთ, რომელიც დაახლოებით 15%-ით ამცირებს ენერგიის ხარჯვას და თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. ხოლო ორ/სამ-შრიანი ან ე.წ. დაბალემისიური მინა ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სხივებს ამცირებს, ნაკლები ენერგიის გამტარობა აქვს და ბუნებრივი სინათლის შემოდინებას არ აფერხებს, რაც ენერგოეფექტურობას ზრდის.

ინოვაციური, ენერგოეფექტური მოწყობილობები 

თანამედროვე ჭკვიანი მოწყობილობების გამოყენება მნიშვნელოვნად ზოგავს კომუნალურ ხარჯებს და ზრდის ენერგოეფექტურობას. მაგალითად, თერმოსტატის დახმარებით შესაძლებელია გათბობის სისტემების რეგულირება და სივრცეში სასურველი ტემპერატურის უზრუნველყოფა.

ასევე, ენერგიის მოხმარების შესამცირებლად ძალიან კარგი საშუალებაა თბური ტუმბოს გამოყენება, რომელიც მაღალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება. თბური ტუმბო ეფექტურად ატარებს სითბოს ერთი ადგილიდან მეორეზე და გარემოში (მიწაში, ჰაერში, წყალსატევებში და ა.შ.) არსებულ დაბალი პოტენციალის სითბურ ენერგიას მაღალი პოტენციალის სითბოდ გარდაქმნის, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება ჰაერისა და წყლის სასურველ ტემპერატურამდე გათბობა. დანადგარი შიდა სივრცეში არსებულ ჭარბ სითბოსაც გარემოში გადატუმბავს და ჰაერის გაგრილებას უზრუნველყოფს. ამიტომ ის გათბობისა და გაგრილებისთვის იდეალური საშუალებაა. ამგვარად, სტანდარტული ქვაბისგან განსხვავებით, თბური ტუმბო ენერგიის წყაროს გარემოდან იღებს, რომელსაც გარდაქმნის და მას შენობას გადასცემს, თბური ენერგიის მისაწოდებლად კი მოწყობილობა დაახლოებით 0,2-0,35 კვტ.სთ. ელექტროენერგიას იყენებს, რაც საგრძნობლად ზოგავს კომუნალურ ხარჯებს.

ენერგოეფექტური განათება

ენერგიის მოხმარების შემცირებაში ასევე დაგეხმარებათ მაქსიმალური რაოდენობით ბუნებრივი განათების გამოყენება, რომელიც ელექტროენერგიის საჭიროებას ამცირებს და შიდა სივრცეში ბუნებრივი სითბოს მიწოდებას უზრუნველყოფს.

ენერგოეფექტურობის გასაზრდელად კარგი საშუალებაა ე.წ. LED განათებების გამოყენებაც, რომლებიც სტანდარტულ სანათებთან შედარებით, უფრო დიდ ფართობს ფარავს და დაახლოებით 50 000 საათის განმავლობაში ძლებს. ნახევარგამტარული დიოდების დამსახურებით, ის სინათლეს ნახევარგამტარ კრისტალში დენის გასვლისას მაშინვე ასხივებს, რაც ენერგიის მოხმარების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას იწვევს.

ბუნებრივი გამწვანება

ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად და ჰაერის გასაწმენდად საუკეთესო საშუალება ბუნებრივი გამწვანების შიდა სივრცეში განთავსებაა, რაც ინტერიერსაც ალამაზებს  და ჰაერის გასუფთავებაშიც გვეხმარება. რაც შეეხება გარე გამწვანებას, ის სახლში სიგრილის შენარჩუნებას განაპირობებს და კონდიციონერის გამოყენების საჭიროებას ამცირებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

5 ოქროს წესი ბინის რემონტის პროცესში – T-STUDIO-ს რეკომენდაციები

ულამაზესი მიკრო ბინა სოლოლაკში — ქეთა დონაძის ნამუშევარი