in

Es Pou – მარია კასტელო მარტინეზის პროექტი ესპანეთში

Alliance Group
Alliance Group

არქიტექტურული სტუდია მარია კასტელო მარტინეზის (Marià Castelló Martínez) ეს პროექტი ესპანეთში, ფორმენტერაში მდებარეობს და მას “Es Pou de Can Marianet Barber” ეწოდება. პროექტის სრული ფართობი 94 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის ფუნქციას ასრულებს.

სახლი საინტერესო, უნიკალურ ტერიტორიაზეა აგებული და თავადაც გამორჩეული, ხანგრძლივი ისტორია აქვს – შენობა რამდენჯერმეა განახლებული და გაფართოებული. ადრე ეს პატარა საცხოვრებელი იყო, რომლის თავდაპირველი სახიდან დღემდეა შემორჩენილი ას წელზე ძველი ქვის კედლები. ეს ტერიტორია ნაყოფიერი ნიადაგით გამოირჩევა, სადაც აქტიურად მოჰყავთ მოსავალი. სახლი ნაკვეთის დასავლეთ მხარესაა აგებული, რამდენიმე პარალელური ნაწილისგან შედგება და მას დაისის მზისგან აქვე აგებული მასიური მცენარეების საფარი იცავს.

საცხოვრებელი სამ ნაწილადაა დაყოფილი – ეს გადაწყვეტილება არქიტექტორებმა ლანდშაფტისა და კლიმატის დეტალური შესწავლის საფუძველზე მიიღეს. სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გაჭიმული სახლის პირველ ნაწილში ტერასაა განთავსებული, მეორე ნაწილი სოციალიზაციისთვის, სტუმრების მისაღებად და ოჯახის შეკრების ადგილად გამოიყენება, მესამე ნაწილში კი ორი საძინებელი ოთახია განლაგებული. ამ ნაწილებს შორის თვალსაჩინოდ გვხვდება გადამკვეთი ხაზები, რომლებიც ერთმანეთისგან ფიზიკურად დაშორებული ნაწილების ინტერიერს უზრუნველყოფს ვენტილაციით და სინათლით და ასევე მათ დამაკავშირებელ დეტალად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სახლის წინ განთავსებულია წყლის რეზერვუარი, რომელიც პროექტს ენერგოეფექტურს ხდის.

ტერასიდან მოსჩანს ხორბლისა და შვრიის მინდვრები, რომელთა რბილი, თბილი ფერები იდილიურად ერწყმის ნუშისა და ლეღვის ხეების მწვანე სილუეტებს. ბუნების ნათელი ფერები ერწყმის სახლის ჰარმონიულ ინტერიერს, რომელშიც გვხვდება კერამიკა და ხე – ორი მასალა, რომლებიც მუდამ ტრენდულია. შენობაში გამოყენებულ მალიორკის კერამიკასა და ტერაკოტას ფილებში კი აისახება ესპანეთის  მზიანი ბუნების სრული ესთეტიკა. ამასთან ერთად, პროექტზე დაკვირვებისას მარტივად ვხვდებით არქიტექტორების ჩანაფიქრს – ყველა მასალა ესადაგება ერთმანეთს, დაწყებული კენჭებით მოკირწყლული ბილიკებით, დამთავრებული სახურავებისა და ფასადის მოპირკეთებით.

ექსტერიერსა და ინტერიერის შედარებით ნესტიან ადგილებში არქიტექტორების გადაწყვეტილებით ინტეგრირებულია ბუნების ელემენტები, მცენარეები და მწვანე ფერის ფილები, რომლებიც ამ მცენარეებს ეხამება .

აღსანიშნავია სახლის განათებაც – მატერიალური ჰარმონია, რომლებიც ფერების, მასალების, ექსტერიერისა და ინტერიერის შეხამებითაა მიღებული, სწორედ ნათურებით და ლამფებითაა დაგვირგვინებული. ინსტალაციები გვხვდება ისეთ უნიკალურ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, მთავარი საძინებელი ოთახის საწოლის თავის ფიცარი. ხელით დამზადებული სანათები, რომლებიც სწორედ მარია კასტელო მარტინეზის სტუდიის ხელწერითაა შესრულებული, პროექტს დაუვიწყარს ხდის.

რაც შეეხება ინტერიერში განთავსებულ ავეჯს, ის ძირითადად დაკვეთითაა დამზადებული და შთაგონებულია ხმელთაშუა ზღვისპირეთის ტრადიციული ხელოვნებით. სახლში გვხვდება ტორეს კლავეს (Torres Clavé ) 1934 წელს შექმნილი სავარძელი, მარია კასტელოსა და ლორენა რუზაფას (Lorena Ruzafa) მიერ შექმნილი სასადილო და ყავის მაგიდები და ა.შ.

ფოტოები:  Marià Castelló

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

„ბინა 96“ – მარიტა ბოქოლიშვილის ინტერიერი დიდუბეში

რემონტის შეცდომები – ნანიკო ჯორბენაძის გამოცდილება