ანა ნიკიტინა-ქსნელაშვილი წარმოშობით ლიეტუველია, თუმცა 2006 წელს ის ლონდონში გადავიდა, სადაც 2018 წლამდე ცხოვრობდა. პირველი უმაღლესი განათლება წიგნის ხელოვნებისა და დიზაინის მიმართულებით მიიღო. ამის შემდეგ კი 2011 წელს მან საკუთარი გამომცემლობა დააარსა. ანას გამოცემული აქვს წიგნები რუსულ კინემატოგრაფიასა და ფოტოგრაფიაზე, ასევე ის კურირებდა საკუთარ წიგნებზე დაფუძნებულ გამოფენებს რუსეთსა და ევროპაში. ამას გარდა, მას გააჩნია ფილმების გადაღებისა და კინოჩვენებების მოწყობის გამოცდილება ლონდონში… ერთი სიტყვით, მანამ, სანამ ანა დიდ ბრიტანეთს დატოვებდა, მისი საქმიანობა მხოლოდ წიგნებისა და ფილმების ირგვლივ ტრიალებდა.
თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, 2018 წელს მან სრულიად დაუგეგმავად განახორციელა პირველი ინტერიერის დიზაინის პროექტი საკუთარი დის პარიზულ ბინაში.
“ეს იყო ძველებური ფრანგული ბინა ბევრი სახასიათო ელემენტით. მას გააჩნდა გასაოცარი ორნამენტები კედლებსა და ჭერზე და ასევე ულამაზესი ხის იატაკი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო რენოვაციის კუთხით და თანაც, ფრანგული თითქმის არ ვიცოდი, ამ პროცესისგან მაინც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე.”
ასე დაიწყო ანას მოგზაურობა ინტერიერის დიზაინის სამყაროში. დღეს კი ის უკვე საკუთარი დიზაინ სტუდიის, Floraformafirma-ს დამფუძნებელია და მისი პროექტები, რომლებიც სიმსუბუქითა და ჰაეროვნებით გამოირჩევა, ნებისმიერი მნახველის აღფრთოვანებას იწვევს.
ანა, გვიამბეთ საიდან იღებს სათავეს თქვენი ინტერიერის დიზაინით გატაცება.
საინტერესოა, რომ ის, რისი კეთებაც მოგვწონს ბავშვობაში ხშირად ხდება ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილი უკვე ზრდასრულ ასაკში. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა – პირველი დაინტერესება ინტერიერის დიზაინით სწორედ ჩემი ბავშვობის წლებს უკავშირდება. ეზოში, სადაც მე გავიზარდე, იყო საკმაოდ დიდი ქვით მოკირწყლული ზონა. მახსოვს, სწორედ ამ ადგილას ვატარებდი მთელ დღეებს და ცარცით ვხატავდი რეალური ზომის სახლის გეგმებს. შემდეგ წვიმის მოსვლას ველოდი, რომ კვლავ ახალი „დიზაინის“ შექმნა შემძლებოდა. ამას გარდა, თინეიჯერობის პერიოდში ხშირად ვუცვლიდი ადგილს ავეჯს ჩემს ოთახში. ჩემთვის საინტერესო იყო იმაზე დაკვირვება, თუ რა შეგრძნებებს გამოიწვევდა ჩემში იგივე ნივთების სხვადასხვა ადგილას მოთავსება ერთ სივრცეში.
2019 წელს მე და ჩემი მეუღლე საქართველოში გადმოვედით საცხოვრებლად. ამავე წელს ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი პირველი საცხოვრებელი სახლის დიზაინი და სწორედ ამ პროექტზე მუშაობისას გავაცნობიერე, რომ ინტერიერზე მუშაობა პროფესიონალურად მინდოდა.
ვისაუბროთ თქვენს დიზაინ ფილოსოფიაზე. რა არის ის მთავარი პრინციპები, რასაც პროექტზე მუშაობისას ითვალისწინებთ?
მე მქონდა ბედნიერება, აღმედგინა თბილისის რამდენიმე ისტორიული ბინა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ცხოვრობდნენ და აწყობდნენ საკუთარ სივრცეებს სხვადასხვა ადამიანები წარსულში, ხოლო შენობების ისტორიისა და მათი ფარული მხარეების აღმოჩენა ცალკე სიამოვნებაა. პროექტზე მუშაობისას ჩემი მიზანია, დეტალების მაქსიმალურად პირვანდელი სახით შენარჩუნება და სივრცის გარდაქმნა დელიკატურად ისე, რომ ის თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ახალი ელემენტებისა და ძველებური დეტალების დაპირისპირება ქმნის ერთგვარ დიალოგს სხვადასხვა ეპოქებს შორის და სივრცეს ახალ შინაარსს ანიჭებს.
სივრცის დიზაინზე მუშაობისას თითოეული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ისინი ახდენენ გავლენას მომავალი მაცხოვრებლების ყოველდღიურობაზე – როგორ მოუწევთ მათ სივრცეში გადაადგილება, რა ტიპის ტექსტურებს შეეხებიან, ფერები, რომლებსაც ყოველ დღე დაინახავენ და ნივთები, რასაც გამოიყენებენ – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი ნივთებისგან დაცლილი და კარგად ორგანიზებული სივრცე ის აუცილებელი წინაპირობაა, რაც ცხოვრების კარგ ხარისხს უზრუნველყოფს. ფუნქციური საცხოვრებლის მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა პანდემიის დაწყების შემდგომ, რადგან ადამიანებს უფრო მეტი დროის გატარება გვიწევს სახლში. ჩვენ ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვისვენებთ, ვვარჯიშობთ, გვძინავს და ვიკვებებით ერთი და იგივე სივრცეში და ვატარებთ მეტ დროს ოჯახის წევრებთან.
გარემოს დაბინძურების პრობლემები იმისკენ გვიბიძგებს, რომ კარგად გავაცნობიეროთ, თუ რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ სივრცეების მოწყობის დროს. მე ყოველთვის ვურჩევ დამკვეთებს, რომ ცოტა მეტი ინვესტიცია ჩადონ პროექტში და გამოიყენონ კარგი ხარისხის მასალები, რათა მათ დიდხანს შეინარჩუნონ პირვანდელი სახე. ამას გარდა, ჩემი რეკომენდაციაა მეტი ბუნებრივი მასალის გამოყენება ინტერიერში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი ყურადღებით შეირჩეს ინტერიერში გამოყენებული ობიექტები, რომლებიც ბევრი წლის მანძილზე უნდა ემსახუროს მფლობელებს. მიმაჩნია, რომ ცხოვრება ნაკლები, მაგრამ კარგი ხარისხის ნივთების გარემოცვაში არის ნამდვილი წინ გადადგმული ნაბიჯი.
როგორ შეაფასებთ ქართული ინტერიერის დიზაინის სფეროს? განვითარების რა ეტაპზეა ახლა ის?
საქართველოს გააჩნია ძალიან მდიდარი კულტურა და ისტორია. აქ ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, საიდანაც ცოდნისა და შთაგონების წყაროს მიღებაა შესაძლებელი. როგორც ვამჩნევ, ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ახალი ინტერიერის სტუდია ჩნდება, შესაბამისად, აშკარაა, რომ აღნიშნული სფერო ვითარდება. მე დიდი სიამოვნებით გავიცნობდი ადგილობრივ პროფესიონალებს იდეების გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.