ეპოქსიდური, იგივე პოლიმერული იატაკი საკმაოდ პრაქტიკული და გავრცელებული იატაკის საფარია, რომელიც აქტიურად გამოიყენება როგორც სამრეწველო სფეროში, ასევე კომერციულ და საცხოვრებელ სივრცეებში. ის ანტიბაქტერიული, მედეგი და მტკიცე საფარია, რომელიც დიდ დატვირთვას უძლებს და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირველად იერსახეს, რის გამოც დიდი საიმედოობითა და მოწონებით სარგებლობს.
ეპოქსიდური იატაკი რამდენიმე მახასიათებლით გამოირჩევა:
მედეგობა — პირველი უპირატესობა, რომლითაც პოლიმერული იატაკი ხასიათდება, მისი სიმტკიცე და წყლის, ტემპერატურის, ბაქტერიების, ზეთისა და მჟავების მიმართ მედეგობაა. მასალის მდგრადობა ქიმიური ნივთიერებისა და ლაქების მიმართ დიდ უპირატესობას იძლევა კომერციულ, სამრეწველო და საწარმო ობიექტებში. ასევე, ის კარგად უძლებს ძლიერ დაწოლასა და სიმძიმეს, რის გამოც ავტოსადგომებსა და დიდი გამავლობის მქონე სივრცეებში ხშირად გამოიყენება.
გამძლეობა და ხანგრძლივი გამოყენება — მისი სიმტკიცის გამო, პოლიმერული ზედაპირები ძალიან დიდხანს ძლებს და თითქმის უცვლელად ინარჩუნებს პირველად სახეს. საშუალოდ, მისი საექსპლუატაციო ვადა 10 წელს შეადგენს, რის გამოც სხვა პროდუქტებთან შედარებით, დიდი უპირატესობით სარგებლობს. ასევე, ეპოქსიდური იატაკის დაგება თავისუფლადაა შესაძლებელი ძველი იატაკის განახლების მიზნით, რათა საფარს გაჯანსაღებული იერი და სხვადასხვა ვიზუალის ეფექტი მიანიჭონ.
კომფორტული გამოყენება — ეპოქსიდური იატაკი მოვლის სიმარტივით და კომფორტული გამოყენებით ხასიათდება. ის წყლისა და ლაქების მიმართ მედეგია, ამიტომ იატაკის მოსუფთავებაც მარტივია. მისი მოწყობა განსაკუთრებით რეკომენდებულია სამრეწველო ობიექტებზე და საწარმოო გარემოში, რადგან ბაქტერიებისა და ქიმიური ნივთიერებების შეღწევადობის რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც უსაფრთხო, მოსახერხებელი და ჯანსაღი გარემო-პირობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ეკონომიურობა — სხვა სახის ზედაპირებისგან განსხვავებით, ეპოქსიდური იატაკის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია, თან ის ზედმეტი გართულებების გარეშე, სწრაფად და მარტივად იგება, პირველადი ინვესტიციით სარგებლობა კი დიდი ხნის განმავლობაშია შესაძლებელი, რაც შემდგომ სარემონტო ხარჯებს ზოგავს და ბევრად ეკონომიურია.
ვიზუალური მრავალფეროვნება — ეპოქსიდური იატაკით შესაძლებელია როგორც გლუვი, პრიალა ზედაპირის, ასევე ფერადი ვიზუალის მიღება, რის გამოც დიზაინის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი მრავალმხრივი იერსახისა და სიმტკიცის გამო კი ხშირად გვხვდება კვების ობიექტებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, სავაჭრო და ესთეტიკის ცენტრებში, ავტოსადგომებში, სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებში.
დარგის წარმომადგენელი გვიხსნის, რომ ეპოქსიდური იატაკი ორი მეთოდით ეწყობა. პირველი მოპრიალებულ, ე.წ. „დატოპინგებულ“ ზედაპირზე იგება, რომელსაც შემდეგ სპეციალური აპარატით პოლირება უტარდება და ეპოქსიდური სამუშაოებით — ლაქით ან საღებავით მუშავდება. თუმცა ეს მეთოდი რომ სრულფასოვნად განხორციელდეს, აუცილებელია ზედაპირის იდეალური სისწორე.
მეორე ვარიანტი გულისხმობს მოჭიმულ იატაკზე თვითსწორებადი ბეტონის დასხმას. რომლის შემდეგაც ზედაპირზე სპეციალური პრაიმერი ესმევა, რომელიც ბეტონს სიმკვრივესა და სიმყარეს მატებს. მესამე ეტაპზე იატაკის ღიობების ამოვსება (ე.წ. დაშპაკვლა) მიმდინარეობს, რომელსაც პირველი პირი საღებავი ან ლაქი მოსდევს. საჭიროების შემთხვევაში, კვლავ მუშავდება ზედაპირი და საბოლოო ეტაპზე იატაკი შესაბამისი ფერის საღებავით ან ლაქით იფარება.
დარგის წარმომადგენლის თქმით, სახლებში, უმეტესად, თვითსწორებადი იატაკის გამოყენებას ამჯობინებენ, რადგან იშვიათია ბინებში იდეალურად მოსწორებული და მოპრიალებული ბეტონის არსებობა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი რესპონდენტის აზრით, თვითსწორებადი იატაკის შემთხვევაში, უმჯობესია, ლაქი არ გამოვიყენოთ და საღებავი ვიხმაროთ, მოპრიალებული ბეტონის შემთხვევაში კი უპირატესობა ლაქს მივანიჭოთ, რადგან ლაქს ფერი არ აქვს და იატაკს ბეტონის ეფექტი ეძლევა, რაც მის ვიზუალურ მიმზიდველობას განაპირობებს, თვითსწორებად იატაკზე კი არც ისე მომხიბვლელად გამოიყურება.
რაც შეეხება ღირებულებას (მონტაჟის საფასურის გათვალისწინებით), ლაქის შემთხვევაში ეპოქსიდური იატაკის ფასი, 1მ2-ის მიხედვით, საშუალოდ, 60-70 ლარს შეადგენს. საღებავის შემთხვევაში კი 110-130 (1მ2) ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ ღირებულებაში არ შედის თვითსწორებადი იატაკის ხარჯი, რომლის ფასი დაახლოებით, 1 მ2-ზე, 40 ლარია.