in

ქართული თანამედროვე ავეჯი წარსულიდან – Etagere Factory

Etagere Factory – ასე ჰქვია ჟურნალისტ ვიკა ბუკიას მიერ შექმნილ ბრენდს, რომელიც სადა, დახვეწილ და გარემოს “დამათბობელ” პროდუქციას აერთიანებს. ესაა ავეჯი, რომელიც თან ნოსტალგიურია, თან – რაღაც ახალი, არაფრისმსგავსი და ძალიან დიდი იდენტობის მქონე.

Etagere Factory ორ მიმართულებას აერთიანებს – ახალ და “ახალივით” ავეჯს. პირველი მიმართულება, თავის მხრივ, მასიური ხისგან დამზადებულ სრულიად ახალ ავეჯს მოიცავს, მეორე კი – უკვე არსებული, ძველი ავეჯის სრულიად გარდაქმნილ ვარიანტებს.

უფრო დეტალურად ახლადშექმნილი ბრენდის შესახებ ვიკა ბუკიას გავესაუბრეთ:

– პროფესიით ჟურნალისტი ხართ და ყველა ასე გიცნობთ კიდეც – საიდან გაგიჩნდათ ინტერესი, შეგექმნათ სრულიად ახალი, ავეჯის მწარმოებელი ბრენდი?

ხშირად რაღაცისადმი სიღრმისეული ინტერესი მაშინ ჩნდება, როცა შენ გჭირდება ეს რაღაც. ჩემი ამბავიც ასე, ბანალურად დაიწყო: გავარემონტე სახლი და როცა ცარიელ კედლებში აღმოვჩნდი, დავიწყე ფიქრი, თუ როგორი ავეჯი უნდა ყოფილიყო იქ. თუმცა, მაინც ზუსტად ვიცოდი რას ვეძებდი – ვეძებდი ნოსტალგიურ, შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ, რეტრო ავეჯს თანამედროვე შტრიხებით. როგორც წესია, წავედი ავეჯის მაღაზიებში, თუმცა, ჩემთვის სასურველი დიდად ვერაფერი ვნახე. რაც მე მომწონდა იმას მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში ვნახულობდი – თუმცა, ისინი ძალიან შორს იყო საქართველოდან და თან მათი შეძენის საშუალებას ჩემი ბიუჯეტიც არ მაძლევდა.

მივიღე გადაწყვეტილება, დამეწყო დურგლების ძებნა. პირდაპირ ვიტყვი, რომ მათთან მუშაობის პირველი სამი მცდელობა იყო წარუმატებელი. მივხვდი, რომ ძალიან ძნელია, სხვამ ზუსტად ის გააკეთოს, რაც შენ გინდა. თანაც, როცა დურგლებს ვეუბნებოდი, რა მსურდა, ყველა მპასუხობდა, რომ გასაკეთებლად ძალიან მარტივი იყო ეს ავეჯი. თუმცა, საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ ჩემ მიერ წარმოსახული ავეჯი ყველა ჯერზე აცდა მათ მიერ დამზადებულს. რეალურად, ამ ავეჯის გამოწვევაც ესაა – თითქოს პრიმიტიულია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მსუბუქი და დახვეწილი უნდა იყოს, არაფერი ზედმეტი არ უნდა ჰქონდეს.

გამოვიდა ისე, რომ ამდენი მცდელობის მერე, ყველანაირი გამოცდილება მივიღე. ამ პროცესში საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სამომავლოდ შეიძლებოდა მსგავსი ტიპის ავეჯის დამზადება ბიზნესად მექცია. თუმცა, მაინც, საბოლოო ჯამში, მცდელობა, მეპოვა სათანადო დურგლები, წარმატებით დასრულდა და ვიპოვე ზუსტად ის ხალხი, ვინც მჭირდებოდა. “ჩავიგდე ეს ხალხი ხელში” და დღეს უკვე მათ ვაძლევ სრულ თავისუფლებას და ისინიც ზუსტად ისე აკეთებენ ჩემს შეკვეთას, როგორც მე მაქვს წარმოდგენილი.

– თუმცა, ახალი ავეჯის დამზადებით ეს ყველაფერი არ დასრულებულა, ხომ?

დიახ, ამ ყველაფრის პარალელურად, ჩემს ყურადღებას იქცევდა საბჭოთა პერიოდის ავეჯი. თუმცა, არ მომწონდა ფერი, ფაქტურა, ლაქი და ა.შ არ მომწონდა ისიც, რომ ძალიან ბანალურად ჰგავს ერთი პოლონური კარადა მეორეს და ძალიან გაცვეთილია უკვე. გადავწყვიტე, დამეწყო რესტავრატორების ძებნა, რათა მსგავსი ავეჯი ჩემი გემოვნებით გარდამექმნა. თუმცა, მოხდა ისე, რომ ამ საკითხში რესტავრატორები არაფერს ისეთს არ მთავაზობდნენ. ისინი მპირდებოდნენ ავეჯის განახლებას, თუმცა, მე კიდევ უფრო სხვა რამ მსურდა. შედეგად, დავიწყე ამ პერიოდის შესწავლა. აღმოვაჩინე, რომ ამ პერიოდის ავეჯი (მაგრამ არა საბჭოეთში) საკმაოდ საინტერესო ორნამენტებით და დეტალებით ხასიათდება; საბოლოო ჯამში, ბევრი ექსპერიმენტის შედეგად, ნელ-ნელა მოვახერხე, შემექმნა ის, რაც ჩაფიქრებული მქონდა.

– და მაინც, კონკრეტულად რას აერთიანებს Etagere Factory?

დღესდღეობით Etagere Factory აერთიანებს ორ მიმართულებას – ახალ ავეჯს და “ახალივით” ავეჯს. ახალივით ავეჯი გულისხმობს არა რესტავრირებულ, არამედ რენოვირებულ ავეჯს. მომხმარებლებს წარმოდგენაც არ აქვთ, რისგან იქმნება ჩვენი მოდელები. ჩვენ სრულიად ახალ სიცოცხლეს ვაძლევთ ძველ, ბანალურ ავეჯს. სრულიად ვუცვლით იერსახეს და თანამედროვე ავეჯად გარდავქმნით.

– რა ქმნის ამ ავეჯის იდენტობას და რით განსხვავდება ის ქართულ ბაზარზე არსებული ავეჯისგან?

ეს არის თანამედროვე ავეჯი წარსულიდან. ის უკვე არის ჩვენი ყოფის ნაწილი, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ახალია. ამ ავეჯის ხიბლია ისიც, რომ ის არის ძალიან მსუბუქი. ამ სიმსუბუქეს ქმნის არამხოლოდ შესრულება, არამედ: ფერი, ზედაპირი, ჟალუზი უჯრები, ჭილოფის ზედაპირები, მაღალი ფეხები და, რაც მთავარია, მისი ტონი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ავეჯი იმდენად უნივერსალურია, რომ ნებისმიერი ტიპის ინტერიერს უხდება. მაგალითად, პროვანსი შეიძლება ბევრნაირ ინტერიერს არ უხდებოდეს, რადგან ის ძალიან მკაფიოა. აი, ამ ტიპის ავეჯი კი თან დიდ ყურადღებას იქცევს, მაგრამ მისი არსებობა სივრცეში ნამდვილად არ გაწუხებს.

– და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ძალიან მინდა, მქონდეს ჩემი შოურუმი და სახელოსნო თბილისთან ახლოს, სადაც მომხმარებლებს ვუმასპინძლებ და ადგილობრივ ქალებს ჩავრთავ ამ საქმიანობაში. ჩემი მიზანია, კონკურენცია გავუწიო იმპორტირებულ ავეჯს, რათა მომხმარებელმა იყიდოს ქართული, უფრო ნაკლებად ფასად, ვიდრე უცხოური გამოიწეროს. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ პირველი ნამუშევრები 2 დღეში გაიყიდა, რაც ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის.

ასევე, ჩემი ოცნებაა, გავაკეთო ავეჯი, რომელიც არასდროს დაძველდება, არამედ რაც მეტი დრო გავა, მით უფრო მეტი ფასი მიეცემა. ამას თუ მივაღწევ, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

ასევე, ვგეგმავ რაღაც ისეთს, რასაც ახლა ვერ გავამხელ. თუმცა, მაინც, ვაპირებ ჩემ მიერ არჩეულ ხაზს გავყვე და განვაგრძო ხის ავეჯის კეთება.

XVI საუკუნეში აშენებული სახლის რეკონსტრუქცია – Germano de Castro Pinheiro Arquitectos-ს ნამუშევარი

მზის პანელები და მათი გამოყენება საცხოვრებელ სახლებში – ნამაის სტანდარტი