in

ეზოს შემოღობვა — რომელია ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი?

ეზოს შემოღობვა სახლის უსაფრთხოებისა და სრულყოფისთვის აუცილებელი და საჭირო ელემენტია. სწორად შერჩეული ღობე ექსტერიერის იერსახეს განსაზღვრავს და მნახველს პირველ შთაბეჭდილებას უქმნის. ამასთანავე, ხარისხიანი, მედეგი და მტკიცე ღობე სახლის დაცულობას უზრუნველყოფს და მაცხოვრებლების კონფიდენციალურობას და პირად სივრცეს იცავს. ღობე  ესაჭიროება ნებისმიერ კერძო სახლს ქალაქსა თუ აგარაკზე, თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ მასალის სწორად შერჩევა და ეზოს მოპირკეთება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ნაკვეთის ფართობი საკმაოდ დიდია და ვრცელი ტერიტორიის შემოღობვა გვიწევს. დღევანდელ სტატიაში შევეცდებით, შემოგთავაზოთ შედარებით ბიუჯეტური ვარიანტები,  რომელთა მახასიათებლებისა და ღირებულების გაცნობა თქვენთვის სასურველი მოდელის შერჩევაში დაგეხმარებათ.

ნაკვეთის შემოსაღობად ყველაზე იაფიანი მასალა ეკალ-მავთულია, რომელსაც ეზოს მოსაპირკეთებლად არ იყენებენ. ეკალ-მავთული საკმაოდ სწრაფი დასამონტაჟებელია, თვალისათვის ხილულ დამცავ ბარიერს ქმნის და უმეტესად, ტერიტორიის მოსანიშნად და ნაკვეთის ცხოველებისგან თავდასაცავად გამოიყენება. ამასთანავე, აღნიშნული მასალა სიმყარითა და მედეგობით არ გამოირჩევა და მისი დემონტაჟი საკმაოდ მარტივია. შესაბამისად, კერძო საკუთრებისა და უძრავი ქონების უსაფრთხოებისთვის არ მოიხმარება. ბაზარზე მისი ფასი 1 მეტრის გათვალისწინებით, 12 ლარიდან იწყება.

მავთულ ბადე  — შედარებით ბიუჯეტური მასალა,  რომელსაც ეზოს შემოსაღობად იყენებენ მავთულ ბადეა, რომელიც ეკალ-მავთულისგან განსხვავებით, უფრო უსაფრთხო და მყარი მოდელია. ის ხშირად გვხვდება ეზოების, კომერციული ადგილებისა თუ სპორტული სტადიონების ღობეებზე და მსგავსად პირველი ვარიანტისა, თვალისათვის ხილულს ხდის შიდა ტერიტორიას. რაც შეეხება მასალის ფასს, ქართულ ბაზარზე (მონტაჟის გათვალისწინებით) 1 მეტრის ღირებულება 24 ლარიდან იწყება.

პანელური ღობე — პანელური ღობე შედარებით ხარისხიანი, გამძლე და მედეგი მასალაა, შესაღწევად რთულ ბარიერს ქმნის, შედარებით დაბალი ხილვადობის მაჩვენებლით ხასიათდება და ცხოველებისა თუ უცხო პირებისთვის კარგ წინააღმდეგობას წარმოადგენს. ის 4 მმ.-იანი სისქის დაბეჭდილი მავთულისგან მზადდება, რომელიც თერმულად მუშავდება, იღებება და ჟანგისგან დაცული ხდება.  ამასთანავე, მოჰყვება რკინის ბოძები და სპეციალური სამაგრები. აღნიშნული პროდუქტის ფასი, განსხვავებით წინა მასალებისგან, კვადრატული მეტრობით დაიანგარიშება და 1 მ2-ის ღირებულება 45 ლარიდან იწყება.

დეკორატიული ღობე — დეკორატიული ღობე მავთულის ბადისგან კეთდება, რომელზეც პლასტმასაა დატანილი და მასზე, ღიობებს შორის დეკორატიული ბალახია ჩაწნული. განსხვავებით წინა მოდელებისგან, აღნიშნული პროდუქტი ესთეტიკურად უფრო მიმზიდველ ექსტერიერს ქმნის და ხელოვნური გამწვანებით მას საინტერესო, მომხიბვლელ იერსახეს სძენს. ამასთანავე, თვალისათვის უხილავ ბარიერს ქმნის და კონფიდენციალურობისა და დაცულობის შეგრძნებას ზრდის. ასევე, მკვეთრად ამცირებს გარედან შემოსულ ხმაურსაც. მისი ფასი კი, 1 მ2-ის გათვალისწინებით, 60-65 ლარიდან იწყება.

ხის ღობე —  ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, თუმცა შედარებით ძვირადღირებული მოდელი ხის ღობეა, რომელიც განსაკუთრებული ესთეტიკური მახასიათებლებით გამოირჩევა, ექსტერიერს მიმზიდველობას სძენს და თბილ ატმოსფეროს მატებს. ამასთანავე, საკმაოდ მოსახერხებელი მასალაა, რადგან ღობეს შესაძლებელია თქვენთვის სასურველი სიმაღლე მისცეთ და ეზო თვალისათვის უხილავი გახადოთ. ამ შემთხვევაში ფასი  (12 ) 250 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება მონტაჟის სპეციფიკას, დარგის წარმომადგენელი გვიხსნის, რომ მონტაჟამდე აუცილებელია ტერიტორიის ზუსტი საზღვრების დადგენა და წერტილების მონიშვნა, შემდეგ ტერიტორიის მოსუფთავება და არასაჭირო ნივთებისა თუ ნაგვის გატანა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება უშუალოდ ღობის ინსტალაცია.

ასევე, გასათვალისწინებელია ზედაპირის დამუშავების ფაქტორი. ეკალა-მავთულისა და მავთულიანი ბადის შემთხვევაში, შესაძლებელია მონტაჟი ორნაირად შესრულდეს ­— თავდაპირველად, სრულ ზედაპირზე ბეტონი დაისხას და ისე განთავსდეს ღობე, ან ბეტონის დასხმის გარეშე, ბეტონის ბოძებზე მოთავსდეს მასალა. ხოლო პანელური, დეკორატიული და ხის ღობის შემთხვევაში აუცილებელია ზედაპირის დაბეტონება, რადგან თითოეული  მოდელი რკინის კონსტრუქციაზე ან მილკვადრატზე იწყობა, რომელიც ყოველთვის მიწაშია ჩაბეტონებული, რათა სიმყარე შეინარჩუნოს და ჟანგისგან დაცული იყოს.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ღობის ფასი (რომელშიც მასალის ტრანსპორტირება და მონტაჟიც არის გათვალისწინებული) დამოკიდებულია ფართობის სიდიდეზე და ტერიტორიის ადგილმდებარეობაზე, ასევე რელიეფის ტიპსა და ნიადაგის სიმყარეზე. რაც უფრო დიდია ტერიტორია, ნაკლებია ფასი, ხოლო ქვიან და კლდოვან რელიეფზე ღირებულება იმატებს, რადგან მონტაჟის პროცესი რთულდება და დროში იწელება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სტუდიოს ტიპის ბინები საქართველოდან – Homeis.ge-ს 7 რჩეული პროექტი

“ფერების გასაოცარი კომბინაცია” – Raw Color სტუდიამ IKEA-თვის ახალი კოლექცია შექმნა