ფინ იული იყო დანიელი არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი, რომელიც ცნობილი მისი რამდენიმე ავეჯის დიზაინით გახდა. 1940-იან წლებში იული ითვლებოდა ადამიანად, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დანიური სტილი შემოიტანა.
ფინ იული 1912 წლის 30 იანვარს დაიბადა ოჯახში, სადაც მამა ტექსტილის საბითუმო მოვაჭრე იყო. ის წარმოადგენდა რამდენიმე ინგლისურ, შოტლანდიურ და შვეიცარიულ ტექსტილის მწარმოებელს დანიაში. ფინს ბავშვობიდანვე სურდა ხელოვნების ისტორიკოსი გამხდარიყო, დიდ დროს ატარებდა კუნსტსის სახელმწიფო მუზეუმში და მიუხედავად მცირე ასაკისა, ცდილობდა, ხელოვნებასთან დაკავშირებული რაც შეიძლება მეტი წიგნი წაეკითხა. მოგვიანებით ის მამამ დაარწმუნა, რომ არქიტექტურა შეესწავლა, მალევე კი ჩაირიცხა დანიის სამეფო სახვითი ხელოვნების აკადემიის არქიტექტურულ სკოლაში, სადაც 1930-1934 წლებში სწავლობდა კეი ფისკერის, თავისი დროის წამყვანი არქიტექტორისა და ცნობილი ლექტორის ხელმძღვანელობით.
სკოლის დამთავრების შემდეგ იული ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ვილჰელმ ლაურიცენის არქიტექტურულ ფირმაში. ამ დროს ის პასუხისმგებელი იყო ეროვნული მაუწყებლის Danmarks Radio-ს Radiohuset-ის ინტერიერის დიზაინზე, რომელიც იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ პროექტს წარმოადგენდა.
იულის კარიერული წინსვლა 1937 წელს უკავშირდება, როდესაც მან ნილს ვოდერთან თანამშრომლობა დაიწყო. მათი ადრეული სკამები თავდაპირველად წარმოებული იყო მცირე რაოდენობით, დაახლოებით 80-მდე მოდელი, თუმცა თითქმის ყველა მათგანი მოგვიანებით ხელახლა დამზადდა ბევრად უფრო დიდი რაოდენობით.
აღსანიშნავია, რომ იულის პროექტები საკმაოდ ხშირად ხდებოდა განხილვის საგანი. მისი ერთ-ერთი პირველი დიზაინი – Pelican Chair შეაფასეს როგორც „დამღლელი“ და „მოსაწყენი“, რადგან იმდროინდელი დიზაინერები თვლიდნენ, რომ იული არ მიჰყვებოდა თანამედროვე ტენდენციებს. თუმცა, კრიტიკის მიუხედავად, 1940-იანი წლებიდან დაიწყო მისი ნამუშევრების გადინება საზღვარგარეთ არსებულ ავეჯის სახლებში.
1942 წელს იულიმ დააპროექტა საკუთარი სახლი, რომელიც მამისგან მიღებული მემკვიდრეობით ააშენა. სახლი აერთიანებდა მის სტილსა და ხასიათს, რაც ინტერიერის დიზაინში იყო ასახული.
1945 წელს მან საკუთარი დიზაინ სტუდია დააარსა კოპენჰაგენში. პარალელურად ფინ იული გახდა გახდა Danmarks Designskole-ის მასწავლებელი, სადაც 1955 წლამდე ასწავლიდა.
1948 წელს ედგარ კაუფმანი, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სამრეწველო დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოგზაურობდა სკანდინავიაში. იგი განზრახ არ ესტუმრა დიდ სკანდინავიურ გამოფენებს, მაგრამ იულის ნამუშევრებით შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, ჟურნალ Interiors-ში ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც იულის შემოქმედებაზე ისაუბრა.
1950 წელს Baker Furniture Company-მ დიზაინერს ამერიკული ქარხნისთვის ავეჯის წარმოება სთხოვა. თავდაპირველად იული სკეპტიკურად იყო განწყობილი ამერიკული სტილის მიმართ, თუმცა პროექტს დათანხმდა და შექმნილი ავეჯი Baker Modern – ის ხაზის ქვეშ გააერთიანა.
1951–52 წლებში ფინ იულმა დააპროექტა სამეურვეო საბჭოს პალატა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში.
1950-იან წლებში მილანის ხელოვნებისა და დიზაინის გამოფენაზე ფინმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი საერთაშორისო რეპუტაცია. 1965 წლიდან იგი იყო მიწვეული პროფესორი ჩიკაგოს დიზაინის ინსტიტუტში.
ის რეგულარულად თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Georg Jensen და სკანდინავიური ავიახაზები, მისი ნამუშევარი ამ უკანასკნელისთვის მოიცავს როგორც ოფისებს, ასევე თვითმფრინავების ინტერიერებს.
იულის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ დიზაინზე უფლებები კომპანია Onecollection-ს გადასცა. Onecollection-მა შეცვალა საკუთარი ბრენდის სახელი და გახდა “House of Finn Juhl”, დღეს კი ფინ იულის მიერ შექმნილ დაახლოებით 40 დიზაინს აწარმოებს.