ეს ბუნებაში ჩაფლული სახლი, რომელსაც Forja House ეწოდება, პორტუგალიურ სოფელში მდებარეობს, მდინარე დოუროს ნაპირზე. ლოკაცია ტერასებად შეფენილი, ბორცვებიანი რელიეფით გამოირჩევა. არქიტექტორებმა ამ ადგილზე ასაგები პროექტის მუშაობისას ისეთი ბაზა აარჩიეს, რომ აქ აშენებულ სახლს მზე ორივე მხარეს მისდგომოდა და ციცაბო ნიადაგსაც არ გამოეწვია პრობლემები.
არქიტექტორებმა პროექტი ტრადიციული პორტუგალიური მწყემსის ტიპის სახლების ინსპირაციით შექმნეს – ის ახლოს მდებარეობს ლოკაციაზე არსებულ სხვა სახლებთან, თუმცა ამავე დროს მასთან მისვლა უცხოსთვის საკმაოდ რთულია.
სახლის ინტერიერი გამოირჩევა მასალების სიმარტივით. მეორე, „სოციალურ“ სართულზე გვხვდება არყის ხის პანელების დეტალები და ბეტონის იატაკი, რომელიც ქმნის კონტრასტს და სახლს თანამედროვე იერს აძლევს. ერთმანეთთანაა დაკავშირებული სასტუმრო, სასადილო ოთახები და სამზარეულო, რათა სახლში მცხოვრებმა ადამიანებმა ერთმანეთთან მუდამ იკონტაქტონ და აქ სიცოცხლე ჩქეფდეს. ამასთან ერთად, სახლში არსებული დიდი ფანჯრები ბუნებასთან მუდმივ კავშირს უზრუნველყოფს.
სახლის პირველი სართული ნაწილობრივ მიწაშია ჩაფლული და ერგვარი გამოქვაბულის ლოგიკითაა დაპროექტებული. აქაურობა თავისი სიმშვიდით ძილთან ასოცირდება და სწორედ აქაა პატრონების საძინებლები განთავსებული.
ფოტოგრაფი: José Campos