თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ენერგოეფექტური შენობების უზრუნველყოფაა. ევროპული სტანდარტების მიხედვით, აუცილებელია საცხოვრებელი სივრცე ენერგოეფექტურობის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, რათა ნაკლები ენერგიის მოხმარება, გარემოზე მინიმალური ზემოქმედება და მაცხოვრებელთა კომუნალური ხარჯების შემცირება განაპირობოს.
დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიტერიუმებს, რომელსაც ენერგოეფექტური საცხოვრებელი უნდა აკმაყოფილებდეს იმისათვის, რომ მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს და ხელი შეუწყოს მდგრადი, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო-პირობების ჩამოყალიბებას.
საიზოლაციო მასალები — ენერგოეფექტურობის მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შენობის ჭერის, კედლებისა თუ იატაკის საიზოლაციო მასალით დამუშავებას და მათ ეფექტურ დათბუნებას, რათა დიდი რაოდენობით სითბოს გადინება არ მოხდეს და ნაკლები ენერგიის მოხმარების ხარჯზე, სივრცეში სასურველი ტემპერატურა შენარჩუნდეს. თბოდანაკარგის შემცირება კი ცხადია, მაცხოვრებლების კომუნალურ ხარჯებსაც მკვეთრად ამცირებს.
კარ-ფანჯრის თბოგამტარობა — ენერგოეფექტური შენობა აუცილებლად საჭიროებს მაღალი ხარისხის კარ-ფანჯარას და ორ-სამ შრიან ან დაბალემისიურ მინებს, რომლებიც მაღალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება, ამცირებს ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სხივებს და ოთახში შემომავალ სინათლეს არ აფერხებს, რაც თბოდანაკარგისგან გვიცავს.
სავენტილაციო სისტემები — ენერგოეფექტურობის მისაღწევად გადამწყვეტ როლს ასრულებს სავენტილაციო სისტემების მაღალი ხარისხი და ეფექტური მუშაობა. მნიშვნელოვანია, საცხოვრებელ კომპლექსს ჰქონდეს ვენტილაციის ცენტრალური სისტემა და ბინებში გამოყენებული იყოს თანამედროვე, ენერგოეფექტური ე.წ. რეკუპერატორები, რომლებსაც სივრცეში არსებული ნახშირორჟანგი გარეთ გააქვს, ოთახში კი სუფთა, ტენიანი, ჯანსაღი ჰაერის შემოდინებას უზრუნველყოფს. რეკუპერატორის გამოყენება ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ხარჯებს ამცირებს და გამავალი თბილი ჰაერის ნაკადის მეშვეობით ნაწილობრივ შემომავალ ჰაერს ათბობს, რის გამოც ენერგიის მოხმარება იკლებს და კომუნალური გადასახადებიც მცირდება.
განახლებადი ენერგიის გამოყენება — მაღალი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა ის საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც განახლებადი ენერგიების გამოყენებას გვთავაზობს. მაგალითად, მზის პანელების მონტაჟი საცხოვრებელ კომპლექსში ბუნებრივ მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის და შედეგად, დენის მოხმარების შემცირებას განაპირობებს, რაც საგრძნობლად ზოგავს ხარჯებს და ჯანსაღი გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
შენობის გამწვანება — ზაფხულში კონდიციონერის მინიმალურ მოხმარებას და ზამთარში სითბოს მაქსიმალურ შენარჩუნებას ხელს უწყობს მწვანე საფარი. ამიტომ თანამედროვე კომპლექსებში გამწვანებას დიდი ყურადღება ექცევა და უპირატესობა ენიჭება ტერასების, სახურავებისა და რეკრეაციული ზონების ბუნებრივი მცენარეებით კეთილმოწყობას.
ქართულ ბაზარზე მაღალი ენერგოეფექტურობით პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“ გამოირჩევა, რომელიც ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს და ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტის წარმოადგენს. „ნამაი ვაკე“ ქართულ ბაზარზე პირველია, რომელმაც ენერგოეფექტურობის A კლასის ხარისხი მოიპოვა, რაც ენერგოეფექტურობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმის დაკმაყოფილებას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ნამაი ვაკე“, როგორც A კლასის ენერგოეფექტური შენობა, 1 კვადრატულ მეტრზე, მაქსიმუმ 100 კილოვატ-საათ ენერგიას მოიხმარს წელიწადში, როდესაც სხვა სტანდარტული კორპუსები, შესაძლოა, წელიწადში 300-400-მდე კილოვატ-საათს მოიხმარდეს. ეს მაჩვენებელი კი მაცხოვრებლების ცხოვრების სტანდარტსა და კომფორტს აუმჯობესებს, მათ ფინანსებს ზოგავს და რაც მთავარია, გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს.