in

ერგონომიული სამზარეულოს შექმნისას დაშვებული 8 მთავარი შეცდომა

კარგია როცა ჩვენი სამზარეულო საუკეთესო დიზაინერულ ჟურნალებში გამოფენილ ვარიანტებს ჰგავს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ იერის გარდა, სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი მდგენელი მისი ფუნქციურობა და ერგონომიულობაა. დღევანდელი ჩვენი სტატია სწორედ სამზარეულოს ამ მახასიათებელს ეძღვნება. ქვემოთ მოყვანილია ის ძირითადი შეცდომები, რომლებიც აუცილებლად უნდა აირიდოთ თავიდან საუკეთესო შედეგის მისაღებად:

შეცდომა #1. ცუდი გეგმარება

სამზარეულოს დაგეგმვა სერიოზული საკითხია და ამაზე დაფიქრება ჯერ კიდევ რემონტის დაწყებამდეა აუცილებელი. პირველ რიგში, მისი ტიპი (კონფიგურაცია) უნდა ავირჩიოთ.

დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია შემდეგი ტიპები:

  • წრფივი კონფიგურაცია – ძირითადად პატარა სამზარეულოებისთვის გამოსადეგი, სადაც სხვა სქემის გამოყენება შეუძლებელია
  • „ Г “ ფორმა, რომელიც დაგრძელებული სივრცისთვისაა გამოსადეგი
  • „G“ ფორმა – სამი მეზობელი კედელი და ბარი;
  • „П“ ფორმა – სამუშაო ზედაპირი სამ მეზობელ კედელს ან ორ მოპირდაპირე კედელს შორის თავსდება, მათ შორის კი ბარი/მაგიდა დგება.
  • კუნძული – ძირითადი ზონა კედლის გასწვრივ, დამატებითი სამუშაო ან სასადილო ზონა კი კუნძულზე.

თავიდანვე ჩამოყალიბდით ნიჟარის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და როზეტების განთავსების ადგილებზე. გარდა ამისა, უნდა აირჩიოთ გამწოვის ტიპი და დაგეგმოთ საჰაერო მილების წყობა.

სამზარეულო ხშირად სახლის ცენტრია, ამიტომ გარნიტური განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. წინასწარ გათვალეთ მისი ყველა კარისა და უჯრის გამოღების მიმართულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მათი გამოღებისას ხარვეზები წარმოიქმნას, რაც საბოლოოდ სამზარეულოში დისკომფორტს შექმნის.

კუთხური სამზარეულოს დაპროექტებისას არ უნდა დაგვავიწყდეს კუთხური დგარის სისქე, რომელიც ჩვეულებრივ 5 სმ-ია. ამის წყალობით გარნიტურის კარები დაბრკოლების გარეშე გაიღება და დიდხანს გაძლებს.

ჩამრთველებისა და როზეტების მდებარეობის წინასწარი განსაზღვრა სამზარეულოს დამამზადებლის ამოცანას გაამარტივებს და შეცდომებს შეამცირებს.

არ დაგავიწყდეთ, რომ მაცივარი კედლიდან მინიმუმ 5 სანტიმეტრზე უნდა გამოიწიოს და ეს ავეჯის დამზადების დროს გასათვალისწინებელია.

შეცდომა #2: როზეტების არასაკმარისი რაოდენობა

ყველაზე გავრცელებული შეცდომა როზეტების არასაკმარისი რაოდენობა და სამუშაო ზედაპირის მიმართ მოუხერხებელი მდებარეობაა. როზეტების რაოდენობისა და განთავსების კონკრეტული წესი არ არსებობს, თუმცა მინიმალური რაოდენობა 2-3 ცალია. ამ დროს უმჯობესია საკუთარ მოთხოვნებზე და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რაოდენობაზე ორიენტაცია.

არ ღირს როზეტების უშუალოდ  ნიჟარის ან ქურის თავზე მოთავსება.

თანამედროვე პრობლემები თანამედროვე გადაწყვეტილებებს მოითხოვს. კუნძულიან სამზარეულოებში გამოსაწევი და „წიგნი“ როზეტები დგება, ასევე შესაძლებელია საჭირო რაოდენობის როზეტებისა და ჩამრთველების კუნძულის რომელიმე გვერდზე დამონტაჟება.

შეცდომა #3: სამუშაო ზედაპირისა და სკამების არასწორი სიმაღლე

ამ შემთხვევაში როზეტებისგან განსხვავებით, სწორედაც რომ არსებობს კონკრეტული სტანდარტები და წესები. ოპტიმალურ მანძილად სამუშაო ზედაპირიდან მოხრილ იდაყვამდე 15 სმ-ია მიჩნეულია.

სკამის სიმაღლის არჩევისას უნდა ვიხელმძღვანელოთ წესით „-30 სმ. სამუშაო ზედაპირიდან, მაგიდიდან ან ბარიდან“.

შეცდომა #4: ტექნიკის განთავსების არასწორი სიმაღლე

ასეთი შეცდომა ხშირად მიკროტალღური ღუმელის დაყენებისას გვხვდება, მნიშვნელობა არ აქვს ჩაშენებულია ის თუ არა. გავრცელებული შეცდომაა ასევე ღუმელის ძალიან ქვევით, ადამიანის ბარძაყის დონეზე დაბლა, ან ძალიან მაღლა (თვალების დონეზე ზევით) მოთავსება. ორივე შემთხვევაში ან დახრა ან ფეხის წვერებზე დგომა გვიწევს, რაც არაკომფორტულია.

ასეთი შეცდომების ასარიდებლად, მიკროტალღური ქურის შემთხვევაში, ოპტიმალურია სამუშაო ზედაპირიდან თვალების სიმაღლემდე ინტერვალი. ასეთი ვარიანტი არა მარტო მოხერხებული და პრაქტიკული, არამედ უფრო ესთეტიკურიც არის.

შეცდომა #5: ავეჯის უკან არსებული კედლების იგნორირება

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კედლების მოპირკეთება არა მარტო სამზარეულოს მონტაჟის, არამედ ნებისმიერი კორპუსიანი ავეჯის მოთავსების ადგილზეც. კორპუსიან ავეჯს სწორი ზედაპირი აქვს და უსწორმასწორო კედელთან მიდგმის ადგილი უშნოდ“ გამოჩნდება.

შეცდომა #6: ცუდი განათება

კარგად უნდა განისაზღვროს განათებული ადგილების რაოდენობა როგორც პერიმეტრზე, ასევე მთელ სამზარეულოში. აუცილებელია სამუშაო ზედაპირის კარგი განათებაც, რომელიც როგორც წესი, მასზე გადმოკიდებული კარადების ძირებზე მონტაჟდება. თუ ეს მომენტი არ იქნა გათვალისწინებული, სამუშაო ადგილს დაჩრდილავთ და ეს არაკომფორტულია.

შეცდომა #7: “სამუშაო სამკუთხედის” არ არსებობა

ეცადეთ ძირითადი ზონები (მაცივარი, ნიჟარა და ქურა) ერთმანეთს ძალიან არ დააშოროთ.

სტანდარტის მიხედვით, ამ სამკუთხედის გვერდების ჯამი 6,5 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

რეკომენდებულია ერთ ზონაში გაერთიანდეს მაცივარი და მშრალი პროდუქტების შესანახი, ნიჟარა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ქურა და ღუმელი. რა თქმა უნდა, ასეთი წესები ყველა სამზარეულოში ვერ იმოქმედებს, თუმცა ისინი სამზარეულოს ერგონომიულობის გაზრდაში დაგეხმარებათ.

შეცდომა #8: არაპრაქტიკული ფასადები და სამუშაო ზედაპირი

სამუშაო მაგიდაზე და ფასადებზე თითების ანაბეჭდები ან სხვა რაიმე ცხიმიანი ლაქები არ უნდა ჩანდეს. ასეთი უსიამოვნებების ასარიდებლად ფაქტურიანი ფასადები და ზედაპირებია რეკომენდებული, მაგალითად ხე ან ქვა.

პრიალა ზედაპირები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. უმჯობესია ღია ფერის მასალების არჩევა, რადგან მათზე ლაქები ნაკლებად ჩანს. შავი ზედაპირები ლამაზად გამოიყურება, თუმცა მოვლის კუთხით საკმაოდ შრომატევადი და არაპრაქტიკულია.

როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა მიწისძვრის დროს სახლში ვიმყოფებით

ჯგუფ „The Cardigans“-ის ვოკალისტის ახალი ბინა მალმოში