2024 წლის აპრილში კომპანია ევროპაბეთმა სივრცის გაზრდის, მეტად კომფორტული გარემოს შექმნისა და ინტერიერის განახლების მიზნით, ძველი ოფისი შეცვალა და ახალ ადგილას, მზიურის გვერდით, ახალაშენებულ მზიურის ბიზნეს ცენტრში გადავიდა. ახალმა ოფისმა სრულად დააკმაყოფილა გუნდის მოთხოვნები, ინტერესები თუ სურვილები და ევროპაბეთის თანამშრომლებს ბუნების სიახლოვეს თანამედროვე, უსაფრთხო და მაღალი სტანდარტის სამუშაო სივრცე შესთავაზა.
როგორც ევროპაბეთის აღმასრულებელი დირექტორი, მაია კოპინაძე გვიამბობს, ვაკის ძველი ოფისი აღარ აკმაყოფილებდა ოფისის მიმართ დაწესებულ სტანდარტებს, უსაფრთხოების ნორმებსა და საკმარის სივრცეს, რაც მუდმივ გამოწვევებს ქმნიდა შეხვედრების ოთახის დასაჯავშნად. ასევე მოძველებული იყო შენობის ინტერიერი და განახლებას საჭიროებდა, რათა თანამშრომლებისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო და კომფორტული გარემო უზრუნველყო. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ოფისის შეცვლა.
ადგილის ძიების პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი და შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან ერთი მხრივ, საჭირო იყო Betsson Group-ისგან დასტური, რადგან ევროპაბეთი 2015 წლიდან საერთაშორისო ბრენდის – Betsson Group-ის წევრია და აუცილებელი იყო, ახალი სამუშაო სივრცე მაქსიმალურად დაახლოებოდა Betsson-ის ღირებულებებსა და სტილს. მეორე მხრივ კი, თავად ევროპაბეთის გუნდს ჰქონდა მაღალი მოთხოვნები, რომლებიც დიდ ნათელ სივრცეებს, აივნებს, საპარკინგე ზონებს, კომფორტულ გარემოს და ბუნებასთან სიახლოვეს უკავშირდებოდა.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტიურად ვეძებდით ახალ „თავშესაფარს”, თუმცა ძალიან ბევრ გამოწვევას ვაწყდებოდით ყველა ეტაპზე. ამ ფიქრსა და ძიებაში სრულიად მოულოდნელად წავაწყდით ახალ მშენებარე მზიურის ბიზნეს ცენტრს, რომლის დანახვისას გაჩნდა რაღაც „ქიმია” ჩვენს მომავალსა და ამ შესანიშნავ ნაგებობას შორის. ძიების პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა უკავშირდებოდა ბიუჯეტს და სამომავლო ხარჯებს. მეორე არანაკლებ რთული ფაქტორი იყო სასერვეროს მიგრაცია, რომელიც Betsson Group-ის კოლეგებთან ერთად უნდა დაგვეგეგმა და ისე გადაგვეტანა მეორე ადგილზე, რომ ჩვენს საქმიანობაში წყვეტა არ მომხდარიყო (თან ეს ყველაფერი ხდებოდა ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე, რაც ჩვენს ინდუსტრიაში ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა). ხოლო მესამე გამოწვევა ეხებოდა მშენებლობის სტანდარტებსა და რემონტში გამოყენებული მასალების ეკოლოგიურობას, რომელიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო შრომის დაცვის ნორმებთან, კორპორაციულ მოთხოვნებთან (როგორც ლოკაციაზე, ასევე რემონტის დიზაინზე, ფერებზე და ა.შ.). ხაზგასასმელია ისიც, რომ Betsson Group-ის ოფისებს შორის არსებობს უხილავი კონკურენცია. ჩვენ ამ საკითხებზე აქტიურად ვიმუშავეთ სათავო ოფისის წარმომადგენლებთან და მათგან კარგი უკუკავშირი მივიღეთ, რადგან დაინახეს ჩვენი მხრიდან დიდი შემართება და პროფესიონალური მიდგომა. დღეისათვის შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს ოფისი ბეთსონის ჯგუფის ყველაზე თანამედროვე და მიმზიდველი ოფისების სამეულში შედის”, — გვიყვება ევროპაბეთის ფინანსური დირექტორი გიგული ნიჟარაძე.
ევროპაბეთის გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ხელსაყრელი ადგილმდებარეობაც, ამიტომ მზიურის პარკთან სიახლოვემ განსაკუთრებული უპირატესობა შესძინა როგორც შენობას, ასევე თანამშრომლებს, რომლებსაც იდეალური შესაძლებლობა მიეცათ ბუნებაში დასვენებისა და რელაქსაციისთვის შესვენებისა თუ სამუშაო დროის განმავლობაში.
„შერჩევის კრიტერიუმებიდან უმთავრესი იყო ადგილმდებარეობა. გვსურდა, ქალაქის ცენტრში, ვაკეში ან საბურთალოზე – ცენტრალურ ქუჩებზე გვეპოვა ახალი ბიზნეს ცენტრი/საოფისე ფართი. ასევე ჯგუფის სტანდარტებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო 2,500 კვ.მ-ის იმგვარად ათვისება, რომ საოფისე სივრცე მაქსიმუმ 1 ან 2 სართულზე განთავსებულიყო, რათა თანამშრომლების გუნდურობა და ყოველდღიური კოოპერაცია არ დაგვეკარგა. მზიურის ბიზნეს ცენტრმა უმალვე დააკმაყოფილა ეს ორი ძირითადი მოთხოვნა და ამ ყველაფერთან ერთად, მზიურის პარკის ფაქტორმა გადაწონა ყველა სხვა ალტერნატივა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ჯგუფი და კომპანია აქტიურად უჭერს მხარს და ახალისებს ჯანმრთელ ცხოვრებას და ჯანსაღი ცხოვრების სტილს, ძალიან დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ რეკრეაციული ზონით თანამშრომლებისთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნას”, — აღნიშნავს გიგული ნიჟარაძე.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ინტერიერის დიზაინსაც, რომელზეც სტუდია ARRIS-მა იმუშავა. პროექტის ავტორებისა და ევროპაბეთის გუნდის მთავარი მიზანი იყო, სივრცე კომფორტული, ფერადი და მხიარული გამოსულიყო. დიზაინ-კონცეფციის შექმნის პროცესში აუცილებელი გახდა როგორც ევროპაბეთის, ასევე Betsson Group-ის ბრენდბუქისა და ფერების გათვალისწინება. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ავეჯს, განათებასა და მასალებსაც, რომლებმაც სივრცის საბოლოო იერსახე განსაზღვრა.
ARRIS-ის გუნდის თქმით, გეგმარებაში მცირედი ცვლილებების შედეგად, პროექტი ორ სართულს მოიცავს, სადაც განთავსებულია: რეცეფცია (მისაღები), დერეფანი, სამუშაო სივრცეები, შეხვედრების ოთახები, აღმასრულებელი დირექტორის კაბინეტი, მოსასვენებელი სივრცე (საიდანაც დიდ ტერასაზე გადიხარ), სამზარეულო, ყავის კუთხე და შეხვედრების (enovation) ოთახი. რეცეფციის ოთახი ორივე სართულზე გვხვდება, რომლებიც ერთმანეთისგან ფერებით განსხვავდება და ARRIS-ის დიზაინით დამზადებული სამუშაო მაგიდები ამშვენებს. გამორჩეული კუთხეა შეხვედრების კუნძული, რომელიც შემინულია და Betsson Group-ის ფერებშია წარმოდგენილი. ოფისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა შეხვედრების (enovation) ოთახიც, რომლიდანაც პანორამული ხედი იშლება და განსაკუთრებული გარემო იქმნება.
ინტერიერი თანამედროვე, მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. დიზაინ-კონცეფციიდან გამომდინარე, მოთხოვნა იყო მოდულარული ჭერისა (open cell ceiling system) და პოლიმერული იატაკის გამოყენება, რომლისთვისაც პასტელური ცისფერი ტონალობა შეირჩა. სივრცეში აქცენტების სახით გვხვდება სტაფილოსფერი და ნაცრისფერი ტონებიც, რაც გარემოს მეტ მიმზიდველობას სძენს. სიმყუდროვის შესაქმნელად კედლებზე გამოყენებულია ხის შპონი. სივრცის მთლიანობის ხაზგასასმელად კი რამდენიმე ზონაში კოლონები სარკით არის შეფუთული.
„პროექტში გამოყენებულია MDD-სა და Profim-ის საოფისე ავეჯი, რომლისთვისაც პოლონეთში ვესტუმრეთ ამ ბრენდების ავეჯის ქარხნებს და უშუალოდ ადგილზე ვნახეთ ხარისხი და დამზადების პროცესი. ასევე გამოვიყენეთ რამდენიმე სავარძელი შოურუმ „მედუზადან” და გარე ავეჯი – „ლაბორატორია ჩემი სახლიდან”. დანარჩენი ავეჯი დამზადებულია ადგილობრივად ჩვენი დიზაინის მიხედვით. რაც შეეხება განათებას, გამოყენებული გვაქვს წერტილოვანი და ხაზოვანი სანათები, ასევე „Ideal-lux”-ის დეკორატიული განათება (შოურუმ „Delight”-დან). ხოლო რბილი იატაკის ფილები და ხალიჩები „რივერსაიდში” შევარჩიეთ. საბოლოოდ, ინტერიერი გამოვიდა ძალიან კომფორტული, მყუდრო, ფუნქციური, მოსახერხებელი და ჰარმონიული. გამწვანებამ, კედლის ფერებმა, იატაკმა და ავეჯმა შემოიტანა მხიარული განწყობა, რაც დადებითად აისახა თანამშრომლებსა და მათი მუშაობის ხარისხზე”, — აღნიშნავს ARRIS-ის გუნდი ჩვენთან საუბრისას.
ახალი შენობის შერჩევისა და ინტერიერის მუშაობის პროცესში უმთავრესი იყო თანამშრომლებისთვის ჰარმონიული და შემოქმედებითი სამუშაო გარემოს მოწყობა, რომელიც ერთი მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, მეორე მხრივ კი ოფისში მყოფ ადამიანებს მაქსიმალურად სასიამოვნო, მოსახერხებელ და მშვიდ ატმოსფეროს შეუქმნიდა, რომელიც სასიკეთოდ აისახებოდა მუშაობის ხარისხზე, პროდუქტიულობის ზრდასა და დროის ეფექტურ განაწილებაზე.
„ოფისში კომფორტი იდეების თავისუფალ ნაკადს ქმნის. სწორად განაწილებული სივრცეები ხელს უწყობს თანამშრომლობას, იდეების გენერაციას და უზრუნველყოფს კრეატიული აზროვნებისთვის იდეალურ ატმოსფეროს. ასეთი გარემო შრომის პროდუქტიულობასა და ბიზნეს პროცესების ოპტიმალურ ორგანიზებაზე სასიკეთოდ აისახება. სათანადოდ აღჭურვილი სამუშაო ადგილი თანამშრომელს საშუალებას აძლევს, არ დაკარგოს დრო არაპროდუქტიულ ქმედებებზე და კონცენტრირება მთლიანად სასურველ შედეგზე მოახდინოს. მე მჯერა, რომ როდესაც ადამიანებს არ უწევთ სამსახურში ფიქრი მათი სამუშაო ოთახების გაუმჯობესებაზე, უფრო ღიად და ინოვაციურად აზროვნებენ. საერთო ჯამში, ოფისის ჯანსაღმა გარემომ შეიძლება გააუმჯობესოს საერთო სამუშაო კმაყოფილება, რაც სასარგებლოა და მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის”, — აღნიშნავს მაია კოპინაძე.
[R]