in

სივრცის ფრანგული სტილით მოწყობის 5 საიდუმლო ინტერიერის დიზაინერებისგან

ფრანგული ბინების ინტერიერი დიზაინის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, საკულტო და მისაბაძი სტილია. უამრავ ჰოლივუდურ, ევროპულ ფილმში შევხვდებით კლასიკურ, დახვეწილ, ფრანგულ სახლებს. დიზაინის ეს ტიპი სოციალურ ქსელებშიც წარმოუდგენელი ცნობადობითა და აქტუალურობით სარგებლობს. ერთი შეხედვით, პარიზული აპარტამენტების ინტერიერის გადმოტანა მარტივი პროცესია და უბრალოდ მახვილ თვალსა და გემოვნებას საჭიროებს, თუმცა რეალურად ეს საკითხი ბევრად კომპლექსურია. გთავაზობთ ფრანგი ინტერიერის დიზაინერების საიდუმლოებს, რომლებიც  სივრცის ფრანგულად მოწყობაში დაგეხმარებათ.

1. დაიწყეთ მთავარი დეტალებით

ინტერიერის დიზაინერების, ლორ შორაკისა (Laure Chouraqui) და სონია ასულის (Sonia Assouly) თქმით, ჭეშმარიტად ფრანგულ ესთეტიკას რამდენიმე უმთავრესი დეტალი განსაზღვრავს. ასეთია, მაგალითად, დიდი, ძველი სარკე, რომლის განთავსება შესაძლებელია მარმარილოს ბუხრის თავზე. მათი აზრით, ფრანგული განწყობის დამკვიდრება სახლში შეიძლება ტერაკოტას ფილებითაც, რომელთაც ფრანგები „tomettes” უწოდებენ. დიზაინერ შარლოტ ფეკეტისთვის (Charlotte Féquet) ბინას ფრანგულად აქცევს მოლდინგები, ძველი საკვამური ოქროს სარკითა და მუქი ლურჯი სამზარეულო. ამასთან ერთად, თუ ისეთი დიდი გავლენისა და ავტორიტეტის მქონე დიზაინერის ავეჯს განათავსებთ ბინაში, როგორებიც არიან ლე კორბუზიე ან შარლოტ პერიანი, თქვენი ბინა აუცილებლად აღტაცებას გამოიწვევს ინტერიერის დიზაინის მოყვარულთა წრეებში.

2.თავი აარიდეთ კლიშეებს

ფრანგულ სტილთან ბევრი კლიშეა დაკავშირებული. ბევრის აზრით, თავად პარიზული ესთეტიკა  დიდი კლიშეა, ამიტომ ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ დაშტამპულ, შაბლონურ გადაწყვეტილებებს თავი ავარიდოთ. პირველ რიგში, ფრანგული სტილის გადმოსატანად ფრანგული ფილმებისა თუ მუსიკოსების პოსტერების დაკიდება ცუდი გადაწყვეტილებაა. შურაკისა და ასულის რჩევით, გამართებული გადაწყვეტილება იქნებოდა Le Creuset-ის სამზარეულოს ინვენტარი, ქვაბები თუ ტაფები, რომლებიც თქვენს სახლს აუცილებლად დაამჩნევენ ფრანგულ გავლენას.

3.არ იჩქაროთ

ფრანგები საკუთარი საცხოვრებელი სივრცეების მოწყობისას თავს არიდებენ ვიზუალური აქცენტების დასმას.  დიზაინერების თქმით, საიდუმლო ელეგანტურობასა და ბალანსშია. ასულისა და შურაკის თქმით, ამ ბალანსის პოვნა დროს მოითხოვს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ უნიკალური ინტერიერის შესაქმნელად საჭირო განათებების, ავეჯისა თუ დეკორაციების შეძენა დროს მოითხოვს, ხშირ შემთხვევაში წლებსაც კი. აქედან გამომდინარე, სახლის მოწყობისას არ იჩქაროთ, კარგად დაფიქრდით თითოეულ შენაძენზე და სივრცის შესავსებად ისეთი რამ არ იყიდოთ, რის შეძენასაც საბოლოო ჯამში ინანებთ. დაელოდეთ შთაგონებას.

4. პატივი ეცით გარშემო მყოფ შენობებს

ფრანგი დიზაინერები ფიქრობენ, რომ სტუმართმოყვარე და ამავე დროს დახვეწილი სახლის შესაქმნელად აუციებელია პატივი ვცეთ და გავითვალისწინოთ ჩვენი საცხოვრებლის გარშემო მყოფი შენობების, ქუჩების და რა თქმა უნდა, ჩვენი შენობის ისტორია და ესთეტიკა. მნიშვნელოვანია იმ სივრცის გათანამედროვება და ჩვენს გემოვნებაზე მორგება, სადაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვატარებთ, თუმცა ამ პროცესში არ უნდა შევურაცხყოთ და დავამახინჯოთ ქალაქის ის ნაწილი, სადაც ვბინადრობთ. ამის გამო, მეოთხე საიდუმლო ელეგანტური სივრცის მოსაწყობად არის ისეთი ექსტერიერის შექმნა, რომელიც ირგვლივ არსებულ გარემოს შეეხამება.

5. შეურიეთ სხვადასხვა სტილი ერთმანეთს

იდილიური ბინის შექმნისას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პირად გამოცდილებას, მოგონებებს, ხასიათს. ფრანგი დიზაინერები გვირჩევენ, რომ მოგზაურობისას ძველმანების ბაზრებში შევიძინოთ სხვადასხვა ავეჯი, აქსესუარი, რომლებიც ჩვენს საცხოვრებელს ინდივიდუალურ შტრიხს შესძენს. ერთი ფერის პალიტრის სხვადასხვა ტონის გამოყენებით, კონტრასტული მასალებით ამ მიზანს მალე მიაღწევთ.

როგორ გადავაქციოთ ერთოთახიანი ბინა ოროთახიან სრულფასოვან სივრცედ – რეალური მაგალითი

ტააპანი აარტომა – გრაფიკული დიზაინერი ფინეთიდან