ინგლისში, სურეიში მდებარე მე-19 საუკუნეში აგებული ეს მაგიური სახლი კლერ ვეროს (Claire Vero), კომპანია Aurelia Probiotic Skincare-ს დამფუძნებელს ეკუთვნის. სახლი პატარა სოფელშია განთავსებული, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში, იქ, სადაც კლერის ქმარმა, ალექსმა, მთელი ბავშვობა გაატარა და ოცნებობდა, რომ თავის შვილებსაც აქ გაეტარებინათ ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, უდარდელი წლები.
წყვილი თავის ორ ვაჟთან ერთად ამ დიდი ისტორიის მქონე სახლში 2018 წელს გადასახლდა და რენოვაცია ისე წარმართა, რომ ორიგინალი არქიტექტურული პროექტის სახე შეენარჩუნებინა. სახლის განახლებაზე კომპანია Salvesen Graham-ის ლონდონელმა ინტერიერის დიზაინერებმა მერი გრეემმა (Mary Graham) და ნიკოლ სალვესინმა (Nicole Salvesen) იზრუნეს. მათ გაანხლებული პროექტი წყვილის საქმიან, დაკავებულ ცხოვრებას მაქსიმალურად მოარგეს.
კლერისთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ინტერიერის შექმნა, რომელშიც კომფორტულად იმუშავებდა და ბიზნესს სახლიდანად წარმართავდა. აქედან გამომდინარე რამდენიმე ოთახი განცალკევებული და იზოლირებულია, დიდი სამზარეულო და სასადილო ოთახი კი – გაერთიანებული, რათა ოჯახმა ერთმანეთთან კომუნიკაცია შეძლოს. მაშინ, როცა წყვილის შვილები თავისუფალ სივრცეში თამაშობენ, ვეროს შეუძლია მყუდროდ იმუშაოს და სასტუმრო ოთახიც გამოიყენოს.
„სახლის ზედმეტად გათანამედროვება არ მსურდა. მინდოდა შემენარჩუნებინა ინგლისური 1800-იანი წლების იერსახე, თუმცა მისთვის დამემატებინა ახალი მასალა და ბევრი ხალისიანი ფერი. ჩემი მთავარი მიზანი ინტერიერისთვის მეტად სტუმართმოყვარე, მიმღები ატმოსფეროს მინიჭება იყო,“-აღნიშნავს კლერი.
ამ მიზნის მისაღწევად სახლს შეემატა სწორად შერჩეული, ხასხასა ფერები და ორნამენტები. თითოეულ ოთახს თავისი თემატიკა აქვს და ინდივიდუალური ხასიათის მქონეა. გვხვდება როგორც ანტიკური, ასევე თანამედროვე დეტალები და ხელოვნების ნიმუშები ავეჯან ერთად, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ საერთო ჯამში ერთიან კომპოზიციას ქმნის. ახლახანს წყვილს მესამე შვილი შეეძინა, სახლი კი დიდი ოჯახისთვის ზედგამოჭრილი, თბილი და კომფორტულია.
ფოტოგრაფი:Simon Brown