პალო ალტოში მდებარე ამ აიკლერის[1] განახლებაზე არქიტექტორმა და მხატვარმა გუსტავ კარლსონმა იმუშავა. მან სახლი მესაკუთრეთა ხედვას მოარგო და, ამავდროულად, პატივი მიაგო საცხოვრებლის ისტორიასაც.
არქიტექტორ ფრენკ ლოიდ რაიტის ნამუშევრების თაყვანისმცემელმა, არქიტექტორმა ჯოზეფ აიკლერმა, თანამედროვე არქიტექტურის დიზაინის პრინციპები და ღირებულებები საშუალო კლასის ამერიკელების ცხოვრებაში შემოიტანა. 1949-დან 1966 წლამდე მისმა კომპანია „Eichler Homes“-მა ჩრდილოეთ კალიფორნიაში დაახლოებით 11000 თანამედროვე, ერთოჯახიანი რეზიდენცია ააშენა. სან-ფრანცისკოს ნახევარკუნძულის გასწვრივ მდებარე ქალაქი პალო ალტო აშშ-ში ასეთი სახლების ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა.
გუსტავ კარლსონის ნამუშევარი უნიკალურია. იგი 1971 წელს, ჯოზეფის მეგობარი არქიტექტორის – ჯონ ს. ლინდის დაკვეთით, პალო ალტოს ბორცვებზე აშენდა.
ჯონ ს. ლინდის აიკლერი ამჟამად წყვილს ეკუთვნის, რომელსაც 4 ქალიშვილი ჰყავს. მათი კოლექცია 90-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშისგან შედგება, რომელთა უმეტესობის ავტორებიც დამწყები ქალი მხატვრები არიან. სახლის განახლებაზე მუშაობის დროს გუსტავ კარლსონმა, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი განვითარების გათვალისწინებით, მისი სტრუქტურა თანამედროვე ცხოვრების წესს მოარგო, ამავდროულად კი, თავდაპირველი იერსახეც შეინარჩუნა.
გუსტავს აშშ-ის აღმოსავლეთსა და კალიფორნიაში ათეულობით კერძო სახლზე უმუშავია. ამბობს, რომ ეს სახლი შესანიშნავად წარმოაჩენს სიტყვა „ოპტიმიზმს“. მისი აზრით, ეს ჰაეროვანი, ნათელი სტრუქტურა გადმოგვცემს მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქის დაპირებას უკეთესი ცხოვრების შესახებ, ასევე – ჯოზეფ აიკლერის ოჯახურ ფილოსოფიასა და თანამედროვე დიზაინის უნარს, გააუმჯობესოს ადამიანთა ცხოვრების ხარისხი.
[1] კოლექტიური სახელწოდება გამორჩეული ერთოჯახიანი რეზიდენციებისთვის, რომლებიც XX საუკუნეში უძრავი ქონების დეველოპერმა, ჯოზეფ აიკლერმა ააშენა.
არქიტექტურული ფირმა: Gustave Carlson Design
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”