ავეჯის რესტავრაცია ადამიანებს ხშირად ავეჯის უბრალოდ შეკეთებაში ეშლებათ. ამ ორს შორის კი საკმაოდ დიდი სხვაობაა. რესტავრაცია ავეჯის პირვანდელი სახის დაბრუნებას გულისხმობს და ამ პროცესში აუცილებელია მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება, რაც მას ბევრად უფრო საფრთხილო საქმედ აქცევს, ვიდრე ავეჯის უბრალოდ შეკეთებაა. განსაკუთრებით ხშირად ძველი, ძვირადღირებული ავეჯი მოითხოვს რესტავრაციას, რადგან პირვანდელი იერსახე და ღირებულება არ დაკარგოს. რესტავრატორები ყურადღებას აქცევენ ყველა დეტალს – რა მასალისგან არის ავეჯი დამზადებული, რა დაზიანებები აქვს, როგორი იყო მისი პირვანდელი სახე და ასე შემდეგ. საქართველოში ასეთ მომსახურებას Factory995 გვთავაზობს. კომპანიას აღმოჩენილი აქვს დიდი რაოდენობის ძველი, ანტიკვარული ნივთები, რომლებსაც რესტავრაციას უკეთებს. ამ თემაზე უფრო დეტალურად დღეს კომპანიის დამფუძნებელი დავით ჭოჭუა გვიამბობს:
– მოგვიყევით რას საქმიანობს თქვენი სახელოსნო და მისი შექმნის ისტორია
– სახელოსნო Factory 995 ჩამოვაყალიბეთ ვინტაჟური ავეჯის სტუდიასთან ერთად – Studio 995. პრიველ რიგში, ჩვენივე შერჩეული ვინტაჟური ავეჯის კოლექციების რესტავრირებისთვის. შემდეგ ნელ-ნელა ჩამოყალიბდა სახელოსნო, სადაც შესაძლებელი გახდა სხვა ნივთების მოტანა ნებისმიერი სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად. ასევე, დავიწყეთ ახალი ავეჯის დამზადება ჩვენი დიზაინით, ან კონკრეტული რეფერენსის მიხედვით მუშაობა. ხელოსნების მოძებნა თავიდან საკმაოდ რთული იყო, მაგრამ დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ უაღრესად პროფესიონალური გუნდი გვყავს და მათ ხელობას ძალიან ვაფასებ.
– რა სპეციფიკა აქვს ავეჯის რესტავრაციას, რა პროცედურებს გადის ავეჯი რესტავრაციის დროს?
– პირველ რიგში, ხდება ვინტაჟური ან ანტიკვარული ნივთის შეფასება, კვლევა, ზუსტი პერიოდის დადგენა. ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია ავთენტურობის შენარჩუნება, ამიტომ კონკრეტული პერიოდის სტილისტურ თავისებურებებს ვითვალისწინებთ, ფერებს და მასალასაც ამის მიხედვით ვარჩევთ. თავისთავად, როდესაც დამკვეთი გვყავს, მის გემოვნებას და სურვილს ვითვალსწინებთ და ყოველთვის წინასწარ ვარკვევთ, როგორ ინტერიერში უნდა ჩაჯდეს ჩვენ მიერ რესტავრირებული ნივთი. შემდეგ მიდის უკვე პროცესი, რომელიც ტექნიკური დეტალებით არის დატვირთული და ჩვენი ხელოსნების საიდუმლოა.
– არის თუ არა საქართველოში პოპულარული ავეჯის რესტავრირება?
– ცოტა რთული კითხვაა. მთელ საქართველოზე ვერ გიპასუხებთ. ჩვენი მომხმარებელიც განსხვავდება ერთმანეთისაგან. ზოგს ძველი ნაკაწრები მოსწონს, ზოგს განახლება ურჩევნია. ზოგს მხოლოდ ტექსტილის შეცვლა სურს და არ უნდა ხის ნაწილის ხელის ხლება, ყველა შემთხვევა განსხვავებულია.
როგორ გამოითვლება ბიუჯეტი? რადგან ეს ყველაფერი ხელით შრომაა
რა თქმა უნდა, ნივთის სიძველეს აქვს მნიშვნელობა. რაც უფრო ძველია ნივთი, მით უფრო სათუთ მოპყრობას მოითხოვს და შესაბამისად, მით უფრო მეტი დრო იხარჯება მის რესტავრაციაზე. ასევე, მნიშვნელობა აქვს რა მასალა იქნა შერჩეული გადასაკრავად თუ რბილ ავეჯთან გვაქვს საქმე. მოკლედ, სირთულეს ხელოსანთან ერთად განვსაზღვრავთ და წინსასწარ ვატყობინებთ დამკვეთს ფასს.
ასევე რამდენიმე სიტყვით რომ გვითხრათ Studio995-ზე და ამ ავეჯის წარმომავლობაზე?
სტუდიოს ავეჯი ძირითადად ევროპაშია შერჩეული. კერძო კოლექციონერებიდან დაწყებული, დიდი ბაზრობებით დამთავრებული, ყველგან ვეძებ საუკეთესო ნივთებს. დასასვენებლად რომ დავდივარ (რომ დავდიოდი, უფრო სწორედ, პანდემიამდე), მაშინაც სულ გამირბოდა თვალი საინტერესო ნივთებისკენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ძირითადად პირადად ჩემი გემოვნებით და ტრენდების გათვალისწინებით შერჩეული ნივთებია აქ.