ეპოქსიდური იატაკის გამოყენება როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ ობიექტებში სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება. ისეთი მახასიათებლების წყალობით, როგორებიცაა — მოვლის სიმარტივე, სიმტკიცე, გამძლეობა და მიმზიდველობა, ის მრავალმხრივ და ეფექტურ პროდუქტად მიიჩნევა. დღევანდელ სტატიაში სწორედ ეპოქსიდური იატაკის უპირატესობებზე გავამახვილებთ ყურადღებას და მის ძლიერ მხარეებს განვიხილავთ.
გამძლეობა და მდგრადობა — ეპოქსიდური, იგივე პოლიმერული იატაკი ანტიბაქტერიული, მედეგი და მტკიცე საფარია, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ გაუძლოს ინტენსიურ გამოყენებას, მძიმე დატვირთვასა და ხშირ მოძრაობას, რის გამოც ავტოსადგომებსა და დიდი გამავლობის მქონე სივრცეებში ხშირად გამოიყენება.
საექსპლუატაციო ვადა — პოლიმერული ზედაპირები ძალიან დიდხანს ძლებს და თითქმის უცვლელად ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. საშუალოდ, მისი საექსპლუატაციო ვადა 10 წელს შეადგენს, რის გამოც სხვა პროდუქტებთან შედარებით, დიდი უპირატესობით სარგებლობს. ასევე, ეპოქსიდური იატაკის დაგება თავისუფლადაა შესაძლებელი ძველი იატაკის განახლების მიზნით, რათა საფარს გაჯანსაღებული იერი და სხვადასხვა ვიზუალური ეფექტი მიანიჭონ.
წყალგაუმტარობა — პოლიმერული საფარი ეფექტურ წყალგაუმტარ ზედაპირს უზრუნველყოფს, რაც ბეტონის ქვედა ფენას იცავს ტენისა და წყლის შეღწევისგან. ამ თვისების გამო მინიმუმამდე მცირდება ობის, სოკოსა თუ ტენთან დაკავშირებული სხვა პრობლემების წარმოქმნისა და განვითარების რისკი.
ქიმიური მდგრადობა — ეპოქსიდური იატაკის კიდევ ერთი უპირატესობა მისი მდგრადობაა ქიმიური ნივთიერებებისადმი, მათ შორის ზეთების, საწვავის, მჟავებისა და სხვადასხვა გამხსნელი ნივთიერებების მიმართ. შესაბამისად, მისი მედეგობა ლაქების, ქიმიური ნაერთებისა თუ ტემპერატურის მიმართ დიდ უპირატესობას იძლევა კომერციულ და საწარმო ობიექტებში, სამრეწველო კომპანიებსა თუ ავტოფარეხებში.
მონტაჟის მრავალმხრივობა — ეპოქსიდური იატაკი ორი მეთოდით იგება. პირველი მოპრიალებულ, ე.წ. „დატოპინგებულ” ზედაპირზე ეწყობა, რომელსაც შემდეგ სპეციალური აპარატით პოლირება უტარდება და ეპოქსიდური სამუშაოებით — ლაქით ან საღებავით მუშავდება. ამ დროს მნიშვნელოვანია ზედაპირის იდეალური სისწორე, რაც ხშირად არ ხდება, ამიტომ მომხმარებლების უმეტესობა მეორე ვარიანტს იყენებს, რომელიც გულისხმობს მოჭიმულ იატაკზე თვითსწორებადი ბეტონის დასხმას. ამ დროს ზედაპირზე სპეციალური პრაიმერი ნაწილდება, რომელიც ბეტონს სიმკვრივესა და სიმყარეს მატებს. შემდეგ იატაკის ღიობების ამოვსება (ე.წ. დაშპაკვლა) ხდება, რომელსაც პირველი პირი საღებავი ან ლაქი მოსდევს. საჭიროების შემთხვევაში, კვლავ მუშავდება იატაკი. საბოლოო ეტაპზე კი საფარი შესაბამისი ფერის საღებავით ან ლაქით იფარება.
გამოყენების სიმარტივე — ეპოქსიდური იატაკი კომფორტული გამოსაყენებელი და მარტივი მოსავლელია. მისი გლუვი, ერთგვაროვანი, არაფოროვანი ზედაპირი ადვილად იწმინდება, მტვერი, ჭუჭყი, ლაქები და სითხეები მასში ვერ აღწევს, შედეგად კი დასუფთავება და საფარის მოწესრიგება ადვილად, ყოველგვარი ზედმეტი საშუალებების გარეშე მიმდინარეობს.
ეკონომიურობა — პოლიმერული იატაკი სხვა ზედაპირებისგან განსხვავებით ბევრად ხელმისაწვდომია და დიდ ეკონომიკურ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ამავდროულად, ის ზედმეტი გართულებების გარეშე, სწრაფად და მარტივად იგება, პირველადი ინვესტიციით სარგებლობა კი დიდი ხნის განმავლობაშია შესაძლებელი, რაც შემდგომ სარემონტო ხარჯებს ზოგავს და დიდ უპირატესობას იძლევა.
ესთეტიკური მრავალფეროვნება — ეპოქსიდური იატაკი გვხვდება როგორც გლუვ, ერთგვაროვან, პრიალა ზედაპირებში, ასევე ფერად ვიზუალებში, რის გამოც მისი გამოყენება საკმაოდ მრავალმხრივია. განსხვავებული იატაკის საფარი კი შესაძლებელია ერთდროულად მიუსადაგოთ საცხოვრებლებს, კვების ობიექტებს, სამედიცინო თუ ფარმაცევტულ დაწესებულებებს, სავაჭრო, ესთეტიკის ცენტრებს და სასტუმროებს.
ამგვარად, ეპოქსიდური იატაკი მრავალფეროვან და ეფექტურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ობიექტისთვის. არაერთი უპირატესობის წყალობით ის იდეალურ პირობებს ქმნის როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეებისთვის და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ მდგომარეობას.
რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი”